კამალა ჰარისის შესახებ მორიგი ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

კამალა ჰარისი
5.5k
VIEWS

9 აგვისტოს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და მოძრაობა ,,ქართული მისიის” წევრმა, რამაზ გაგნიძემ ფეისბუქზე ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნეს. ზაქარეიშვილის ამტკიცებს, რომ ფოტოები წარსულშია გადაღებული, ხოლო გაგნიძის სიტყვებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი “თავისი ლგბტ ნიჭით და თვისებებით” გამოირჩევა. 

კამალა ჰარისი

კადრები, რომლებიც თითქოს კამალა ჰარისის წარსულს ასახავს, ფოტოფაბრიკაციაა და პრეზიდენტობის კანდიდატის დისკრედიტაციას ემსახურება. ხარვეზები, რომლებიც ფოტოებზე შეიმჩნევა, ამტკიცებს, რომ ისინი გაყალბებულია და მათზე ჰარისი არ არის გამოსახული. 

კამალა ჰარისის ფოტოები, რომელიც, მტკიცებების მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტის წარსულ საქმიანობას, სექს-მუშაკობას ასახავს, სხვადასხვა სოციალურ ქსელში (1;2;3;4) აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა. ყველაზე ადრე, 1-ელ აგვისტოს, ის ამერიკულ 4plebs-ზე იძებნება, რომელიც ფორუმ 4chan-ის არქივია. აღნიშნულ ფორუმზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფოტოების ატვირთვა და პლატფორმაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გამოქვეყნებულა. მაგალითად, 4chan-ზე გავრცელდა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდგომ დეზინფორმაციაც, თითქოს ამერიკელი სნაიპერი საიდუმლო სამსახურის უფროსის დაგვიანებული ბრძანებით, გაენეიტრალებინათ ტრამპზე თავდამსხმელი, უკმაყოფილო იყო.  

გავრცელებულ ვიზუალურ მასალაზე რამდენიმე უზუსტობა შეიმჩნევა. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Logically Facts-ის შეფასებით, ფოტო, რომელზეც ჰარისს იისფერი კაბა აცვია, სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და ამაზე რამდენიმე დეტალი მიანიშნებს.  

კამალა ჰარისი
უზუსტობები ფოტოზე 

კერძოდ, ფოტოზე ჰარისის მარცხენა მტევანი მარჯვენაზე უფრო მსხვილია, ასევე, ასიმეტრიულია თითები – ერთი თითი დანარჩენებზე მეტად წვრილია, საერთო ჯამში კი მტევანი არაბუნებრივად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაფართოებისა, არსებობს კონკრეტული მახასიათებლები, რომელთა გენერირებაც AI-ს ამ დრომდე უჭირს. ამ მახასიათებლებს შორის ერთ-ერთი ხელებია – ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოებში ხშირად ადამიანების ხელები არაბუნებრივად არის წარმოდგენილი.   

კამალა ჰარისი
ასიმეტრიული ხელები და თითები

გარდა ასიმეტრიული ხელებისა, ფოტოზე კიდევ ერთი უზუსტობა შეიმჩნევა – ქალს ასევე ორი ყელსაბამი უკეთია, რომლებიც ერთმანეთში არაბუნებრივადაა შეზრდილი. Logically აღნიშნავს, რომ ყელსაბამი, რომელსაც ვხედავთ, “ჩოკერისა” და ჯაჭვის ნაზავს წარმოადგენს.  

კამალა ჰარისი
ყელსაბამი, რომელიც არაბუნებრივად გამოიყურება  

ასევე, ფოტოზე ჩანს, რომ უკან მდგომ თეთრ მანქანას უკანა ფარები არ აქვს, რაც კიდევ ერთი უზუსტობაა. 

კამალა ჰარისი
ფოტოზე უკან მდგომ მანქანას ფარები არ აქვს

იდენტურ ფოტოსა და ინფორმაციას სხვადასხვა სოციალური ქსელის ინგლისურენოვანი მომხმარებლები ავრცელებენ მტკიცებით, რომ ჰარისის ფოტოები 1996 წელსაა გადაღებული. Logically Facts-ი ჰარისის ამავე პერიოდში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ორი ფოტოს შედარებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰარისი რეალურად განსხვავებულად გამოიყურება – კერძოდ, აღნიშნული დროით დათარიღებული კადრის მიხედვით, მას ნაკლებად გამოკვეთილი ლავიწის ძვლები აქვს. 

კამალა ჰარისი
წყარო: Los Angeles Times 

გავრცელებული ფოტოკოლაჟი ასევე გააანალიზა ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Snopes-მა. მასალაში Snopes-ი კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰანი ფარიდის შეფასებას ეყრდნობა. ფარიდი ციფრული საფრთხისა და ფოტოს ანალიზის მიმართულებით მუშაობს. მისი შეფასებით, ფოტო დაბალი ხარისხისაა, ამიტომ თქმა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, რთულია. შესაბამისად, მეტად სავარაუდოა, რომ ის ადამიანის მიერაა დამუშავებული. Snopes-ის რედაქცია გავრცელებულსა და კამალა ჰარისის რეალურ ფოტოებს ერთმანეთს ადარებს, საბოლოოდ კი ასკვნის, რომ გავრცელებულ ფოტოზე ყურის ფორმა, სტრუქტურა და თვალის ფორმა, პრეზიდენტობის კანდიდატისას არ ემთხვევა.  

კამალა ჰარისი
წყარო: ჰარი ფარიდი, Snopes

ფოტოკოლაჟის მეორე კადრი, რომელზეც ჰარისი წითელი კაბითაა აღბეჭდილი, ასევე ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. ფოტოზე შესაძლებელია შემჩნევა, რომ ქალი ხელი, რომელიც დაბლა აქვს დაშვებული, სხეულს არაბუნებრივად უერთდება და თითქოს მასთან არის შერწყმული. ამ დეტალზე გაამახვილა ყურადღება ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Open-მაც. 

კამალა ჰარისი

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატად ჰარისმა შეცვალა, მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია და ცრუ ბრალდებების გავრცელება დაიწყო. ,,მითების დეტექტორმა” ამ დროში არაერთი მტკიცება გადაამოწმა, მათ შორის, ჰარისის სექს-მუშაკობის შესახებ

წყაროების შესახებ

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.

რამაზ გაგნიძე საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მისიის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის 2021 წელის 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის მონაწილე იყო. ის ერთ-ერთია, ვინც პოლიციამ 5 ივლისის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა. გაგნიძეს სოციალურ ქსელში აქამდეგ გაავრცელა გაყალბებული ფოტო. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist