16 ივნისს ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა War Born (იგივე Boogey Man) გაავრცელა ვიდეო, რომელიც აღწერის მიხედვით ისრაელის ერთ-ერთ ქალაქზე ირანის სარაკეტო თავდასხმას ასახავს.

გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული და ისრაელის ქალაქზე სარაკეტო თავდასხმას არ ასახავს.
15 ივნისიდან ვიდეო აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ ქსელში. აღწერის მიხედვით, ვიდეო თელ-ავივზე თავდასხმას ასახავს. X-ზე გავრცელებულ ვერსიაში ჩანს, რომ ვიდეოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩანს წარწერა Veo.
Veo Google-ის АI ხელსაწყოა, რომელიც ვიდეოების გენერირებისთვის არის შექმნილი. ასევე გავრცელებულ ვიდეოს აქვს რუსული პროპაგანდისტული მედიის ლოგოც RT, Russian Today. ვიდეოს გადასამოწმებლად ასევე გამოვიყენეთ ხელსაწყო WasitAI, რომელიც ვიზუალური მასალის ატვირთვის შემდეგ ადგენს თუ რა დონით იყო გამოყენებული მის შესაქმნელად AI. პროგრამამ დაადასტურა, რომ დიდი ალბათობით ვიდეოს ვიზუალი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული.
ვიდეო ასევე Deutsche Welle-მ და Indiatoday-იმ გადაამოწმეს. Indiatoday-ის მიხედვით, ვიდეო ერთ-ერთმა პირველმა X-ზე გაავრცელა ირანის სამთავრობო მედიამ Press TV. თუმცა ამჟამად პოსტი წაშლილია.
წყარო: India Тoday
ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი 13 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა ირანის ბირთვულ იბიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ისრაელის თანახმად, ირანი მალე ბირთვული იარაღის შექმნისთვის მზად იქნებოდა. 21 ივნისს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზესაჰაერო იერიში აშშ-მაც მიიტანა. 24 ივნისის მონაცემებით კონფლიქტს ირანში 610 ადამიანი ემსხვერპლა და 4 746 დაშავდა, ისრაელში კი 28 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ჩართულობით 28 ივნისს მხარები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მოამზადა ანა სვანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.