12 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა Dato Nacvlishvili (1, 2) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, თითქოს, თაობა “ჯენ ზი-ს (Gen Z)” ფიცის დადებას ასახავს. მსგავსი ვიდეო გაავრცელა პროსამთავრობო მედია POSTV-მა (1, 2) და მისმა ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ, თუმცა მათ ვიდეოს შემდეგი აღწერა დაურთეს: “დოიაშვილის დასი”. ვიდეოში ისმის შემდეგი ფრაზები: “ძაღლის მ*ღნერს შევჭამ”, “კატის საჭმელს დავღეჭავ”, “ტუჩებს დავიბერავ და ძუძუებს გავიკეთებ”, “ძროხებთან ერთად ვიბალახებ”, “ციანიდს დავლევ”…
სამთავრობო მედიისა და ცალკეული ანგარიშების მიერ ვიდეოს ამგვარად გავრცელება მიმდინარე პროცესის, ასევე ვასო აბაშიძის თეატრისა და მისი ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ხოლო აღწერა თითქოს, მასზე “ჯენ ზი-ს ფიცის დადებაა” ასახული, შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენებია სპექტაკლის “სიყვარული და ინფორმაცია” ფრაგმენტი, რომელიც “თეატრი ათონელზეს” სცენაზე იდგმება. სპექტაკლის მონაწილე მსახიობები თამაშობენ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრშიც.
POSTV-სა და ნათია ბერიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს სახელი იმ ტიკ-ტოკ ანგარიშის, რომელმაც ის პირველად ატვირთა. ანგარიშს lmikadze თავადვე აქვს მითითებული, რომ ის ათონელის თეატრში გადაიღო.
ვიდეო გადაღებულია სპექტაკლზე “სიყვარული და ინფორმაცია”. მისი რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანია და “თეატრი ათონელზეს” სცენაზე იდგმება. მის დადგმაში არ მონაწილეობდა რეჟისორი დავით დოიაშვილი და მათ შორის, არც ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში დადგმულა.
”სიყვარული და ინფორმაცია“ ბრიტანელი დრამატურგის, ქერილ ჩერჩილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლია, რომელშიც რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი შემოქმედებით გუნდთან ერთად, სოციალურად და პოლიტიკურად ქაოტურ სამყაროში არსებულ ფართო საკითხებს, უკიდურესად ვიწრო, ადგილობრივ კონტექსტში აქცევს,” – ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მონაწილეობს სამი მსახიობი: გივიკო ბარათაშვილი, ანასტასია ჭანტურაია და ლუკა ჯაფარიძე. მიუხედავად იმისა, რომ ის “თეატრი ათონელზეს” სცენაზე დაიდგა, სამივე მსახიობი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის დასის წევრები არიან.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო “ჯენ ზი-ს ფიცის დადებას” და ახალგაზრდების რეალურ განცხადებებს არ ასახავს, ის სპექტაკლის ფრაგმენტია, რაზეც ვიდეოს პირველწყაროც მიუთითებს.
სამთავრობო მედიისა და ცალკეული ანგარიშების მიერ ვიდეოს ამგვარი აღწერებით გავრცელება და ვასო აბაშიძის სახელობის თეატრისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციის მცდელობა, სავარაუდოდ უკავშირდება დოიაშვილის 11 იანვარს გაკეთებულ განცხადებას. დოიაშვილი თავის გუნდთან ერთად მოითხოვს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის 20 იანვრამდე გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დოიაშვილის თქმით, ისინი პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავლენ. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს, მას საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტის პარალელურად, “მითების დეტექტორი” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყალბ ცნობებს სისტემატურად ამოწმებს. ამ პერიოდში ხშირად გავრცელდა მსგავსი ვიდეომანიპულაციები, რაც პროტესტისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
წყაროების შესახებ:
ერთ-ერთი, ვინც სპექტაკლის მსვლელობისას გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძეა. მას აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია ვიდეო თუ ფოტომანიპულაციები, ასევე დეზინფორმაციული შინაარსის პოსტებიც. “მითების დეტექტრომა” მის მიერ გავრცელებული პოსტები რამდენჯერმე გადაამოწმა.
Dato Nacvlishvili კრემლისტური პარტია “ალტ ინფოს” მხარდამჭერია. ის ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დისკრედიტაციის პოსტებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.