განახლება 10.12.24: მასალის გამოქვეყნების შემდეგ “მითების დეტექტორს” დაუკავშირდა ლაშა კაპანაძე. მისი თქმით, ჯგუფ “ანტი-მაიდანის” ადმინისტრატორი არ არის. 10 დეკემბრის მდგომარეობით ის ჯგუფის წევრია, თუმცა ადმინისტრატორთა სიაში არ გვხვდება.
მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა საკუთარი დღის წესრიგიდან ამოიღო და, შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების ფონზე 1 და 2 დეკემბერს ორი ფეისბუკ ჯგუფი “ანტი-მაიდანი!” და “ანტი-მაიდანი მოძრაობა” შეიქმნა. ამ უკანასკნელმა 2 დღეში სახელი შეიცვალა და “ჯანსაღ ძალად” გარდაიქმნა. ამ ჯგუფების გაჩენა საქართველოში კრემლის მხარდაჭერით დაწყებული ანტიმაიდანური კამპანიების ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც 2013-2014 წლების ევრომაიდნის საპროტესტო მოძრაობის წინააღმდეგ დაიწყო.
ახლადშექმნილი ჯგუფების ადმინისტრატორებს შორისაა: 1 პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის წარმომადგენელი, 2 მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი, რამდენიმე “ქართული ოცნების” წევრი და მხარდამჭერი, 3 სპორტსმენი და 1 პროსახელისუფლებო ტროლი, რომელიც სანდოობის შემნის მიზნით, პროფილზე სხვა ადამიანის ფოტოს იყენებს. ახალადშექმნილი ფეისბუკ ჯგუფების მიზანს საპროტესტო აქციების დისკრედიტირება და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელება წარმოადგენს.
-
რა ვიცით ფეისბუკ ჯგუფის “ანტი-მაიდანის” შესახებ?
ჯგუფის “ანტი-მაიდანი!” შექმნა პირველ დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა გიორგი ჭურღულიამ დააანონსა. ერთ-ერთ პოსტში ის აღნიშნავს, რომ ჯგუფის საშუალებით უნდა ჩამოყალიბდეს “დიდი ძალა”, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის და სახელმწიფოს დაცვას. ის ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო მათ “ზურგზე დგას”, ახლა კი აქციაზე მდგომი ხალხი “უბსკრულში” მიაქანებს.
4 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფს 18 ადმინისტრატორი და 7 მოდერატორი ჰყავს.
ფეისბუკ ჯგუფ “ანტი-მაიდანის” ადმინისტრატორებს შორის არიან სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-ის წამყვანი ლიზა გეგეჭკორი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ნიკოლოზ ესიტაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე ზაზა ფარცვანია და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები გიორგი ჭურღულია და დავით ახრახაძე. ჯგუფის ადმინისტრატორებს ასევე გვხვდება ხელისუფლების მხარდამჭერი სპორტსმენები: ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, კარატისტი ლუკა ხვედელიანი, დრიფტერი ლაშა კაპანაძე ახალ ადმინისტრატორებს შორის ასევე გვხვდება პროსახელისუფლებო ტროლი Gvanca Beridze (დაარქივებული ბმული). სხვა ადმინისტრატორების პროფილებიდან ორი ფეისბუკ ანგარიში ახლადშექმნილია (ქართველი ქართველი, Tom Daniels), ერთს კი (იაგო სილაგავა) მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ აქვს მითითებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ადმინისტრატორი “ჟურნალისტი”, რომელიც ჯგუფს მოგვიანებით დაემატა, ანონიმურია. ანონიმური ფეისბუქ-მომხმარებლის მთავარი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების დესკრედიტაციაა.
ჯგუფის ადმინისტრატორები 2-4 დეკემბერს
ადმინისტრატორები 2 დეკემბერს | ადმინისტრატორები 4 დეკემბერს |
|
განახლება 10.12.24: აღსანიშნავია, რომ ადმინისტრატორთა რაოდენობა ჯგუფში მუდმივად იცვლება. 10 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფს 33 ადმინისტრატორი და მოდერატორი ჰყავს. ამ დროისათვის ჯგუფის ადმინისტრატორებში არ გვხდება Lasha Kapanadze. ის “მითების დეტექტორს” დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ჯგუფის წევრია, თუმცა ადმინისტრატორი არ არის.
-
რა ვიცით ფეისბუკ ჯგუფის “ანტი-მაიდანი!” ადმინისტრატორებზე?
ლიზა გეგეჭკორი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-ის გადაცემის “მედია რენტგენი” წამყვანია.
გეგეჭკორი, შემქმნელისგან განსხვავებით, ჯგუფში აქტიურად ავრცელებს საპროტესტო აქციის მონაწილეების მადისკრედიტირებელ პოსტებს. მაგალითად, გეგეჭკორი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოქალაქეები აქციაზე გატარებულ ერთ საათში ფულს – 200 ლარს იღებენ. ის ასევე ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს მომხმარებლებს ისეთი საინფორმაციო სააგენტოების დასარეპორტებლად, რომლებიც “საინფორმაციო ომის” მოგებაში “ქართულ ოცნებას” ხელს უშლიან.
ნიკოლოზ ესიტაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს. პროფილზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, 2012-2020 წლებში მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოში “კახეთის ხმა”, ასევე, რეპორტიორი იყო “პრაიმ ტაიმში”.
ზაზა ფარცვანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა. 2019 წელს მან სამოქალაქო აქტივისტებზე შეურაცხმყოფელი პოსტები დაწერა. ფარცვანიამ მხარი დაუჭირა იმდროინდელ დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც 8 სექტემბერს, პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: “ემზარი მაგარი კაცია”… “კურიცი, ნე ხადიტე ნა ულიცე, თორმ ემზარი დაგიჭერთ, დაგჩინჩლავთ და გაგიშვებთ”.
ფარცვანია, ლიზა გეგეჭკორის მსგავსად, ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს აქტივისტებს აქციაზე მონაწილეობისთვის ფულს ურიგებენ, თუმცა, ამ პოსტის თანახმად, საფასური ბევრად დაბალი – 30-30 და ზოგჯერ 40-40 ლარია.
დავით ახრახაძეს პროსახელისუფლებო მედიები, “ იმედი” და “პოსტვ” წარადგენენ, როგორც 7 ნოემბერს დაზარალებულ პირს. 2020 წლის მასალებში დავით ახრახაძეზე ნათქვამია, რომ არის “ქართული ოცნების” წევრი, რომელიც ცოლსა და სიდედრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი ნინო კვარაცხელია “ქართული ოცნების” მხარდამჭერ პოსტებსა და ინფორმაციას ავრცელებს. “მითების დეტექტორის” კვლევით, 2020 წელს ის “პატრიოტთა ალიანსის” აქტივისტი იყო. კვარაცხელია ანტიოპოზიციური შინაარსის ყალბი ამბების გავრცელებით გამოირჩევა.
“ანტი-მაიდანის” ერთ-ერთი ადმინისტრატორი ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძეა. გოცირიძე ავრცელებს როგორც აქციის მონაწილეების მადისკრედიტირებელ და შეურაცხმყოფელ პოსტებს, ასევე მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებას და პროტესტის მონაწილეებს საკადრისი პასუხის გაცემით ემუქრება.
4 დეკემბერს ადმინისტრატორების სიას კიდევ ერთი პირი, ლაშა კაპანაძე დაემატა, რომელსაც პროფილის კატეგორიაში სპორტსმენი აქვს მითითებული. კაპანაძის პროფილი გვხვდება დრიფტერების პლატფორმა driftseries.ge-ზე.
ლუკა ხვედელიანი, ფეისბუკზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, არის საქართველოს ჩემპიონი კარატეში, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი სტილობრივ კარატეში. ლუკა ხვედელიანი ძირითადად აქციის მადისკრედიტირებელ ვიდეოებს ავრცელებს.
Gvanca Beridze | იპარავს სოციალური ქსელის Vkontakte.ru მომხმარებლის Евелина Фурсенко-ს იდენტობას. |
რა ვიცით ფეისბუკ ჯგუფის “ანტი-მაიდანი მოძრაობა” შესახებ?
4 დეკემბერს ფეისბუკ ჯგუფმა სახელი შეიცვალა და “ჯანსაღი ძალა” გახდა. როგორც ჯგუფის შემქმნელი, ირაკლი ჯანყარაშვილი ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში წერს, სახელი მისი ჯგუფის შესახებ კითხვების გაჩენის გამო შეცვალა.
ასევე შეიცვალა და განახლდა ადმინისტრატორების რაოდენობა და 4 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფს ფეისბუკ პროფილები: Analytical Page და პრემიერი მართავს.
გარდა აქციების და პროტესტის მონაწილეობის მადისკრედიტირებელი პოსტებისა, ამ ჯგუფში გავრცელდა “გეი წყვილის” ფოტო, რომელიც, რეალურად ხელოვნული ინტელექტით იყო გენერირებული. გავრცელებული ფოტო ფაქტჩეკერების მიერ დეზინფორმაციად არის მონიშნული.
ჯგუფის ადმინისტრატორი ჯანყარაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” აქტიური მხარდამჭერი იყო, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გახდა. ასევე ჯანყარაშვილი Tvalsazrisi.ge-ის და News Front Georgia-ს ავტორიც იყო. ჯანყარაშვილს თავისი სხვადასხვა ანგარიშის, ფეისბუკ გვერდისა და პლატფორმის საშუალებით არაერთხელ გაუვრცელებია როგორც დეზინფორმაციის, ასევე მანიპულაციის შემცველი ინფორმაციები, გარდა ამისა, ჯანყარაშვილი არაერთხელ მონაწილეობდა დისკრედიტაციის კამპანიებშიც. ჯანყრაშვილი ამ ეტაპზე მართავს ფეისბუკ გვერდს publicist.ge, სადაც პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური პოსტების გარდა, თავისი საინფორმაციო პლატფორმიდან Publicist.ge ავრცელებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, ასევე ჯანყარაშვილს აქვს ფეისბუკ პროფილი პრემიერი, რომლის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი პოსტებს გამოქვეყნებას ემსახურება.
-
საიდან იღებს სათავეს კამპანია “ანტი-მაიდანი”?
ანტი-მაიდანის კამპანია არის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის 2013-2014 წლების ევრომაიდანის საპროტესტო აქციების დისკრედიტაციას. კამპანია ევრომაიდანს წარმოაჩენს, როგორც დასავლეთის მიერ ორკესტრირებულ გადატრიალებას, მის მონაწილეებს კი ექსტრემისტებად მოიაზრებს. ნარატივი მიზნად ისახავს უკრაინის პროტესტის დისკრედიტაციასა და დელეგიტიმაციას.
უკრაინაში ანტი-მაიდანის მონაწილეები მხარს უჭერდნენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და მის პოლიტიკას, ასევე, მოითხოვდნენ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას. ამ მოძრაობის მონაწილეები ხშირად იყვნენ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, სტუდენტები ან მაცხოვრებლები ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა დონეცკი და ყირიმი.
2015 წლის იანვარში რუსეთში ვეტერანთა ორგანიზაციის, Combat Fraternity-ის დირექტორის ხელმძღვანელობით მოძრაობა ანტი-მაიდანი შეიქმნა. რუსული ანტი-მაიდანის მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა ნებისმიერი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ, რომელიც შეეცდებოდა გადატრიალების ან ფერადი რევოლუციის მოწყობას რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოქტომბერში პრორუსულმა პარტიამ “კონსერვატიული მოძრაობა” ე.წ. ანტიმაიდანი დააანონსა. 2023 წლის 25 სექტემბერს პარტიის ლიდერებმა ზურა მახარაძემ, გიორგი ქარდავამ, შოთა და ირაკლი მარტინენკოებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველოში გადატრიალების მცდელობის საწინააღმდეგოდ „თანამოაზრეთა ძალების“ მობილიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათი გადაწყვეტილება მოჰყვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას, რათა ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვლილიყო“. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზატორები განიხილავენ 2014 წლის “ევრომაიდნის” მსგავსი სცენარის განვითარებას საქართველოში.
ანტი-მაიდნის მოძრაობამ, რომელიც თავდაპირველად რუსეთის მიერ ორგანიზებული ინიციატივა იყო, გავლენა სხვა სივრცეებშიც მოიპოვა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. თუმცა ანტიმაიდნის თემატიკით ფეისბუკ ჯგუფი შვედეთშიც შეიქმნა. „შვედეთის ანტიევრომაიდანი“ ამ მოძრაობის დასაცინად შეიქმნა და შეთქმულების თეორიებსა და პროპაგანდის გავრცელების პლატფორმად გამოიყენებოდა. ფინელი ჟურნალისტის, ჯესიკა აროს თანახმად, ჯგუფი აზიარებდა ვიდეოებს, რომლებიც უკრაინას ნაცისტურ ქვეყნად წარმოაჩენდა და ავრცელებდა Russia Today-ს მასალებს. ამ ჯგუფის აქტიური წევრი, ჟურნალისტი მაი ვექსელმანი, რუსულ პროპაგანდას აქტიურად ავრცელებდა. ის დაკავშირებული იყო ორგანიზაციასთან „შვედი ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“ (SWEDHR), რომელიც კრემლის პოზიციებს იცავდა. ვექსელმანმა სხვა პირებთან ერთად, აკადემიკოს მარტინ კრაგის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო, რაც მოიცავდა უფსალის უნივერსიტეტში მისი კვლევის შესახებ საჩივრების შეტანას. თუმცა, უნივერსიტეტმა კრაგის აკადემიური არაკეთილსინდისიერება არ დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეპუტაცია დაზარალდა.
ჯგუფის სხვა წევრები, როგორებიც იყვნენ ეგორ პუტილოვი, რუსეთის გავლენის ოპერაციებში იყვნენ ჩართული. ეს კამპანიები მიზნად ისახავდა აკადემიკოსების დისკრედიტაციას, რომლებიც კრემლის გავლენებს იკვლევდნენ.
ანტიმაიდანური სულისკვეთების ჯგუფები ადგილობრივი ოპოზიციური ძალების დასუსტებას და კრემლისადმი ლოიალური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას ემსახურებიან. სოციალურ ქსელში იძებნება არაერთი ფეისბუკ ჯგუფი, რომელიც ანტიმაიდანურ ხასიათს ატარებს. ეს მოძრაობები ეწინააღმდეგება დასავლური ღირებულებების გავრცელებას, ცდილობენ კრიტიკული აზრის დისკრედიტაციას, ასევე პროპაგანდისტული კამპანიების გამოყენებით პრორუსული პოზიციების გამყარებას და დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის დასუსტების მიზანს ისახავენ.
ანტიმაიდნის თემატიკაზე შექმნილი ფეისბუკ გვერდები უკრაინასა და სხვა ქვეყნებში