8 იანვარს პოლიტიკური პარტია “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საუბარია, თითქოს ავსტრალია გეგმავს ფილანტროპ ჯორჯ სოროსი და შესაბამისად, მისი ფონდები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს. ბაღათურია ინფორმაციის წყაროდ დონალდ ტრამპს ასახელებს, ამბობს, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტიც იმავეს გაკეთებას გეგმავს და ავრცელებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ანგარიშ Donald J. Trump News-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტის სქრინშოტს, რომელშიც წერია: “ავსტრალიამ, შესაძლოა, ჯორჯ სოროსი გლობალურ ტერორისტად გამოაცხადოს. ეთანხმებით?”. ბაღათურიას მიხედვით, ეს ტრამპის ანგარიშია.
იდენტური პოსტი გამოაქვეყნა ადიგენის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ელდარ კბილაშვილმა, ასევე ერთმა რუსულმა ანგარიშმა. ბაღათურიას ციტატა მედია “ჯორჯიან თაიმსმაც” გაავრცელა (1, 2, 3).
დეზინფორმაციულია ჯონდი ბაღათურიას გავრცელებული ცნობა, თითქოს ავსტრალია ჯორჯ სოროსისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ტერორისტებად აღიარებას გეგმავს. მსგავსი დეზინფორმაცია თვეებია ვრცელდება და მის ნამდვილობას სხვადასხვა ავტორიტეტულ მედიასთან უარყოფს როგორც ავსტრალიის გენერალური პროკურატურის დეპარტამენტი, ასევე სოროსის სპიკერი. ამასთანავე, ინფორმაციის წყარო დონალდ ტრამპი არ არის. X-ის ანგარიშს Donald J. Trump News ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან კავშირი არ აქვს.
ფილანტროპი ჯორჯ სოროსი მითების გავრცელების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. აღნიშნული ცნობაც, რომ თითქოს ავსტრალია სოროსისა და მასთან კავშირში მყოფი ორგანიზაციების ტერორისტებად გამოცხადებას გეგმავს, თვეებია ვრცელდება. ინფორმაცია განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელ X-ზე (1, 2, 3).
ოფიციალურ წყაროებში, მათ შორის ავსტრალიის მთავრობის ვებ-გვერდზე, არ იძებნება ინფორმაცია ავსტრალიის მიერ ჯორჯ სოროსისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ტერორისტებად გამოცხადების შესახებ. ქვეყნის მთავრობას გამოქვეყნებული აქვს ტერორისტული ორგანიზაციების სია, რომელიც 30 დაჯგუფებას აერთიანებს. მათ შორისაა: ალ-კაიდა, ჰამასი, ჰეზბოლა და პალესტინის ისლამური ჯიჰადი. ჩამონათვალში არ არის სოროსის ორგანიზაცია “ღია საზოგადოების ფონდი” და არც თავად ჯორჯ სოროსი.
იდენტური ცნობა სხვადასხვა დროს არაერთმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ შეისწავლა. მათ ჯორჯ სოროსისა და ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენლებთან კომუნიკაციით დაადგინეს, რომ მტკიცება დეზინფორმაციულია. მაგალითად, Reuters-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურს ჯორჯ სოროსის სპიკერმა გასული წლის მარტში დაუდასტურა, რომ ინფორმაცია მცდარია. იმავეს დასაზუსტებლად ავსტრალიური მედია Australian Associated Press-ის ფაქტების გადამმოწმებლები ქვეყნის გენერალური პროკურატურის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ. დეპარტამენტიდან დაადასტურეს, რომ ინფორმაცია ყალბია, სოროსი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ტერორისტებად არ გამოუცხადებიათ.
-
ანგარიში Donald J. Trump News დონალდ ტრამპს არ ეკუთვნის
პლატფორმა X-ზე ანგარიში, სახელად Donald J. Trump News (დონალდ ტრამპი სიახლეები) 2024 წლის ივლისში შეიქმნა. ის დონალდ ტრამპს არ ეკუთვნის. ანგარიშს აღწერაში მითითებული აქვს, რომ მას დონალდ ტრამპთან კავშირი არ აქვს და ასევე უთითებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის X-ის ნამდვილ ანგარიშს. Donald J. Trump News-ზე მსგავსი ფორმის პოსტები ვრცელდება. ყველა მათგანი შეიცავს შეკითხავს, მაგალითად: კლიმატის ცვლილება უფრო მნიშვნელოვანია თუ საზღვრების დაცვის საკითხი, არსებობს თუ არა მხოლოდ ორი გენდერი, მხარს უჭერენ თუ არა ტრამპს და ა.შ.
ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული ინფორმაცია აღნიშნულმა ანგარიშმა ბოლოს 7 იანვარს გაავრცელა, თუმცა იდენტური პოსტი მან 2024 წელსაც არაერთხელ გამოაქვეყნა (1, 2, 3).
ჯორჯ სოროსის შესახებ კონსპირაციული თეორიები და ვიზუალური მანიპულაცია არაერთხელ გავრცელებულა. ძირითადად, მას გლობალურ მმართველობასთან აკავშირებენ და ორგანიზაციების ფარულ დაფინანსებას ედავებიან. “მითების დეტექტორს” გასულ წლებში სოროსის შესახებ არაერთი შეცდომაში შემყვანი პოსტი გადაუმოწმებია.
წყაროს შესახებ:
სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში ჯონდი ბაღათურიას არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია. მის მიერ გავრცელებული ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ცნობები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.