რეალურად რა დატვირთვა აქვს იუდაიზმში სატანას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სატანა
64
VIEWS

2025 წლის 16-17 ივნისს Facebook-ზე გავრცელდა ებრაელი რაბინის ვიდეო, რომელშიც რაბინი ამბობს, რომ ბოროტების წყარო არის ღმერთი და არა სატანა, რომ იუდაიზმში სატანა არის ღმერთი. ვიდეოს აღწერაში რაბინის სიტყვების თარგმანთან ერთად წერია, რომ [ებრაელები] სატანას სცემენ თაყვანს, ემსახურებიან და საბოლოო ჯამში გაამეფებენ კიდეც.

სატანა

გამოქვეყნებული ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით იუდაიზმში სატანას ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავებული დატვირთვა აქვს და ის არა ცალკე, ღმერთის წინააღმდეგ მიმართული არსება, არამედ ღმერთის მსახურია, რომელიც ადამიანის გამოცდასა და სიმართლის დადგენაში მონაწილეობს.

სიტყვა “სატანა” ივრითიდან მომდინარეობს და “მოწინააღმდეგეს” ნიშნავს. იუდაიზმში, ქრისტიანობისგან განსხვავებით, სატანას ერთგვარი როლი და დანიშნულება არ აქვს. ორივე რელიგიაში სატანა დაკავშირებულია ბოროტებასთან, ცდუნებასთან, რომელსაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავს და მათ ცოდვისკენ უბიძგებს. 

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, სატანა დამოუკიდებელი, დაცემული ანგელოზია, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ არის მიმართული და ყველანაირი ბოროტების წყაროა. სატანა გვევლინება როგორც ქრისტეს ანტაგონიტი, “რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს იესო ქრისტეს ცხოვრებითა და ტანჯვით ღვთის ბატონობის დამყარებას”. ის ხელს უშლის ადამიანს სიკეთის ქმნაში და მას ბოროტებისკენ მიმართავს. ქრისტიანული სწავლება ერთგვარად უყურებს სატანის კონცეფციას, მაშინ როცა იუდაიზმში შესაძლებელია განსხვავებული წარმოდგენები არსებობდეს სატანის მიმართ, რაც გამოიხატება იუდაიზმის სხვადასხვა ტრადიციებში

იუდაიზმში სატანა ხშირ შემთხვევაში ერთგვარ “პროკურორის” როლს ითავსებს, ის ღმერთზეა დამოკიდებული და ადამიანები შეცდომაში შეჰყავს, რათა მათ ღმერთის წინაშე რწმენა დაამტკიცონ. აღნიშნული მოსაზრება ებრაულ ტრადიციაში ძირითადად იობის წიგნს ეყრდნობა, სადაც სატანა ღმერთის ნებართვით მოქმედებს, რათა იობს განსაცდელი მოუვლინოს, იობმა კი გამოავლინოს, მართლა ერთგულია თუ არა ღმერთისა. იობის წიგნის მიხედვით, სატანის ქმედებები ღმერთის მიერ არის შეზღუდული

იობი 2:3-6: 3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი. 4. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. 5. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას – მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა. 6. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.

იობის წიგნის მიხედვით, სატანა თავის ბოროტ ზრახვებს მხოლოდ ღმერთის ნებით ახორციელებს და ღმერთის მიზანი არა იობის დასჯა, არამედ მისი ღმერთისადმი რწმენის შემოწმებაა. იუდაიზმის მიხედვით, ღმერთმა შექმნა ყველაფერი და არა მხოლოდ კარგი. ხოლო რაც შეეხება სატანას, ის თანახში “ღვთის მორჩილი მსახურია… რომელიც მსახურობს როგორც ადამიანის ბრალმდებელი ღვთის სასამართლოში.”

ესაია 45:7: “ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.”

ორთოდოქს, ხასიდ იუდეველთა ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციის ხაბად ლუბავიჩის მიხედვით, სატანა დამოუკიდებელი არსება არ არის: მას არ აქვს დამოუკიდებელი დღის წესრიგი, რომელსაც თავისი ნებით მიჰყვება. ხაბადის სწავლებით, იუდაიზმში სატანა ღვთიური ძალაა, რომელიც გამოიყენება ხალხის ცოდვაში შესაყვანად, არა იმიტომ “რომ მახეში გავებათ”, არამედ – “რომ გადავლახოთ [მახე] და ვისწავლოთ”. ხაბადის აზრით, ღმერთი ყველა ადამიანურ ქმედებაშია და რაც არ უნდა ქმედება ცუდი ჩანდეს, მისი მიზანი ადამიანის სრული პოტენციალის მიღწევაა. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია განმარტავს, რომ სიტყვა სატანა ეტიმოლოგიურად “გადახვევას” (მაგ. სწორი გზიდან გადახვევა) ნიშნავს და რეალობაშიც სატანის დანიშნულება ეს არის.

ხაბადის აზრით, სატანა შეიძლება სხვაგვარადაც განიმარტოს, კერძოდ, ის გამოვლინებაა ადამიანის ცუდი მიდრეკილებებისა, რომელიც თავად ადამიანის კონტროლის ქვეშ არის. ამ განმარტების მიხედვით აღნიშნული ცუდი მიდრეკილება თავისუფალი ნების ნაწილია და ის ადამიანის აუცილებელი შემადგენელია, რის გარეშეც ადამიანი დაკარგავდა კრეატიულობის და პროდუქტიულობის სურვილს. 

სწორედ ამას ამტკიცებს ვიდეოში რაბინი რუვენ ფაერმანი, რომელიც იერუსალიმში დაფუძნებული რელიგიური, სიონისტური ორგანიზაცია მახონ მეირის წევრია და ის სხვადასხვა საგანმანათლებლო ვიდეოებს აქვეყნებს. სრულ ვიდეოში რაბინი ამბობს, რომ ბოროტება სიკეთისგან განცალკევებულად არ არსებობს, ის თავისუფალი ნების ნაწილია და რომ ბოროტება როგორც ასეთი არის ის, რაც ადამიანს უბიძგებს რომ “გახდეს უკეთესი და იყოს უკეთესი” და იმისათვის რომ გახდეს უკეთესი, მან უნდა იცოდეს, თუ როგორ შეუძლია იყოს უარესი. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist