30 სექტემბერს პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გადაცემაში “სოლიდარობის დრო”, სტუმარმა მარიამ მაისურაძემ განაცხადა, რომ ბრიქსის (BRICS) პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით, ჩინეთი რუსეთს ოფიციალურად სთხოვს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავისი გავლენები შეამციროს. მისი მტკიცებით, ჩინეთის მოთხოვნა არის ამ პროექტში საქართველოს ჩართვაც, რის გამოც მათი მიზანია, რომ არანაირი კითხვის ნიშნები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არ არსებობდეს, რადგან ეკონომიკური მიზნების მისაღწევად სტაბილურობა არის საჭირო.
ინფორმაცია, თითქოს ბრიქსის (BRICS) პროექტის წარმატებისთვის ჩინეთის ოფიციალური მოთხოვნა რუსეთის მიმართ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე უარყოფითი გავლენების შემცირებაა, მტკიცებულების გარეშეა. BRICS-ის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთისა და ჩინეთის მსგავსი შეთანხმება ღია წყაროებში არ იძებნება.
მარიამ მაისურაძემ აღნიშნა, რომ ამ დრომდე რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაძაბული ვითარების შენარჩუნება აწყობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მოხდა ბრიქსის პროექტის ინიცირება, ჩინეთმა მოითხოვა მასში საქართველოს ჩართვა. მისი მტკიცებით, ჩინეთი ითხოვს, რომ ამისათვის საჭიროა ქვეყნის სუვერენიტეტის სრული დაცვა, სტაბილურობა და უცხოური გავლენის შესუსტება.
ღია წყაროებში ჩინეთის მსგავსი მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. რუსეთის მისამართით ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ოფიციალური მოწოდება, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გავლენები უნდა შეასუსტოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრაგეტიგული პარტნიორობის შესახებ 2023 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი. მართალია, დოკუმენტის პირველ პუნქტში, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს ეხება, აღნიშნულია, რომ “ორივე სახელმწიფო ადასტურებს პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”. თუმცა, აქვე ჩაწერილია, რომ “საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს”, რაც ნიშნავს ტაივანის ჩინეთის ნაწილად აღიარებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ კი მსგავსი ჩანაწერი დოკუმენტში არ არსებობს.
-
რას არის ბრიქსი?
“ბრიქსი” სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა და მასში შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. 2010 წელს მათ უკვე სამხრეთ აფრიკაც შეუერთდა და ამ სახელმწიფოების სახელების პირველი ასოებისგან შედგა კიდეც გაერთიანების სახელი (BRICS). გაერთიანება თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად და მომავალში მსოფლიო ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად განიხილავს და ცდილობს შეცვალოს “შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი”. 2024 წლის პირველი იანვრიდან ორგანიზაცია კიდევ უფრო გაფართოვდა და 4 ახალი წევრი მიიღო: ირანი, ეთიოპია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე. ამჟამად, Brics-ის წევრები ერთობლივად შეადგენენ მსოფლიო მოსახლეობის 45%-ს, ეკონომიკის 28%-ს და წარმოებული ნავთობის 44%-ს.
წარსულში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა BRICS-თან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის ხელშეკრულების 50-ე პუნქტი ითვალისწინებდა წევრი ქვეყნებისგან კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას. რეალურად BRICS არაფორმალური ჯგუფია, მას არ გააჩნია კონკრეტული წესდება/ქარტია ან წინასწარ განსაზღვრული ფინანსები მისი აქტივობების ხარჯების დასაფარად და არ მოიცავს თავდაცვის საკითხებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.