13 აგვისტოს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლებშიც ამტკიცებს, რომ კურსკის ოლქის ტერიტორიების დაკავებაში ამერიკელი მებრძოლები მონაწილეობენ. გამოქვეყნებულ ფოტოზე მოკლულ რუს ჯარისკაცთან ერთად ჩანს ორი სამხედრო, რომელთაც აღჭურვილობაზე აშშ-ის სახელმწიფო დროშის ნიშანი აქვთ დატანილი.
მტკიცება, თითქოს გავრცელებული კადრით კურსკზე შეტევაში ამერიკელი მებრძოლების მონაწილეობა დასტურდება, დეზინფორმაციულია. ფოტო ხარკივის ოლქში, 2022 წელსაა გადაღებული და კადრში ნაჩვენები პიროვნება არა ამერიკელი, არამედ უკრაინელია.
ფოტო, რომელშიც 2 მებრძოლი რუსი ჯარისკაცის გვამთან ერთად ჩანს ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. ამ პერიოდში უკრაინის არმიამ მოახერხა და გაათავისუფლა ხარკივის ოლქის დიდი ნაწილი. აღნიშნული კადრიც სწორედ ამ მოვლენებს ასახავს და კერძოდ ქალაქ ბალაკლიაშია გადაღებული. აღსანიშნავია, რომ აღჭურვილობაზე დატანილი აშშ-ის დროშის მიუხედავად, მებრძოლი, რომელიც, ფოტოს იღებს, უკრაინელი მსახიობი სერგეი ფილიმონოვია. მისი ვინაობის დადგენა “მითების დეტექტორმა” სახის ამომცნობი ხელსაწყოს, PimEyes-ის დახმარებით შეძლო. ის ახალგაზრდული მოძრაობა “გონორის” ლიდერია და მის წევრებთან ერთად ომში ჯერ მოხალისედ ჩაერთო, შემდეგ კი მათ ჩამოაყალიბეს ბატალიონი, რომელსაც “და ვინჩის მგლები” უწოდეს. თავად ფილიმონოვი 2022 წლის ივლისში დაიჭრა კიდეც, თუმცა მან გამოჯანმრთელება მოახერხა და ახლაც აქტიურადაა ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, “მითების დეტექტორმა” არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა – მათ შორის უცხოელი სამხედროების ომში მონაწილეობის შესახებ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.