13 ნოემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა გაავრცელა (1, 2) ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეო, რომელზეც ანგარიშის მტკიცებით, “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე დონალდ ტრამპის ციტატაა მოყვანილი. ვიდეოში ნაჩვენებია მხოლოდ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ფოტო, რომელზეც ტიტრებადაა დადებული შემდეგი ციტატა: “ივანიშვილის რეჟიმისთვის იმდენად მძიმე სანქციას ვამზადებთ შეიძლება ერთჯერადი სუპის ყიდვის საშვალებაც აღარ ქონდეთ “.
ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი ივანიშვილის სანქციერებას აანონსებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი ციტატა ღია წყაროებში არ იძებნება და არც ერთ მედია საშუალებას, თუ სამთავრობო უწყებას არ გაუვრცელებია.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც წარსულში პუტინის და მისი მოკავშირეების დასანქცირებას ითხოვდა. კერძოდ, 2020 წელს მან და კიდევ 12-მა კონგრესმენმა წარადგინა მოხსენება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედ იყო მოხსენიებული. დოკუმენტის თანახმად, საჭირო იყო ვლადიმერ პუტინის მოკავშირეების დასანქცირებაც, რომლებიც დესტაბილიზაციის საქმეში არიან ჩართული და რუსეთის სასარგებლო დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპს ამ ეტაპზე ივანიშვილისა და საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

-
ყალბი ციტატის პირველწყარო
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად ტიკ-ტოკ ანგარიშმა citizen000007 გამოაქვეყნა. ანგარიში 28 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა, ბოლო რამდენიმე დღეა, კი ყალბი, ასევე ირონიული შინაარსის ციტატებს აქვეყნებს, რომლებისთვისაც ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების, მოდელების და ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს იყენებს. მათ შორის გვხვდება დონალდ ტრამპის კიდევ მინიმუმ ორი გაყალბებული ციტატაც. ერთ მათგანში ის ქართულ ოცნებას და მის მხარდამჭერებს შეურაცხყოფს, მეორეში კი მხარს უჭერს ქართველი ხალხის პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ.


როგორც უკვე აღინიშნა, ფეისბუქზე გავრცელებული მტკიცების მსგავსად, აღნიშნულ ორ ვიდეოზე გაკეთებებული ციტატებიც ყალბია და მსგავსი განცხადებები ტრამპს არ გაუკეთებია.
“მითების დეტექტორმა” TikTok ანგარიში citizen000007-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც გამოავლინა. აღნიშნული ანგარიშის შესახებ, ვრცლად იხილეთ მასალა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















