13 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, ნონა შარაბიძემ გაავრცელა ფოტო, რომელიც, თითქოს, აპოლო 11-ის მთვარეზე მისიას ასახავს. ფოტოზე ვხედავთ ძაღლს, რომელიც, აღწერის მიხედვით, ეკიპაჟის მთვარეზე დაშვების გადაცემისას გამოჩნდა. ნონა შარაბიძე ნასა-ს ასტრონავტების მთვარეზე დაშვების ნამდვილობას ეჭქვეშ აყენებს და მიუთითებს, რომ ის ამერიკამ გააყალბა.
ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო ფაბრიკაციაა და მიზნად ნასა-ს მთვარის მისიასთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიების განმტკიცებას ისახავს. მსგავსი ფოტო ნასა-მ მთვარეზე ერთ-ერთი მისიისას მართლაც გადაიღო, თუმცა მასზე არც ძაღლი და არც დედამიწა ფონად არ ჩანს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოფაბრიკაცია ახალი არ არის. იდენტური გიფი Reddit-ზე 4 წლის წინ გამოქვეყნდა, YouTube-ზე კი 2017 წლიდან იძებნება. გიფი წლებია ვრცელდება ისეთ გასართობ საიტებზე, როგორიცაა Coub.
სინამდვილეში, ფოტო არ ასახავს აპოლო 11-ის მისიას და მასზე არც ძაღლია გამოსახული. ორიგინალი ფოტო ნასა-ს მიერ აპოლო 11-ის მისიის დროს გადაღებულ ფოტოებში არ იძებნება, თუმცა იდენტური ფოტო 1972 წელს აპოლო 17-ის მისიისას გადაიღეს, რომელზეც ძაღლი არ ჩანს.

,,აპოლო 11” მთვარეზე 1969 წლის 16 ივლისს გაეშვა. ის პირველი პილოტირებული მისია იყო, რომელმაც მთვარეზე დაჯდომა მოახერხა. 1969 წლის 20 ივლისს პირველმა ადამიანმა, ნილ არმსტრონგმა, მთვარეზე ფეხი დადგა. აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვება პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, თუმცა კონსპირაციული თეორია, თითქოს ხომალდი მთვარეზე არ დამჯდარა და ამერიკელებმა ფაქტები გააყალბეს, კვლავ აქტუალურია.
,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა აპოლო 11-ის მისიასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორია და მანიპულაციური შინაარსის ვიდეომასალები. ვრცლად იხილეთ:
- რა კონსპირაციები ვრცელდება NASA-ს მთვარის მისია APOLLO 11-ზე?
- სოციალურ ქსელში ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაშვების ყალბი ვიდეო ვრცელდება
- NASA-ს მთვარის მისია APOLLO 11-ზე მორიგი ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
წყაროს შესახებ
ფეისბუქ მომხმარებელი, ნონა შაბარიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული ცნობები აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.