20 სექტემბერს სოციალურ ქსელში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-ის ჟურნალისტმა ლიზა გეგეჭკორმა, ასევე, ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდებმა “ბრძენი კრიტიკოსი“, და “პოლიტ ოლოგი” გაავრცელეს ნაწყვეტი TV პირველის ჟურნალისტის სატელევიზიო ჩართვიდან, რომელიც მსახიობისა და მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხება. “ეს არის მათთვის ტრაგედია, მეტი არაფერი”. – დაწერა გეგეჭკორმა, ხოლო ფეისბუქ-გვერდები ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტს კესარია აბრამიძის მკვლელობის ამბავზე ეცინება.
ლიზა გეგეჭკორის ციტატა ასევე გაავრცელა ონლაინ მედია Digest.ge-მ (1;2).
TV პირველის ჟურნალისტის სატელევიზიო ჩართვის მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჟურნალისტის რეაქცია კესარია აბრამიძის მკვლელობას უკავშირდება. რეალურად, სრულ ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტს წამყვანის შეცდომის შემდეგ ეცინება, რომელმაც მისი გვარი არასწორად გამოაცხადა.
მსახიობი და მოდელი, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს მოკლეს. მის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბექა ჯაიანია დაკავებული. ჯაიანს ბრალი 20 სექტემბერს წარედგინა და 16-დან 20 წლამდე ან უვადო პარიმრობა ემუქრება. სწორედ ბრალის დადგენილების გაცნობას უკავშირდებოდა ტელეკომპანია პირველის ეთერში 20 სექტემბერს 13:00 საათიან გამოშვებაში ჟურნალისტ სოფო ნიაურის ჩართვა.
სოფო ნიაურს სატელევიზიო ჩართვის დასაწყისში, როცა ამბობს, რომ ბექა ჯაიანს დუმილი არ დაურღვევია, ეცინება. სწორედ ეს მონაკვეთი გავრცელდა სოციალურ ქსელში, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ჟურნალისტი მკვლელობის გამო იცინის. რეალურად, მანამ, სანამ სოფო ნიაური საუბარს დაიწყებდა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, გუგა არჩვაძეს მისი გვარი შეეშალა (11:41 წთ). წამყვანმა თქვა:
“არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯაიანი მასთან სახლში იყო მისული. სოფო ჯაიანი… სოფო ნიაური გვიერთდება პირდაპირ ეთერში, სოფო, გისმენთ“.
სრული ვიდეოს ყურებით ირკვევა, რომ ჟურნალისტს არა კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე, არამედ კოლეგის შეცდომაზე ეცინება, რომელმაც შეცდომით ეთერში მისი გვარის ნაცვლად მკვლელობაში ბრალდებულის გვარი გამოაცხადა. “მითების დეტექტორი” სოფო ნიაურს დაუკავშირდა.
“რა თქმა უნდა, წამყვანის შეცდომაზე ვიცინი. მომხდარის წუთიდან 4 დღე ვაშუქე კესარიას მკვლელობა და მსგავსი რამ არ დამმართნია”. – გვითხრა სოფო ნიაურმა.
შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია და იმგვარად არის მოჭრილი, რომ არ ჩანს, თუ რაზე ეცინება რეალურად ჟურნალისტს, ამიტომ, ქმნის არასწორ შთაბეჭდილებას, თითქოს სოფო ნიაური მომხდარ მკვლელობაზე იცინის.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.