მანიპულაცია, თითქოს ბრიტანეთში ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლება რუსეთზე მეტად იზღუდება

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

გამოხატვის თავისუფლება
87
VIEWS

15 იანვარს ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში “სამნი & CO” თანაწამყვანმა, გური სულთანიშვილმა გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას თქვა, რომ რუსეთში სოციალურ მედიაში დაფიქსირებული პოზიციის გამო 600-მდე ადამიანია დაკავებული, მაშინ, როდესაც ბრიტანეთში მათი რაოდენობა 12 000-ს აჭარბებს.  

გური სულთანიშვილი [4:10]: “რამდენი კაცია თურმე ამაზე დაჭერილი თუ იცით რუსეთში? დაახლოებით, 600-მდე. Facebook პოსტზე. თუ იცით, რამდენი კაცია დაჭერილი ბრიტანეთში? 12 000-ზე მეტი. Facebook-ის გამო. Facebook რა, სოციალურ მედიაში გარკვეული… ძალადობრივი მოწოდება და ტერორისტული რამე კი არა, დაგეგმვა… კონკრეტული პოზიციის გამოხატვა, რომელიც არ არის პოლიტკორექტული. იმ დღეს დაიჭირეს Telegram ჯგუფის შემქმნელი, რომელიც ანტი საიმიგრაციო კი არა, Far Right მოძრაობას, რომელიც არ არის არც რადიკალური, არი უბრალოდ ევროსკეპტიკური, რომელიც არი პარტიებია და ისინი არიან, რა ჰქვია, გერმანიაში და საფრანგეთში, ხო, ანუ, ისინი მოდიან მთავრობაში. ახლა რაღაც კანონი, კარგად უნდა გავეცნო მაგას, კანონის ინიცირება ხდება კი არა, რაღაცა ფორმირება ხდება, რომელიც პაბებს შეეხება, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი ასეთი არაპოლიტკორექტული საუბარი, რაღაცა მოწყვლად ჯგუფებზე ხდება პაბებში და ამის დარეგულირება უნდათ. “

   გამოხატვის თავისუფლება

პოსტების გამო დაკავებულთა რაოდენობის შედარება და მტკიცება, თითქოს ბრიტანეთში გამოხატვის თავისუფლება რუსეთზე მეტად იზღუდება, მანიპულაციურია. რეალურად, კონკრეტული შემთხვევები მიუთითებს, რომ რუსეთში მოქალაქეებს მასობრივად აკავებენ და ასამართლებენ სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის განცხადებების გამო. ბრიტანეთში კანონი კონკრეტულ დანაშაულებს, მათ შორის, ტერორიზმსა და ძალადობისკენ მოწოდებას ეხება. რუსეთში აღნიშული მიმართულებით კრიტიკულ მდგომარეობას ასახავს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსიც. რაც შეეხება კანონს, რომელზეც სულთანიშვილი საუბრობს – ის დასაქმებულთა უფლებებს ეხება, ხოლო კრიტიკოსები მის ერთ პუნქტს ბარებში გამოხატვის თავისუფლების პოტენციურ შეზღუდვას უკავშირებენ. 

