2 სექტემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშებმა “ერთად საქართველოსთვის” და “ბრძოლა თავისუფლებისთვის” ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის სახელით გაავრცელა ციტატა. პოსტის მიხედვით მიტროპოლიტმა თქვა: “ეს არის მორიგი მასკარადი და აფიორა წინა საარჩევნოდ. მე, რა თქმა უნდა, ამ აზრს არ ვეთანხმები. ეს ყველაფერი კეთდება ხალხის გულის მოსაგებად და ხელისუფლება ცდინობს, ამ გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ისევ ასე მოსყიდვით და ასეთი საქმეებით აპატიებს ხალხი ამ ყველაფერს და ისევ დარჩებიან მთავრობაში.” ფეისბუქ ანგარიში პოსტის აღწერაში კი წერს: “მიკვირს მეუფე ნიკოლოზმა რო ეს განცხადება გააკეთა საპატრიარქოში უშიშრად.”
კონტექსტისა და პოსტის კომენტარების გათვალისწინებით, მიტროპოლიტის ციტატა მართლმადიდებლობის კონსტიტუციური სტატუსის ცვლილებაზე “ქართული ოცნების” ინიციატივას უკავშირდება.
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. მას მსგავსი განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია. მეუფე ნიკოლოზმა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე თქვა, რომ ის “წინასაარჩევნო შემოთავაზებაა”.
20 აგვისტოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და სამი დაპირება დაასახელა, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ შეასრულებს. იმავე განცხადებაში წერია, რომ არის კიდევ ერთი დაპირება, რასაც ჯერ არ იტყვიან, თუმცა მის შესასრულებლადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მეოთხე დაპირება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იქნება. მოსახლეობასთან შეხვედრისას “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და “საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, მისია მკაფიოდ აისახება.”
29 აგვისტოს საპატრიარქოში აღნიშნულ შეთავაზებაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა, მათ შორის, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ეკლესიის საკონსტიტუციო სტატუსის ცვლილების ინიციატივა შეაფასეს. მიტროპოლიტმა თქვა: ,,ორი აზრი არ არის, ეს ვინც არ უნდა დამალოს და ვინც არ უნდა შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა… […] ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და ავწონ-დავწონეთ, გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან, რას უნდა ნიშნავდეს ეს, ამის შესახებ უკვე იყო საუბარი, თქვენც იცით, უკვე საზოგადოებამაც იცის და ეს აზრი არ იყო მისაღები არც ჩვენთვის და შემდეგ, როდესაც ჩვენ სახელმწიფოს განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია, სახელმწიფოც დაგვეთანხმა ამაში, სახელმწიფოს რომ ვამბობ, ხელისუფლებას ვგულისხმობ, და ძალიან ნორმალურად, მშვიდად.” ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული შეთავაზება მრევლის მოსყიდვის მცდელობაა თუ არა, მიტროპოლიტმა უპასუხა: ,,მოსყიდვის არა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის რაღაც წინასაარჩევნო პროგრამა მათი და შემოთავაზება.”
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის ცვლილებაზე არჩევნების კონტექსტში ისაუბრა და თქვა, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მისი სახელით გავრცელებული ციტატისგან განსხვავებით, მიტროპოლიტს არ უთქვამს, რომ შეთავაზება წინასაარჩევნო ,,მასკარადი და აფიორაა”, ასევე არც ის უთქვამს, რომ მმართველი პარტია ასეთი მოსყიდვით აპირებს ძალაუფლებაში დარჩენას.
ყალბი ციტატები ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში. მათ შორის, სასულიერო პირების სახელით. არაერთი მათგანი “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიშები ,,ერთად საქართველოსთვის” და ,,ბრძოლა თავისუფლებისთვის” სოციალურ ქსელში იდენტურ ფოტოებს აზიარებენ. მათ პროფილებზე არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი 2018 წელს ჩამოყალიბებული ოპოზიციური ალიანსის ,,ძალა ერთობაშიას” წევრები არიან. წარსულში ორივე ანგარიშმა გაავრცელა დავით სერგეენკოს ყალბი ციტატა, რაც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.