10 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Giorgi Giorgi გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, კატაკლიზმების გამოსაწვევად კლიმატზე ზემოქმედებას ასახავს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშვებენ რამდენიმე მანქანიდან თეთრი ფერის აირს. ავტორი პოსტის აღწერაში წერს: “სატანის მსახურთა ხელოვნური ზემოქმედება კლიმატზე რითაც არის გამოწვეული ხელოვნური კატაკლიზმები და ე.წ. გლობალური დათბობა!!!”
ფეისბუქ-მომხმარებელი ვიდეომანიპულაციას ავრცელებს, რადგან კადრები კატაკლიზმების გამოწვევის მიზნით კლიმატზე ზემოქმედებას არ ასახავს. რეალურად, ვიდეოში რუსული კვამლის მანქანები, ТДА-3 არის ნაჩვენები, რომლებსაც შენიღბვის მიზნით, კვამლის ფარდის წარმოსაქმნელად იყენებენ.
ვიდეო კლიმატზე ხელოვნური ზემოქმედების პროცესს არ ასახავს. რეალურად, კადრები თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 27 ივლისს გამოაქვეყნა.

ვიდეო Youtube-ზე სხვა ანგარიშებსაც აქვთ გავრცელებული (1;2). რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც სხვა წყაროები, განმარტავს, რომ ვიდეოში ასახულია რუსული კვამლის მანქანა – ТДА-3. სამინისტრო ვიდეოს აღწერაში წერს, რომ ვიდეო ვოლგოროდის რეგიონში მდებარე პრუდბოის სასწავლო მოედანზე თავდაცვის ძალების სამხედრო სწავლებას ასახავს. სწორედ სამხედრო სწავლების დროს დაფარეს ტერიტორია კვამლით – ჯარი, იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა სრულად მოექცა კვამლში, რათა შეუმჩნეველი ყოფილიყო, მათ შორის, ჰაერიდანაც. ამ პირობებში სამხედროებმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ტექნიკისა და მეთოდის გამოყენება ისწავლეს.
რუსული ТДА-3 კვამლის მანქანა, სამინისტროს ცნობით, 3 კვადრატულ კილომეტრს თეთრი ღრუბლით ფარავს. ის KamAZ-ის მანქანების გამოყენებით არის შექმნილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კვამლის მანქანების გამოყენებაზე დასავლური წყაროებიც წერენ (1;2). 2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომ რუსეთმა ეს ტექნიკა ყირიმის ხიდზეც გამოიყენა (1;2). არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ აღნიშნულ ხერხს კლიმატზე ზემოქმედებისა თუ კატაკლიზმების გამოწვევის მიზნით მიმართავენ. როგორც დასავლური წყაროები განმარტავენ, კვამლი ქიმიურ იარაღად არ განიხილება და კლასიფიცირდება, როგორც სამხედრო ქიმიური ნაერთი. ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, ტოქსიკური ეფექტი ჰქონდეს და ცრემლსადენ გაზს შეიცავდეს. სამხედროები დიდი ხანია, კვამლს თავიანთი გადაადგილების დასაფარად და მოწინააღმდეგის შესაჩერებლად იყენებენ, რათა მათ ვერ შეძლონ ტექნიკისა თუ ჯარისკაცების მიზანში ამოღება.
ამრიგად, მტკიცება, რომ ვიდეოში კლიმატზე ზემოქმედებაა ასახული, სიმართლეს არ შეესაბამება. მანქანები, რომლებიც კადრებში ჩანს, რუსული ТДА-3-ია. მათი დანიშნულება შენიღბვის მიზნით ტერიტორიის კვამლით დაფარვაა.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ ანგარიში Giorgi Giorgi სოციალურ ქსელში დეზინფორმაციასა და მანიპულაციური შინაარსის პოსტებს სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” მისი არაერთი პოსტი აქვს გადამოწმებული.
ეთო დურული, ცისია კირვალიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.