12-13 სექტემბერს ქართულ (1;2;3;4;5) და რუსულენოვანმა (1;2;3) ფეისბუქ-ანგარიშებმა და გვერდებმა აშშ-ში მოკლული უკრაინელი ირინა ზარუცკას საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულისთვის განაჩენის გამოტანას ასახავს. ფეისბუქ-მომხმარებლების თანახმად, ვიდეოში ასახული ადამიანი ზარუცკას მკვლელობაში ბრალდებული პირია და მას სიკვდილი მიუსაჯეს.


ინფორმაცია, თითქოს გამოქვეყნებული ვიდეო უკრაინელი ირინა ზარუცკას მკვლელობაში ბრალდებულს ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, კაცი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, ჯალილ სმიტ-რაილია. სმიტ რაილი 2016 წელს გაასამართლეს 2013 წელს ოჰაიოში ჩადენილი მკვლელობის გამო. ზარუცკას მკვლელობაში ბრალდებულ დეკარლოს ბრაუნ ჯუნიორის განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებიათ.
23 წლის უკრაინელი ირინა ზარუცკას მკვლელობის საქმე
2025 წლის 22 აგვისტოს 23 წლის უკრაინელი ირინა ზარუცკა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, საზოგადოებრივ ტრასნპორტში სასიკვდილოდ დაჭრეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსი, შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს და მას ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს. მას შესაძლოა სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანონ. ამჟამად ეჭვმიტანილი ბრაუნი იზოლატორშია მოთავსებული, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია (15/09/2025-ის მონაცემებით). ასევე ცნობილია, რომ ბრაუნს წარსულში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და აქამდეც მოხვედრილა ციხეში.

მომდხარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრალდებულს სიკვდილი უნდა მიესაჯოს, რადგან “სხვა ვარიანტი არ შეიძლება, არსებობდეს”.
ვიდეოში ნაჩვენები მსჯავრდებული
გამოძიების თანახმად, 2013 წლის ნოემბერში, ოჰაიოს შტატის ქალაქ ნორვუდში, ჯალილ სმიტ-რაილიმ 22 წლის პორშა ბრუკსი მოკლა. მკვლელობა, პოლიციის თანახმად, წინასწარ დაგეგმილი ძარცვის დროს მოხდა. ამ ღამეს ასევე დაიჭრა პორშა ბრუკსის მეგობარი კაცი, თუმცა იგი თავდასხმას გადაურჩა და მძიმე დაზიანებები დარჩა.

სმიტ-რაილის ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში, მკვლელობაში, დანაშაულებრივ თავდასხმაში, მკვლელობის მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში ძარცვაში. ეს ბრალდებები შტატის კანონმდებლობის თანახმად სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. საბოლოოდ, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, შეწყალების მოთხოვნის უფლების გარეშე, რაზეც მას ის რეაქცია ჰქონდა, რომელიც მცდარი აღწერით გავრცელებულ ვიდეოზეა ასახული.

შესაბამისად, ქართულ და რუსულენოვან წყაროებში გავრცელებული ვიდეო, რომელზეც მსჯავრდებული განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ ხდება, რეალურად 2016 წელსაა გადაღებული. მასზე სხვა ადამიანია გამოსახული და მას არანაირი კავშირი არ აქვს ირინა ზარუცკას მკვლელობაში ეჭვმიტანილ დეკარლოს ბრაუნ ჯუნიორთან. ზარუცკას საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რაც არ გამორიცხავს სიკვდილით დასჯას, თუმცა საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ უცნობია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















