28 ოქტომბერს რუსეთის მთავრობის კონტროლირებადი მედიის Известия -ის გვერდზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც გამოცემის ჟურნალისტის სტანისლავ გრიგორევის მიერ თბილისში გადაღებული ვიდეოც მოხვდა. ჟურნალისტის ფონზე, ხალხი უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით დგას და უჭირავთ ბანერი ინგლისურენოვანი წარწერით: Georgia is not Russia (საქართველო არ არის რუსეთი).
გრიგორევი ყვება, რომ ვიდეოში უკრაინელი აქტივისტები ჩანან, რომლებიც თბილისში, სავარაუდოდ, გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ.
სტანისლავ გრიგორევი: ეს არის ის, რასაც დიდი ხანია საქართველოში ელოდნენ. პარლამენტთან უკრაინელი აქტივისტები შესაბამისი სიმბოლიკით გამოჩნდნენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში ბოლო კვირას არაერთი უკრაინელი შემოვიდა. მათი აქ ყოფნის მიზანი გაურკვეველია. შესაძლოა, პროტესტის გამოცდილების გაზიარება სურთ.
Известия -ის ვიდეოში არა უკრაინელი აქტივისტები, არამედ იტალიური ორგანიზაციის Europa Radicale -ს დელეგაციის წევრები არიან, რომლებიც თბილისში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდნენ. ისინი 27 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბნენ და საქართველოს ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს წარწერა ბანერზე: Georgia is not Russia (საქართველო არ არის რუსეთი) და საიტის europaradicale.eu მისამართი. აღნიშნულ ვებსაიტზე გადასვლისას, გავარკვიეთ, რომ ვიდეოში მონაწილე პირები იტალიელი პოლიტიკური აქტივისტები არიან.
Europa Radicale-ის დელეგაცია, იგორ ბონის, ფრანჩესკო იანნუცის, სილვა მანზისა და კიარა სკუარციონის შემადგენლობით, თბილისში 25 ოქტომბერს საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით ჩამოვიდა. აქტივისტები თბილისში, არჩევნების დასაკვირვებლად, 29 ოქტომბრამდე იმყოფებოდნენ. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლდოვის რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროპას კიდევ ერთი კრიტიკული მოვლენა – საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ელის, ამიტომ “Europa Radicale”-ის დელეგაცია არჩევნებს დააკვირდებოდა.
Europa Radicale – ის აქტივისტებმა 27 ოქტომბერს პარლამენტთან აქცია გამართეს და საქართველოს ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს. Известия -ის ჟურნალისტის ვიდეოში კადრები სწორედ ამ აქციაზეა გადაღებული.
„დღეს საღამოს ჩვენ გავშალეთ ბანერი წარწერით „საქართველო არ არის რუსეთი“ საქართველოს პარლამენტის წინ, ათეულობით მომიტინგეებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროპისკენ, რომელიც საფრთხეშია „ქართული ოცნების“ მართველობის პირობებში. – წერია europaradicale.eu -ს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრები 26 ოქტომბერს მილანში, საქართველოს საკონსულოსთანაც შეიკრიბნენ ქართველი ამომრჩევლების მხარდასაჭერად.
აქტივისტები ასევე შეურთდნენ 28 ოქტომბრის საპროტესტო აქციას თბილისში. აღნიშნული აქტივობის კადრები ორგანიზაციამ საიტზეც გამოაქვეყნა.
27 ოქტომბერს Europa Radicale-ის პროტესტი ქართულ მედიაში არ გაშუქებულა, თუმცა ინფორმაცია ორგანიზაციის საიტზე გავრცელდა. Europa Radicale-ის საიტზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაციის წევრები აქტივიზმისთვის არაძალადობრივი პროტესტის ფორმებს მიმართავენ.
საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენის დროს, კრემლის პროპაგანდა სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თბილისში უკრაინელები ჩამოდიან პროვოკაციის მოსაწყობად. “მითების დეტექტორმა” უკვე ორი ვიზუალური მანიპუალაცია გამოავლინა, რომელშიც რუსული პროპაგანდა უკრაინელ აქტივისტებს თბილისში პროვოკაციის მოწყობას აბრალებდა. ვრცლად, იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.