რეალურად რის გამო მიესაჯა აქტივისტ იზაბელ პერალტას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

იზაბელ პერალტა
2.9k
VIEWS

13-15 აპრილს ონლაინ გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” ფეისბუქ-გვერდმა და ქართულ (1, 2, 3, 4.) და რუსულენოვანმა (1, 2, 3.) ფეისბუქ მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ესპანელ აქტივისტს იზაბელ პერალტას სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პოსტებში ვკითხულობთ, პერალტას სასჯელის მიზეზი იყო მის მიერ გაკეთებული კომენტარები იმის შესახებ, რომ “ესპანეთი ქრისტიანულია და არა მუსულმანური” და “ეს არ არის მიგრაცია, ეს არის შემოჭრა”. აღსანიშნავია, რომ “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორი შოთა აფხაიძე მის პოსტში განსხავებულ დეტალებს ავრცელებს. კერძოდ, მისი მტკიცებით ამ ქალს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების სრული კონფისკაცია მიესაჯა და მას სამუდამოდ აეკრძალა ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობა. 

იზაბელ პერალტა

იზაბელ პერალტას საქმის დეტალები უკონტექსტოდ ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის მიგრაციის კრიტიკის გამო დააკავეს. რეალურად, პერალტას, რომელიც ნეონაცისტია, სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1080 ევროს ჯარიმა 2021 წელს გამართული პროტესტისას მის მიერ გაკეთებული ძალადობრივი მოწოდებების გამო დააკისრა. მუსლიმ მიგრანტებთან დაკავშირებით მის მოწოდებებში ფიგურირებდა შეძახილი- “სიკვდილი დამპყრობლებს”. 

იზაბელ პერალტა ესპანური ნეონაცისტური ორგანიზაცია NS Bastión Frontal-ის ერთ-ერთი ლიდერია, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ პროტესტს ქვეყანაში მუსლიმების იმიგრაციის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მსგავსი არაავტორიზებული აქცია ჩატარდა 2021 წელს მაროკოს საელჩოსთან და სწორედ ამ დღეს განვითარებული მოვლენების გამო მიესაჯა პერალტას სასჯელი, რისთვისაც პროკურატურამ სარჩელი ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში შეიტანა. 2025 წლის 10 აპრილს სასამართლომ დაადგინა, რომ მან პროტესტის მიმდინარეობისას გამოიყენა ისეთი ფრაზები, რაც სიძულვილისა და დისკრიმინაციის გაღვივებას უწყობს ხელს კონკრეტული ჯგუფის მიმართ, წაახალისა მაროკოელი ემიგრანტების წინააღმდეგ ძალადობა და შელახა მათი ღირსება. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ისეთ სლოგანებს, როგორებიცაა “სიკვდილი დამპყრობლებს”, “ეს არ არის მიგრაცია, ეს არის დაპყრობა”, “ჩვენ ვიტანჯებით უპრეცედენტო რასობრივი ჩანაცვლებით”. მომიტინგეებს ასევე აღმართული ჰქონდათ დიდი ზომის ბანერი, რომელზეც ეწერა: “არც მეფე, არც მთავრობა და არც ევროკავშირი არ შეაჩერებს მაროკოს ექსპანსიონიზმს. ომი დამპყრობელთან”. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ცდებოდა პოლიტიკური აზრის გამოხატვის უფლებას, მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პერალტა მართავდა ამ პროცესს და ხმამაღლა მოუწოდებდა ასობით შეკრებილ ადამიანს. საპროტესტო აქციას არეულობა მოყვა, რაც 5 ადამიანის დაკავებით დასრულდა.  აღსანიშნავია, რომ პროკურატურა პერალტას წინააღმდეგ ითხოვდა 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთას და 3240 ევროს ოდენობის ჯარიმას, რაც სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 1080 ევროს გადახდა დააკისრა. 

იზაბელ პერალტა
იზაბელა პერალტას მიმართვა ბანერის ფონზე, რომელიც მაროკოელების “ექპანსიონიზმს” ომს უცხადებს

მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს იზაბელ პერალტა ტელეგრამ არხზე პოსტით გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ მისთვის სამშობლოს დასაცავად ციხეში 1 წლის გატარება არაფერს ნიშნავს. შემდეგ კი მან მოიშველია ადოლფ ჰიტლერის პროპაგანდის მინისტრის, იოზეფ გებელსის უკანასკნელი სიტყვა: “კაცები მოვლენ, რომლებიც შეეცდებიან გაიარონ ეს ჩვენი გზა და მათ ჩვენსავით დევნიან, მაგრამ ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან რაც არის კარგი და ჭეშმარიტი ყოველთვის იმარჯვებს ამქვეყნად”. მის განაჩენზე საუბრისას, ესპანურმა მედიამ ასევე გაიხსენა 2022 წელს მომხდარი ფაქტიც, როდესაც პერალტა სვასტიკის დროშით, ჰიტლერის ცნობილი წიგნით “Mein Kampf” და  ნაცისტური პროპაგანდის მიერ შექმნილი წიგნით Bund Deutscher Mädel ცდილობდა გერმანიაში შესვლას, რის გამოც იგი ქვეყნიდან გააძევეს. 

არქივი: 1, 2, 3, 4.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist