რა ვიცით თავდასხმის შედეგად ირანში რადიაციის გაჟონვასა და სავარაუდო საფრთხეზე? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Radiation Leak
328
VIEWS

13 ივნისიდან ფეისბუქზე (1, 2, 3, 4, 5) ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ირანში რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა, რაც თეირანის ატომურ ელექტროსადგურზე ისრაელის სარაკეტო იერიშმა გამოიწვია. ამ შემთხვევისგან ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი “ახალ ჩერნობილს” ვარაუდობს. 

მსგავსი შინაარსის პოსტებს რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშებიც (1, 2) ავრცელებდნენ. რადიაციის გაჟონვა

მცდარია, თითქოს ირანში, ისრაელის თავდასხმის გამო, რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა. აღნიშნულს უარყოფს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, ქალაქ ნათანზის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად, ქარხანაში მცირე რაოდენობის რადიაციამ გაჟონა, თუმცა მას სადგურის გარეთ არ გამოუღწევია და მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციის დონე უცვლელი რჩება. პოტენციური გაჟონვის შემთხვევაშიც კი აღნიშნული ფაქტის ჩერნობილთან შედარება უსაფუძვლოა, რადგან ნათანზის ატომურ კომპლექსში რეაქტორები არ დგას, ის ურანის გამდიდრებისთვის მუშაობს, ხოლო მხოლოდ ურანის გაჟონვა “ჩერნობილის კატასტროფას” ვერ გაიმეორებს.

13 ივნისის ღამეს ისრაელი თავს დაესხა ირანს, რის საპასუხოდაც თეირანმა ისრაელი, მათ შორის, დედაქალაქი თელ-ავივი დაბომბა. ისრაელის ძირითადი სამიზნე ირანის ატომური ინფრასტრუქტურა, სამხედრო გენერლები და ირანის ბირთვული იარაღის შექმნაზე მომუშავე მეცნიერები იყვნენ. თავდასხმებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაერო-მ შეშფოთება გამოთქვა, რომ ირანი არ ასრულებდა ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან ასაცილებლად გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საპასუხოდ, ირანმა განაცხადა, რომ ის ახალი ბირთვული ობიექტების შექმნასა და გამდიდრებას აპირებდა. 13 ივნისის საღამოს თავდასხმის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მიმართვისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ათწლეულები “თეირანის ტირანები” ისრაელის განადგურების მოწოდებებით გამოდიოდნენ და სწორედ ეს რიტორიკა დაედო საფუძვლად ირანის ბირთვული იარაღის განვითარების გეგმაs. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ბოლო წელს ირანმა ცხრა ატომური ბომბისთვის საკმარისი ურანი აწარმოა, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებას. 

ისრაელსა და ირანს შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დასავლურმა მედიასაშუალებებმა შეადგინეს რუკები, რომელზეც ირანის ტერიტორიაზე ისრაელის შეტევის ადგილებია აღნიშნული. მათზე ჩანს, რომ დაიბომბა ქალაქ ნათანზის ბირთვული ინფრასტრუქტურა. სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში სწორედ ამ ატომური ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ამახვილებენ ყურადღებას და ზოგიერთი ფეისბუქ-ანგარიში წერს, რომ იქ რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა. 

  • რა ვიცით ირანის ბირთვული სადგურებიდან რადიაციის გაჟონვის შესახებ? 

ირანში რადიაციულ დონეს აკვირდებიან და სწავლობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. დასავლური მედიები მათზე დაყრდნობით წერენ, რომ ზიანი სერიოზულია და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა ამ დროისთვის რადიაციის გაჟონვა არ ირანში დასტურდება. 

13 ივნისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ირანში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მუდმივ კონტაქტზე არიან ირანის ბირთვული ენერგიის რეგულირების ხელმძღვანელობასთან. მათი შეფასებით, ნათანზში რადიაციისა და ქიმიური დაბინძურების დონე უცვლელი რჩება, თუმცა უცნობია რა ხდება ბირთვული სადგურების შიგნით. რაფაელ გროსის განმარტებით, ექსპერტებს არ აქვთ შესაძლებლობა სრულიად შეისწავლონ სადგურები და მიმდებარე ტერიტორია, რადგან მასთან ახლოს შეტაკებებია. 

16 ივნისის სხდომაზე რაფაელ გროსმა კვლავ განაცხადა, რომ ირანში რადიაციის დონე უცვლელი რჩება, თუმცა თავად ატომურ სადგურში, დაბინძურების სერიოზული საფრთხე არსებობს. 

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესმდივანმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ ასევე დაადასტურა, რომ რადიაციას გარეთ არ გამოუჟონია და სადგურის შიგნითაც მცირე გაჟონვა დაფიქსირდა. კამალვანდიმ განმარტა: 

“ნათანზის დაზიანებული ნაწილი, უმეტესად, ობიექტის ზედაპირებია, რადგან დანადგარების უმეტესობა მიწის ქვეშაა. ჩვენ გვაქვს მცირე გაჟონვა შიგნით, რაც გარეთ არ გამოსულა. საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იქ პრობლემა არ არსებობს.” 

  • რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს რადიაციის პოტენციური გაჟონვა?

ირანში რადიაციის გაჟონვის საფრთხის შესაფასებლად ამერიკული მედია Associated Press ექსპერტებს ესაუბრა. ბირთვული იარაღის ექსპერტმა, დევიდ ოლბრაითმა მედიასთან განაცხადა, რომ თუ რადიაციის გაჟონვას დავუშვებთ, ამგვარი თავდასხმისას იმდენად მცირე რაოდენობის ურანი გამოიყოფოდა, რომ გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იქნებოდა. მან განმარტა, რომ ურანი თავისთავად ტოქსიკური ნივთიერება არაა და ის არაერთ არაერთ ადგილასაა გავრცელებული. 

ურანი, რომლის გაჟონვაც ნათანზის ატომური ელექტროსადგურის შიგნით დასტურდება, სუსტად რადიოაქტიური ნივთიერებაა და ბირთვული იარაღისათვის შესაქმნელი რეაქტორების მუშაობისთვის გამოიყენება. ასევე, უსაფუძვლოა ნათანზისა და ჩერნობილის შემთხვევების შედარება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განმარტებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში რადიაციის გაჟონვისას მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის, პლუტონიუმი, იოდი, სტონციუმი და ცეზიუმი, მიმოიფანტა. სააგენტო ჩერნობილის კატასტროფის შესახებ წერისას, არ ახსენებს სუსტად რადიაქტიურ ნივთიერებას, ურანს. 

გარდა ამისა, რადიაციამ ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან უნდა გამოჟონოს. აღსანიშნავია, რომ ნათანზის ატომურ კომპლექსში რეაქტორები არ დგას და ის ურანის გამდიდრებისთვის მუშაობს. რეაქტორები დგას ირანის სხვა ქალაქებში, ფორდოუსა და ხონდაბში, მათი ინფრასტრუქტურა თავდასხმების შედეგად არ დაზარალებულა. სავარაუდოა, რომ ნათანზში თუნდაც მნიშვნელოვანი რაოდენობით ურანის გამოჟონვა არ დასტურდება, რადგან ირანის ატომური ინფრასტრუქტურის ყველაზე სენსიტიური ნაწილები მიწის ქვეშაა.  

ომში ისრაელის მთავარი სამიზნე ირანის ბირთვული ობიექტებია. ირანის ბირთვული პროგრამა სწრაფად ვითარდება 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ გამოვიდა შეთანხმებიდან, რომელიც ირანს ურანის გამდიდრების შესაძლებლობებს ზღუდავდა. ურანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო ნივთიერებაა. ამ დროის განმავლობაში თეირანი ირწმუნებოდა, რომ მის პროგრამას სამშვიდობო მიზნები ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო იმეორებდა, რომ ქვეყანას გამდიდრებული ურანის საკმარისი მარაგი აქვს, რათა, სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე ატომური ბომბი დაამზადოს. ირანის ბირთვული პოტენციალის განვითარება დიდხნიანი მტრისთვის, ისრაელისათვის მზარდი საფრთხეა. 

“მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა ისეთი მცდარი ინფორმაცია თუ ვიზუალური მანიპულაციები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს ეხებოდა

წყაროს შესახებ: 

ერთ-ერთი ვინც რადიაციის გაჟონვის შესახევ წერს, ერმილე ნემსაძეა. ის ყოფილი სამხედროა და ულტრამემარჯვენე ჯგუფის „ქართული მარში“ წევრიც იყო. ნემსაძე  ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი. სხვადასხვა თემაზე ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

არქივის მბული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist