17 ნოემბერს ფეისბუქ-ჯგუფში “Bidzina Ivanishvili & Media” გავრცელდა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ფოტო და ციტატა: ‘’ქართველი ოპოზიციონერები ფულს მიხდიან და მაგ მიზეზით ვაძაგებ ბიძინა ივანიშვილს, თორემ საქართველოს პატრიოტია ეს კაცი, ჩემნაირი ნა*****რი კი არაა’’. საინფორმაციო ბარათის შესაქმნელად მედიასაშუალება “მთავარის” დიზაინია გამოყენებული.

სოციალურ ქსელში ‘’მთავარის’’ საინფორმაციო ბარათის გამოყენებით ჯო უილსონის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. ამერიკელ კონგრესმენს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. საინფორმაციო ბარათი გაყალბებულია.
განცხადება, სადაც ჯო უილსონი ქართველი ოპოზიციონერების მხრიდან დაფინანსებაზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს, ღია წყაროებით არ იძებნება. ციტატა არ გაუშუქებია ქართულენოვან ონლაინ მედიას (1;2) და ტელევიზიებს (1;2). გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის განცხადება არ გამოქვეყნებულა კონგრესმენის ფეისბუქ და X-ის გვერდებზე.
“მთავარის” საინფორმაციო ბარათი გაყალბებულია, იმ ადგილას, სადაც მედიასაშუალების ლოგო უნდა იყოს, საქართველოს დროშაა დატანილი, თუმცა დიზაინზე დაკვირვებით აშკარაა, რომ საინფორმაციო ბარათის ორიგინალი ვერსია “მთავარს” ეკუთვნის. რეალურად, გამოყენებულია მედიასაშუალების მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი, რომელზეც განსხვავებული ციტატაა დატანილი. ჯო უილსონის განცხადება, რომელიც ‘’მთავარმა’’ გაავრცელა, ეხებოდა საქართველოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. საინფორმაციო ბარათზე დატანილი ჯო უილსონის რეალური ციტატა იყო: ‘’გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობრებთან გაიქცა და ამ ავადმყოფურ რეჟიმთან ურთიერთობა გაამყარა… ქართული ოცნება იტყუება აშშ-თან გადატვირთვის სურვილზე”.

აღსანიშნავია, რომ იდენტური საინფორმაციო ბარათი გამოქვეყნებული აქვს ფეისბუქ-მომხმარებელ რამაზ მარგველაშვილს, რომლის მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფში (“მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იმედი”) გავრცელებული მსგავსი სტილით გაყალბებული საინფორმაციო ბარათები “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია. ამ შემთხვევაში, ფეისბუქ-მომხმარებელი გაყალბებულ საინფორმაციო ბარათს აღწერაში უთითებს, რომ ის სატირულია.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















