20 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მარეხი ლიპარიშვილი გაავრცელა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა: “თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი”. ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ციტატას მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს.

სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ძველი ციტატა ვრცელდება. რეალურად, აღნიშნული განცხადება მან 2022 წელს გააკეთა და ის არა მიმდინარე გამოძიებას, არამედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული განცხადება 2022 წელს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გააკეთა. ამ საკითხზე საუბრისას იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა თქვა:
“ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატვას. 23-34 ივნისს დაველოდები და თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი”.
რაც შეეხება საინფორმაციო ბარათს, ის “ტაბულას” ეკუთვნის, 2022 წლის 11 ივნისს არის გამოქვეყნებული და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიას მედიის ლოგო და ჩარჩო მოჭრილი აქვს.

2025 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლები გაჩხრიკეს. პროკურორის, გიორგი გვარაკიძის თქმით, “ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა”. მისივე სიტყვებით, ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. ჩხრეკასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ღია წყაროებით ამ დრომდე (21/10/2025) არ გავრცელებულა.
წყაროს შესახებ
შეცდომაში შემყვანი ციტატა ფეისბუქ-მომხმარებელმა მარეხი ლიპარიშვილმა გაავრცელა. “მითების დეტექტორს” ამ ანგარიშის მიერ პოლიტიკოსების შესახებ გავრცელებული ყალბი განცხადებები წარსულშიც აქვს გადამოწმებული.
მარეხი ლიპარიშვილი, სავარაუდოდ, ყალბი ანგარიშია. პროფილი ფეისბუქზე თავდაპირველად გვანცა გოგოლაძის სახელით დარეგისტრირდა. პროფილის ფოტო ანგარიშს არ ეკუთვნის, ის 2016 წელს რუმინელმა ფოტოგრაფმა მიჰაელა ნოროჩმა აზერბაიჯანში ვიზიტისას გადაიღო პროექტისთვის “სილამაზის ატლასი”. ნოროჩის პოსტის მიხედვით, ფოტოზე ქალი სახელად ფიდანია.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















