8 დეკემბერს ალექსანდრე ფალავანდიშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში ირლანდიელ მასწავლებელს, ინოქ ბერკს, რომელიც “უარს აცხადებდა ბავშვის არაბუნებრივი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელით მოხსენიებაზე”, ჯერ პედაგოგიური საქმიანობა აუკრძალეს, ხოლო შემდეგ დააპატიმრეს. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ვისმენთ, რომ პედაგოგმა თავისი პრინციპული პოზიცია ქრისტიანული შეხედულებებით ახსნა, პასუხად კი სკოლის სადისციპლინო კომიტეტმა მას პედაგოგიური საქმიანობა აუკრძალა, “ხოლო მას შემდეგ, რაც ინოქმა რამდენჯერმე მაინც სცადა ებრძოლა, მისივე თქმით, თავისი რელიგიური უფლებებისთვის, იგი საბოლოოდ დააპატიმრეს”.
ინოქ ბერკის შესახებ ინფორმაცია ასევე გაავრცელეს რუსულენოვანმა ანგარიშებმა – ისინი წერენ (1;2;3;4), რომ მასწავლებელს 2022 წელს ტრანსფობიის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და მის ერთადერთ იმედად შეწყალება რჩება. პოსტებს ინგლისურენოვანი სტატიის სქრინშოტი აქვს დართული.

მასწავლებელ ინოქ ბერკის დაკავების მიზეზებზე მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება. რეალურად, სასამართლომ განმარტა, რომ მისი დაკავების მიზეზი იყო არა კონკრეტული ნაცვალსახელის გამოყენება ან მისი ქრისტიანული შეხედულებები, არამედ უარის თქმა, შეესრულებინა სასამართლოს ბრძანება, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავდა. რუსულენოვანი ანგარიშების მტკიცება, რომ ბერკს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ბერკის დაკავების მიზეზი
ბერკი ირლანდიაში მდებარე Wilson’s Hospital School-იდან 2022 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაითხოვეს, უარი თქვა, გამოეყენებინა ტრანსგენდერი მოსწავლის სასურველი სახელი და ნაცვალსახელი (They/Them), ასევე, ხელი შეუშალა სკოლაში ღონისძიების მიმდინარეობას, რათა საკუთარი პოზიცია გამოეხატა. მიუხედავად იმისა, რომ ბერკს დისციპლინური პროცესის დასრულებამდე სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკრძალებოდა შენობაში უკანონოდ შესვლა, ამავე წლის სექტემბერში ის სამსახურში კვლავ აგრძელებდა მისვლას. სასამართლოს ბრძანების უგულებელყოფისა და უპატივცემულობის გამო ის 2022 წელს დააკავეს, თუმცა, რუსულენოვანი ანგარიშების მტკიცების საწინააღმდეგოდ, მისთვის “ტრანსფობიის გამო” სამუდამო პატიმრობა არ მიუსჯიათ. მას 2022 წლის სექტემბერში 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 2023 წლის იანვარში ფორმალურად გაათავისუფლეს სკოლაში მასწავლებლის პოზიციიდან. სასამართლოში 2022 წელსაც განმარტეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება, ბერტის მტკიცების მიუხედავად, რომ საქმე ეხებოდა მოთხოვნას, “ეწოდებინა ბიჭისთვის გოგო”, არ უკავშირდებოდა მასწავლებლის შეხედულებებს ან ტრანსგენდერობას. საქმე განიხილებოდა და გადაწყვეტილება მიღებული იყო ბერკის მიერ სასამართლო ბრძანების დარღვევისა და უპატივცემულობის გამო.
ბერკი 2023 წლისა და 2024 წლის სექტემბერში კვლავ დააპატიმრეს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულების გამო, რაც სკოლის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ეხებოდა. 2025 წლის ნოემბერში ის სკოლაში კვლავ მივიდა და საკუთარ X-ზეც გამოაქვეყნა ვიდეო. აღნიშნულს მისი მომდევნო დაპატიმრება მოჰყვა, რის შესახებაც ქართულ და რუსულენოვანი ანგარიშები წერენ. რაც შეეხება ჯარიმას, 2022 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ბერკს განუმარტეს, რომ სკოლის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში ის დღიურად 700 ევროთი დაჯარიმდებოდა, ბრძანების დარღვევის შემდეგ ჯარიმის დღიური რაოდენობა გაიზარდა. 2025 წლის ნოემბერში, ბერკის ჯარიმების საერთო რაოდენობამ დაახლოებით, 225 000 შეადგინა.
2025 წლის ნოემბერში დუბლინში გამართული მოსმენის დროს მოსამართლემ თქვა, რომ ბერკი და მისი ოჯახის წევრები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობაზე “განზრახ და შეთანხმებულ თავდასხმაში” მონაწილეობდნენ. მოსამართლებ ასევე ხაზგასმით განმარტა, რომ “სასამართლომ კიდევ ერთხელ ნათლად უნდა განაცხადოს – ბატონი ბერკი არ დაპატიმრებულა და არც დაჯარიმებულა ტრანსგენდერებთან დაკავშირებული შეხედულებების გამო, რისი ქონის და გამოხატვის სრული უფლებაც მას აქვს […] ბატონი ბერკი დააპატიმრეს და დააჯარიმეს სასამართლოს უპატივცემულობისთვის, რადგან მან დაარღვია სასამართლოს ბრძანებები, რომლებიც მას სკოლის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევას უკრძალავდა”.
მტკიცება სამუდამო პატიმრობის მისჯაზე
2025 წელს, ბოლო დაპატიმრების დროს, მოსამართლემ თქვა, რომ ბერკი შეიძლება გათავისუფლდეს, თუ სასამართლოს უპატივცემულობას გამოასწორებს და პირობას დადებს, რომ შეასრულებს სასამართლოს ბრძანებას სკოლაში შეჭრისგან თავის შეკავების შესახებ. გარდა ამისა, Reuter-ის ცნობით, გადაწყვეტილებაში ნათქვამია:
“მე ვუბრძანებ მის დაუყოვნებლივ ციხეში გადაყვანას. ბატონი ბერკი ციხეში დარჩება მანამ, სანამ სასამართლო არ დანიშნავს გადახედვის თარიღს. თუმცა, ბატონ ბერკს აქვს საკუთარი ციხის გასაღები და, თუ მას სურს საკუთარი უპატივცემულობის აღმოფხვრა, მაშინ ის შეიძლება გათავისუფლდეს”.
ირლანდიის სასამართლოს უპატივცემულობისთვის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრელი ვადით არის გათვალისწინებული, რადგან მისი მიზანია პირის იძულება, გამოასწოროს საკუთარი უპატივცემულობა. როგორც Reuter-ი ირლანდიის Law Society Gazette-სა და ირლანდიის სამართლებრივი რეფორმების კომისიის წყაროებზე დაყრდნობით განმარტავს, აღნიშნული განსხვავდება გადაწყვეტილებისგან სამუდამო პატიმრობის მისჯის შესახებ. სამუდამო პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღება სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ. პირმა, რომელსაც ირლანდიაში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, შეწყალების მოთხოვნამდე 12 წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს. მოსამართლეს ბერკის შემთხვევაში სამუდამო პატიმრობაზე განაჩენი არ გამოუტანია.
ამრიგად, ინოქ ბერკის დაპატიმრების ან დაჯარიმების მიზეზად სასამართლოს არ დაუსახელებია მისი შეხედულებები ან უარის თქმა მოსწავლესთან ურთიერთობაში კონკრეტული ნაცვალსახელის გამოყენებაზე. სასამართლო წლების განმავლობაში განმარტავდა, რომ გადაწყვეტილებების მიზეზი იყო ბერკის მიერ სკოლის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესრულებაზე უარის თქმა. ასევე, ბერკისთვის სამუდამო პატიმრობა არ მიუსჯიათ.
მანიპულაციური მტკიცება ბერკის დაკავების მიზეზებზე და მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯაზე ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა – Reuters-მა და AAP-მაც გადაამოწმეს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















