ვრცელდება ძველი ვიდეო, თითქოს კამჩატკაზე მიწისძვრის შემდეგ ნაპირზე თეთრი ვეშაპები გამოირიყა 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

კამჩატკა
56
VIEWS

30 ივლისს ქართულ (1;2) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდებმა, მედიასაშუალებებმა და ანგარიშებმა (1;2;3;4;5) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, კამჩატკაზე მიწისძვრის შემდეგ ნაპირზე გამორიყულ თეთრ ვეშაპებს ასახავს. 

კამჩატკა

ვიდეო, რომელიც ნაპირზე გამორიყულ თეთრ ვეშაპებს ასახავს, ძველია და კამჩატკაზე მომხდარ მიწისძვრას არ უკავშირდება. თეთრი ვეშაპები რუსეთში სანაპიროზე 2023 წელს გამოირიყნენ. 

30 ივლისს კამჩატკის ნახევარკუნძლთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ცუნამის ტალღები გამოიწვია იაპონიის, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით. წყნარი ოკეანის მასშტაბით გამოცხადებული ევაკუაცია ორ მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო. რუსეთის ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

თეთრი ვეშაპების ამსახველი ვიდეო კამჩატკასთან მომხდარი მიწისძვრის შემდეგ აქტიურად გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ კადრებს უცხოენოვანი მომხმარებლები განსხვავებული აღწერით ავრცელებენ – ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთში ვეშაპები მიწისძვრის წინა დღეს გამოირიყა და ფაქტს “ადამიანების გაფრთხილებას” მიაწერენ, ნაწილი კი, ქართული და რუსულენოვანი ანგარიშების მსგავსად,  ამტკიცებს, რომ შემთხვევა მიწისძვრის შემდეგ მოხდა.  

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ვეშაპები კამჩატკის სანაპიროზე ნამდვილად გამოირიყნენ და ვიდეო რეალურ შემთხვევას ასახავს, კადრები ძველია და 30 ივლისს მომხდარ მიწისძვრას არ უკავშირდება. კადრების უკუძიების მეთოდით შეგვიძლია გავარკვიოთ, რომ ვიდეო 2023 წლის აგვისტოდან ვრცელდება  (1;2;3;4). ადგილობრივი მედიის ცნობით, მეთევზეებმა გამორიყული თეთრი ვეშაპაბი იპოვეს და დაეხმარნენ. 

კამჩატკა
კადრები 2023 წლიდან ვრცელდება

30 ივლისის მიწისძვრის შემდეგ იაპონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტატეიამას სანაპიროზე ვეშაპები შენიშნეს, თუმცა, ექსპერტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ წარსულში მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაუფიქსირებიათ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემთხვევას ცუნამთან ან მიწისძვრასთან კავშირი აქვს. გარდა ამისა, პოლიციის ცნობით, ვეშაპები მიწისძვრის წინა დღეს იყვნენ გამორიყული, რაც კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ორ შემთხვევას შორის კავშირს.  

მიწისძვრის შემდეგ თეთრი ვეშაპების გამორიყვასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს (1;2). 


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist