15 ივნისს ფეისბუქზე გავრცელდა ფოტო, რომლის მიხედვითაც, ირანმა ამერიკის საჰაერო ძალების B-2 Spirit–ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდო. იდენტური კადრები სხვა სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.
გავრცელებულ ბომბდამშენის ფოტოებს ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირების ნიშნები ეტყობა. მედიასა და ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია B-2 Spirit–ის ტიპის ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ.
ქართულენოვანი პოსტის აღწერიდან ჩანს, რომ ავტორი მას ხუმრობით ავრცელებს, თუმცა ზოგიერთი მომხმარებელი ფოტოებს რეალურად აღიქვამს. კადრები რეალურ ამბად არის წარმოჩენილი სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერაც.
პირველ ფოტოზე დაკვირვებისას, შეგვიძლია დავინახოთ, რამდენიმე შეუსაბამობა, რაც გვაფიქრებინებს, რომ კონკრეტული ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ფოტოზე აღნიშნული B-2 Spirit–ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ვიზუალურად, ერთი შეხედვით, მართლა ჰგავს ნამდვილს, თუმცა, თუ კონკრეტული მოდელის ბომბდამშენის რეალურ აღწერილობას გავეცნობით, ვნახავთ, რომ ის სიგრძეში 20.9, ხოლო ფრთების სიგრძით 52.12 მეტრია. ფოტოზე ასახული ბომბდამშენი მის რეალურ ვერსიას ზომით გაცილებით აღემატება და შეუსაბამოა ფოტოზე წარმოდგენილი ადამიანების ზომასთან.
გარდა ამისა, ამერიკული ბომბდამშენების ჩამოგდების შესახებ რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც ამერიკულ და არც ირანულ მხარეს.
რაც შეეხება მეორე ფოტოს, მასზე ვხედავთ აფეთქებულ ბომბდამშენს. თვალნათლივ ჩანს, კვამლსა და მის ჩრდილს შორის საკმაოდ დიდი აცდენა და შეუსაბამობაა, ხოლო თავად ბომბდამშენი, ისევე როგორც პირველ ფოტოში, რეალურ ზომასთან შედარებით, საკმაოდ დიდია.
ფოტოებზე ასევე ვხედავთ ორ განსხვავებულ ლოკაციას, შესაბამისად მათზე ერთი და იგივე ბომბდამშენი ვერ იქნება გამოსახული.
პირველ ფოტოში, სადაც ჯერ კიდევ აუფეთქებელი ბომბდამშენი ჩანს, მხოლოდ უკანა ნაწილი აქვს დაზიანებული, ხოლო წინ დაზიანება არ აღენიშნება. მეორე ფოტოში საფრენი მოწყობილობა დაშლილი და სრულად დაზიანებულია, მას ცეცხლი უკიდია. მეორე ფოტოში აფეთქების გვერდით ხომალდთან თეთრად აღინიშნება მეტალის ნაწილები, რომელიც მოიაზრება დაზიანებული ფრთის ნაწილად, მაგრამ, როგორც პირველ ფოტოში იკვეთება, ფრთა დაზიანებული საერთოდ არ ყოფილა.
კონკრეტული საკითხის ანალიზისთვის მივმართეთ შეიარაღების სპეციალისტს გიგა ინაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად B2–ის ტიპის ბომბდამშენებს ირანში არ იყენებენ და ამერიკული ავიაცია არ დაფრინავს ამ ტერიტორიაზე. ხოლო კითხვაზე, საზენიტო შეიარაღებით თავდასხმის შედეგად შესაძლებელი იყო თუ არა მსგავსი შედეგის მიღება, ინაშვილმა განმარტა:
” პირველ სურათზე საერთოდ შასი აქვს გამოშვებული ბომბდამშენს და ბორბლებზე დგას… მსგავსი შედეგის დადგომა შეუძლებელია. დაცემისას თვითმფრინავი სრულად ნადგურდება. ამასთან ერთად ამ ფოტოებზე B2 არანორმალურად დიდი ზომისაა ადამიანებთან და შენობებთან შედარებით.”
-
რა ხდება ირანში?
2025 წლის 13-14 ივნისის ღამეს ისრაელმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ირანში, რომლის სამიზნე იყო ბირთვული და სამხედრო ობიექტები.
დარტყმებიდან დაახლოებით 18 საათში ირანმა წამოიწყო საპასუხო მოქმედება, რაც მოიცავდა ასზე მეტი კამიკაძე დრონის და ბალისტიკური რაკეტების გაშვებას ისრაელის მიმართულებით. თავდასხმა გაგრძელდა ტალღებად და დაფარა რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის თელ-ავივი და ჰაიფა. ირანულმა შეტევამ გამოიწვია მსხვერპლი ისრაელში – დაიღუპა არანაკლებ 14 ადამიანი, ხოლო დაიჭრა რამდენიმე ათეული. ირანულ მხარეს კი შეტევების შედეგად მოკლულად გამოცხადდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამხედროები და ბირთვული მეცნიერები.
ამ კონფლიქტში აშშ ოფიციალურად არ მონაწილეობს. თეთრი სახლის განცხადებების მიხედვით, ისრაელის ქმედებები დამოუკიდებლად იყო დაგეგმილი და შესრულებული, ხოლო აშშ-ის ძალები თავდაცვით პოზიციაში რჩებიან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ზე თავდასხმის შემთხვევაში პასუხი უპრეცედენტო იქნება.
მოამზადა ბაჩანა ზაქარაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.