12 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა Teona Jikia გამოაქვეყნა თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ქალი კაც მგზავრს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ქუდის ტარების გამო ეჩხუბება. წითელი ფერის ქუდზე ინგლისურად წერია Make America Great Again (MAGA – გახადე ამერიკა კვლავ დიდებული), რაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიების სლოგანი იყო. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ MAGA-ს ქუდიანი კაცის გვერდით არ დაჯდება და მისი საჯარო სივრცეში ტარება შემაწუხებლია. პრეზიდენტის მხარდამჭერის თქმით, ტრამპი პრეზიდენტია და ქუდის მოხდას არ აპირებს. პოსტის ავტორი ვიდეოში ნაჩვენებს რეალურად მომხდარ ინციდენტად წარმოაჩენს.
ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თვითმფრინავში ქალსა და კაცს შორის ინციდენტი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი სლოგანის MAGA-ს გამოსახულებიან ქუდის გამო დაიწყო, შეცდომაში შემყვანია. სინამდვილეში, ვიდეო გასართობ ტიკ-ტოკ ანგარიშზეა გამოქვეყნებული და არხზე მსგავსი შინაარსის არაერთი ვიდეო იძებნება. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში მონაწილე პირები ტიკ-ტოკ ანგარიშის სხვა ვიდეოებშიც გვხვდებიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს ტიკ-ტოკ ანგარიშის სახელი – Jamieandblake. იდენტური ვიდეო ანგარიშზე 12 მაისს გამოქვეყნდა. Jamie and Blake აღწერაში მიუთითებენ, რომ ისინი მსახიობები არიან და არხი გასართობი მიზნითაა შექმნილი. ფეისბუქზე გავრცელებულ კონკრეტულ ვიდეოში ჯეიმი და ბლეიკი არ მონაწილეობენ.
ტიკ-როკ ანგარიშზე თვითმფრინავში გადაღებული რამდენიმე ვიდეოა გამოქვეყნებული (1, 2, 3). რამდენიმე მათგანში MAGA-ს წარწერით წითელი ქუდი, იგივე კაცი და ქალი ჩანს, რაც მიანიშნებს, რომ ისინი მსახიობები არიან და ვიდეო რეალურ დაპირისპირებას არ ასახავს. სამ ვიდეოს იდენტური სიუჟეტი აქვს (1, 2, 3): ქალი მგზავრ კაცს ეჩხუბება ამერიკის პრეზიდენტის მხარდამჭერი ქუდის ტარების გამო, შემდგომ ეძახის პერსონალს და საბოლოოდ, ქალს ტერიტორიას ატოვებინებენ.


გარდა თვითმფრინავში გადაღებული ვიდეოებისა, გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები ქალი და კაცი ერთად კიდევ რამდენიმე ვიდეოში ჩნდებიან (1, 2, 3). ისინი სხვადასხვა ადგილასაა გადაღებული და იუმორისტულ სიტუაციებს ასახავს. სახის ამომცნობი ხელსაწყოს, Pim Eyes-ის გამოყენებით დავადგინეთ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ქალი, რომელიც თვითმფრინავის მგზავრს ეჩუბება, მსახიობი ენჯი ქემბელია.
Jamie and Blake-ს ფეისბუქ-გვერდზე დონალდ ტრამპისა და მილიარდერ ილონ მასკის შესახებ იუმორისტული გრაფიკული ნახატები აქვთ გამოქვეყნებული (1, 2, 3, 4), რაც მიანიშნებს, რომ მათი ხუმრობების ნაწილი ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას მიემართება.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ამერიკის პრეზიდენტის მომხრესა და მოწინააღმდეგეს შორის რეალურ დაპირისპირებას არ ასახავს. ის გასართობი მიზნითაა შექმნილი და ტიკ-ტოკ ანგარიშს Jamieandblake იგივე მსახიობების მონაწილეობით არაერთი ვიდეო აქვს გადაღებული.
“მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა დონალდ ტრამპთან და მის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.
წყაროს შესახებ:
ანგარიშმა Teona Jikia ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია წარსულშიც გაავრცელა, რაც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.