26 თებერვალს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ახალი დირექტორი კეშ პატელი იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრის მოკვლის მიზეზს ასახელებს. კერძოდ, ატვირთულ ფოტოში ვხედავთ X ანგარიშის “Kash Patel News” პოსტს, რომელშიც წერია, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმიტომ მოკლეს, რომ ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბრძანებებს არ დაემორჩილა. მან უარი თქვა ხალხისთვის კოვიდ ვაქცინების მიღების დაძალებაზე, უკან გაგზავნა 1.6 მილიონი დოზა და მოსახლეობას მისცა “ივერმექტინი”.
X ანგარიში, რომელსაც ზაქარეიშვილი ეყრდნობა, კეშ პატელის რეალური ანგარიში არ არის. ამასთანავე, ფაქტობრივი შეცდომებია თავად მტკიცებაშიც, რადგან მოკლული პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თანამდებობიდან 2020 წლის სექტემბერში გადადგა, რა დროსაც ლიცენზირებული მხოლოდ ჩინური და რუსული ვაქცინები იყო და მათი გამოყენებაც მხოლოდ შეზღუდულად ჩინეთში ხდებოდა. ასევე მცდარია მტკიცებაც, თითქოს კოვიდ 19-თან საბრძოლველად ის მოსახლეობას “ივერმექტინს” აძლევდა.
ირაკლი ზაქარეიშვილი პოსტში წერს, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრის მკვლელობაზე ინფორმაციას FBI-ის დირექტორი, კეშ პატელი ავრცელებს. სინამდვილეში, ფოტოში ნაჩვენები და გალინკული X პოსტის ავტორი, პატელი არ არის. უცნობია ვინ მართავს აღნიშნულ ანგარიშს, მაგრამ მის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს არის კეშ პატელის ფანის ანგარიში. FBI-ის დირექტორის რეალურ X ანგარიშს Kash Patel ქვია, სადაც მსგავსი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
X ანგარიშის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაერთი ფაქტობრივი შეცდომაა. პირველ რიგში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინზო აბე, რომელიც 2022 წლის 8 ივლისს მოკლეს, თანამდებობიდან 2020 წლის სექტემბერში გადადგა. ამ პერიოდში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების საყოველთაო აცრა დაშვებული არ იყო. მეტიც, იმ მომენტისთვის მხოლოდ 2 ჩინური და 1 რუსული ვაქცინა იყო ლიცენზირებული. მათგან, 2020 წლის დეკემბრამდე, მხოლოდ ჩინეთმა დაუშვა საკუთარი ვაქცინის გამოყენება რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, რისთვისაც 15 დეკემბრისთვის 4.5 მილიონი დოზა იყო გამოყენებული. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩინეთის მთავრობამ ამ ვაქცინების საყოველთაოდ გამოყენების ბრძანება მხოლოდ წლის ბოლოს გასცა. 2020 წლის 8 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც უკვე სრულად გამოცდილი ვაქცინების საყოველთაო აცრისთვის გამოყენება დაიწყო, იაპონია კი ამ ქვეყნების რიცხვს შედარებით გვიან, 2021 წლის თებერვალში შეუერთდა. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ შინზო აბეს უარი ეთქვა იმ ვაქცინების გამოყენებაზე, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში კვლევის ეტაპზე იყო და საყოველთაო აცრისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
გავრცელებულ პოსტებში ასევე ვკითხულობთ, რომ შინზო აბემ უკან დააბრუნა კოვიდ ვაქცინების 1.6 მილიონი დოზა. აღსანიშნავია, რომ იაპონიამ მართლაც თქვა უარი მოდერნას ვაქცინის 1.6 მილიონი დოზის გამოყენებაზე, რადგან ისინი დაბინძურებული აღმოჩნდა. თუმცა, ეს შემთხვევა 2021 წელს მოხდა, როდესაც შინზო აბეს თანამდებობა აღარ ეკავა.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ X ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება არ არის ახალი. იდენტური ინფორმაცია თავდაპირველად, შინზო აბეს მკვლეობიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა, რომელიც Associated Press-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ შინზო აბეს აღნიშნულ საკითხებზე გავლენა ვერ ექნებოდა, რადგან მან თანამდებობა ვაქცინაციის დაწყებამდე დატოვა. დამატებით, სტატიაში ვკითხულობთ, რომ იაპონიას მოსახლეობისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო საშუალებად არ შეუთავაზებია “ივერმექტინი”- პარაზიტებთან საბრძოლველი პრეპარატი.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.