15-16 სექტემბერს სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ და გვერდმა “ქართული გვერდი” გაავრცელეს თბილისის მერის, კახა კალაძის ვიდეო, რომელშიც “ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდას” ახსენებს. ვიდეოში ის ამბობს: “ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს.” კალაძის ვიდეოში პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის კადრებიცაა, სადაც ისინიც ამავე თემაზე, ბოდიშის მოხდაზე საუბრობენ.

კახა კალაძის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ის ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდას ახსენებს, მანიპულაციურად ვრცელდება. მედიასთან კომენტარის გაკეთებისას მან ჟურნალისტებს მიმართა, ეჩვენებინათ განცხადება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ “ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს”. გავრცელებულ მოჭრილ ვიდეოში მხოლოდ ეს ფრაზაა მოხვედრილი და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კალაძე ბოდიშის მოხდის განზრახვაზე საუბრობს.
2024 წლის 14 სექტემბერს, გორში წინასაარჩევნო შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა. მან პარტიის დაპირებების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომზეც. ივანიშვილის სიტყვის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “ომის გამჩაღებლები” უნდა გასამართლებულიყვნენ და “ქართულ-ოსური ძმობის დანგრევისთვის” უმკაცრეს სამართლებრივ პასუხი მიეღოთ. ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ “ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”
ინტერვიუ, რომელშიც კახა კალაძე ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ საუბრობს, გასული წლის 16 სექტემბერსაა ჩაწერილი. მერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა გორში ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებაც. მისი მტკიცებით, ჟურნალისტები ივანიშვილის სიტყვებით მანიპულირებენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. სრულ ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძე არ ამბობს, რომ ოკუპანტებს ბოდიშს მოუხდის. ის ითხოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადების ჩვენებას, სადაც ის ოკუპანტებისა და მკვლელებისთვის ბოდიშის მოხდაზე საუბრობს. 2024 წლის 16 სექტემბერს კახა კალაძემ თქვა:
| კახა კალაძის გავრცელებული ციტატა: | კახა კალაძის სრული ციტატა: |
| “ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს.” | “ეს არის სამარცხვინო, რასაც კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება და მესიჯი, რომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს. მაჩვენეთ ერთი ასეთი განცხადება, ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს, სად იყო ასეთი რამ თქმული? ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში.” |
შესაბამისად, გავრცელებულ ფრაგმენტში კალაძის სიტყვები იმგვარად არის მოჭრილი, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის საუბრობს განზრახვაზე ოკუპანტებისთის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















