2023 წლის 30 დეკემბერს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა – ტელეკომპანიებმა “იმედი”(დარედაქტირებული ვერსია), PosTV და სააგენტო Pia.ge-მ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, ფრაქცია “ლელოს” წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის ციტატა გაავრცელეს. აღნიშნული ციტატის თანახმად, სამადაშვვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს. ციტატა ქარდზე ოპოზიციონერი პარლამენტის სურათთან ერთად არის გამოტანილი>
სალომე სამადაშვილი: “მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა ევროკავშირმა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას”.
ტელეკომპანია “იმედის” ქარდი ასევე გააზიარა ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ფეისბუქ ანგარიშმა მიხეილ განუბაჟებელი.
სახელისუფლებო მედიებისა და ფეისბუქ ანგარიშის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით გავრცელებული ციტატა შეცდომაში შემყვანია და ის კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება. სრულ ციტატის თანახმად, სალომე სამადაშვილმა შეცდომად მიიჩნია არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ ის, რომ ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილთან მიმართებით დეოლიგარქიზაციაზე მკაფიოდ გასაგები გზავნილი არ მიაყოლა.
სალომე სამადაშვილმა კანდიდატის სტატუსისა და დეოლიგარქიზაციის საკითხის შესახებ ტვ “ფორმულას” 30 დეკემბრის საღამოს ეთერში გიორგი თარგამაძესთან ისაუბრა.
სახელისუფლებო მედიების ვერსია | ტვ ფორმულას ეთერში გასული სრულყოფილი ციტატა |
სალომე სამადაშვილი: “მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა ევროკავშირმა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას …… | სალომე სამადაშვილი: “მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას და იქვე არ მიაყოლა ძალიან გასაგები გზავნილი, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია ივანიშვილთან მიმართებაში”. |
მას შემდეგ, რაც ტვ “იმედის” ფეისბუქ პოსტს პირად ფეისბუქ გვერდზე თავად სალომე სამადაშვილი, გამოეხმაურა და გამოცემა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაციის გამო გააკრიტიკა, “იმედმა” თავდაპირველი შეცდომა დაარედაქტირა, თუმცა შესწორება არათანაზომადად განახორციელა: არ მიუთითა თავდაპირველი მცდარი ვერსიის შინაარსი. “იმედის” პოსტის რედაქტირებულ ვერსიაში ჩანს, რომ პირვანდელი ქარდი წაშლილია, ხოლო აღწერილობა მცდარია.
ტვ იმედის მიერ გავრცელებული პოსტის რედაქტირების ისტორია
სხვა მედიები შეცდომაში შემყვანი სათაურით
შეცდომაში შემყვანი არასრული ციტატა სათაურად გამოიყენეს სხვა სახელისუფლებო ონლაინ გამოცემებემა – მარშალპრესი, For.ge, საინფორმაციო სააგენტო INFO9 და მედიაჰოლდინგმა “კვირა”, ასევე ჯორჯიან თაიმსმა. მართალია, სტატიის ონლაინ ბმულში სამადაშვილის ციტატა სრულად არის გადმოცემული, მაგრამ სათაური ქმნის აღქმას, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეცდომად აფასებს.
მიხეილ განუბაჟებლის შესახებ
ფეისბუქ ანგარიშს “მიხეილ განუბაჟებელს”, რომელსაც პროფილის სურათად პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო უყენია, აღწერილობაში უწერია, რომ ის ფეისბუქზე რამდენიმეჯერ დაბლოკეს, რის გამოც სახელწოდება “მიხეილ უკრაინოლოგი” “მიხეილ განუბაჟებელზე” შეცვალა.
მიხეილ უკრაინოლოგი წლებია ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიაშია ჩართული და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ არაერთი ყალბი ინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი გაუვრცელებია:
- “მიხეილ უკრაინოლოგი” გიორგი ვაშაძის “ფარულ კონვერტში” მონაწილეობის ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს
- ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის დამონტაჟებული ვიდეოკომენტარი ვრცელდება
- მიხეილ უკრაინოლოგი გიგი უგულავას პოსტის გაყალბებულ ვერსიას ავრცელებს
- ხატია დეკანოიძის კომენტარი არჩევნების შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
- ბიუჯეტი თუ იური გაგარინის კოსმოსში გაფრენა? – რას შეეხებოდა გიგი უგულავას რეპლიკა “მთავარის” ეთერში
- ინფორმაცია, თითქოს არასამთავრობოებმა ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოთხოვეს, მცდარია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.