  • დაკავების შემთხვევები ბრიტანეთში 

რუსეთისა და ბრიტანეთის მაგალითების შედარებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ რა დანაშაულს ეხება და რომელი მუხლებით არის შესაძლებელი სოციალურ ქსელში აქტივობის გამო მოქალაქის დაკავება. სულთანიშვილი ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს არა ტერორიზმსა და ძალადობისკენ მოწოდების, არამედ პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებით აკავებენ. დიდ ბრიტანეთში არსებობს 2003 წლის კომუნიკაციების კანონის 127-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დანაშაულად ითვლება შეურაცხმყოფელი, უცენზურო, უხამსი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა საჯარო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების გამოყენებით. კანონის მიხედვით ასევე ისჯება გაღიზიანების ან შფოთვის გამოწვევის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება. დანაშაულები ითვალისწინებს ჯარიმას და პატიმრობას არა უმეტეს 6 თვისა.  გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ასევე ხელმძღვანელობენ 1988 წლის აქტით მავნე კომუნიკაციის შესახებ. 2025 წელს ბრიტანეთში ასევე ამოქმედდება ახალი კანონი ონლაინ უსაფრთხოების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს დიდ ბრიტანეთში აღნიშნული კანონების მიხედვით დაკავებულების რაოდენობა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, ინფორმაცია იძებნება ლონდონში აღრიცხული შემთხვევების შესახებ. მაგალითად, 2022 წელს ლონდონის პოლიციის მიერ გაცემული მონაცემები აჩვენებს, რომ (კომუნიკაციების კანონის 127-ე მუხლით) 2008 წლის აპრილიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით დაკავებების ჯამური რაოდენობა 8 573-ია, ხოლო რაც შეეხება ამ მუხლით წარდგენილ ბრალს, რაოდენობა ჯამში 3 168-ს შეადგენდა. “მავნე კომუნიკაციის” შესახებ კანონით აღნიშნულ წლებში დაკავებულების ჯამური რაოდენობა 18 071 იყო, ბრალის წარდგენის რაოდენობა კი 3 881. ლონდონის პოლიციას ასევე აქვს გამოქვეყნებული მონაცემები 2022 წლის აპრილიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში 127-ე მუხლით დაკავებულთა რაოდენობა 568 იყო, ხოლო ბრალი წაუყენეს 203 პირს. რაც შეეხება “მავნე კომუნიკაციის” კანონს – დააკავეს 2 477 პირი, ბრალი წაუყენეს 590-ს. 

კონკრეტული რიცხვები, რომლებსაც გური სულთანიშვილი გადაცემაში ასახელებს, ღია წყაროებით არ იძებნება. თუმცა, მსგავსი შედარება, რომელშიც დიდ ბრიტანეთში დაკავებების რაოდენობა 3 300-ია, ხოლო რუსეთში 400, სოციალურ ქსელში წლებია, ვრცელდება. ინფორმაციის პირველწყარო კონსტანტინ კისინია, რუსეთში დაბადებული, ნახევრად ბრიტანელი კომიკოსი, მწერალი და ერთ-ერთი პოდკასტის თანაავტორი. ინტერვიუ, რომელშიც ის შედარებას აკეთებს [26:26], 2019 წელს ჩაიწერა. მონაცემები 2017-2016 წლისაა.  

კისინის მტკიცებებზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელებში წლების განმავლობაში ვრცელებოდა რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითების შედარება. ავტორები, ხშირ შემთხვევაში, შესადარებლად იყენებენ რუსეთში სოციალურ მედიაში აქტივობის გამო პასუხისგებაში მიცემულთა რაოდენობას, რომელიც, უფლებადამცველი ჯგუფის, Agora-ს მონაცემებით, 2017 წელს 411 იყო. უმრავლეს შემთხვევაში, სოციალური მედიის მომხმარებლებს ადანაშაულებდნენ ექსტრემიზმში. ის შეიძლება მოიცავდეს “სიძულვილის ან მტრობის გაღვივებას”, “ნაციზმის რეაბილიტაციას”, “სეპარატიზმისკენ მოწოდებას” ან “მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას”. დასავლურ მედია ხშირად წერს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, რომლებშიც აქტივისტებისა თუ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ სწორედ ამ მუხლებით აღძრავენ საქმეს. “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” მუხლი კი ხშირად გამოიყენება იმ მომხმარებლების წინააღმდეგ, რომლებმაც, სამართალდამცავების შეფასებით, “პროვოკაციული შინაარსის” მასალა განათავსეს. მეორე მხრივ, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, შესადარებლად იყენებენ The Times-ის 2017 წლის სტატიას, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ასახავს. სტატიის მიხედვით, 3 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და დაკითხეს 2016 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნახევარ შემთხვევაში გამოძიება სამართლებრივი დევნის დაწყებამდე შეწყდა. მოქალაქეები კომუნიკაციების კანონის 127-ე მუხლით იყვნენ დაკავებული. აღსანიშნავია, რომ მუხლი არ ეხება მხოლოდ სოციალურ მედიას და ის ითვალისწინებს ისეთი საშუალებებით კომუნიკაციასაც, როგორიც არის მეილი და ა.შ. გარდა იმისა, რომ რუსეთის შემთხვევაში რიცხვი პასუხისგებაში მიცემულთა რაოდენობას აჩვენებს, ხოლო დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში – დაკავებულთა რაოდენობას, მათი შედარება მრავალი მიზეზის გამო არ არის მართებული. მაგალითად, მუხლების შინაარსი განსხვავებულია, დიდ ბრიტანეთში ის უფრო ფართო შემთხვევებზე გამოიყენება, რუსეთის შესახებ კი მონაცემი სოციალურ ქსელში აქტივობის გამო დაკავებულებს მოიცავს. გარდა ამისა, შემთხვევების ანალიზი ცხადყოფს, რომ განსხვავდება ის, თუ როგორ და იყენებენ ორივე ქვეყანაში მათ. რუსეთში არაერთი მოქალაქე თუ ჟურნალისტია დაკავებული კრიტიკული პოზიციისა თუ სოციალურ ქსელში მთავრობისთვის მიუღებელი აზრის დაფიქსირების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიტანეთში ხშირად კამათობენ საქმეებზე, რომლებიც 127-ე მუხლით არის წამოწყებული და მოქალაქეებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ჯარიმას აკისრებს.    

  • როგორ ხდება სოციალურ ქსელში აქტივობის კრიმინალიზება რუსეთში?

Freedom House-ის ინტერნეტისა და ციფრული მედიის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რუსეთს 20 ქულა აქვს და არათავისუფალი ქვეყნების სიაში შედის. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ბოლო საანგარიშო წლის განმავლობაში ქვეყანაში მძიმე სიტუაცია მეტად გაუარესდა და “სამთავრობო უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თვალყური ადევნონ მათ, ვინც მთავრობას ონლაინ რეჟიმში აკრიტიკებს”. სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა უკრაინაში შეჭრისა და მთავრობის ონლაინ კრიტიკოსები. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, 935 საქმე აღიძრა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კანონით, რომლითად კრიმინალიზებულია რუსული ჯარის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ან დისკრედიტაცია. მედიის წარმომადგენლები ან მოქალაქეები, რომლებიც გამოიყენებენ სიტყვა ომს ან შეჭრას იმის აღსაწერად, რასაც რუსეთი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, გასამართლების საფრთხის წინაშე დგანან. რამდენიმე მოქალაქეზე ამ მიზეზით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.  

კრიმინალური და ადმინისტრაციული ბრალდებები ფართოდ გამოიყენება კრიტიკული ონლაინ დისკუსიის ჩასახშობად. არაერთ პირს წაუყენეს ბრალი სოციალურ მედიაში პოსტების გამოქვეყნებისა თუ გაზიარებისთვის, მათ შორის, რამდენიმე მომხმარებელს, რომლებსაც ბრალი წარუდგინეს კანონით, რომლითაც ისჯება რუსი სამხედროების ან სპეცოპერაციის დისკრედიტაცია”. – ვკითხულობთ ანგარიშში.  

Новая газета-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2010 წლიდან რუსეთში 30 ათასზე მეტი საქმეა წამოწყებული სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებისა თუ “მიმების” გამო. მაგალითად, 2023 წელს ბრალი წაუყენეს მონეტების კოლექციონერს სერატოვის რეგიონიდან, რომელმაც Odnoklassniki-ზე საკუთარ დახურულ ჯგუფში 1938 წლის ნაცისტური გერმანული მონეტის ფოტო გამოაქვეყნა. ნარკოტიკების პროპაგანდის კანონით მოქალაქეებს ასევე აკავებენ სოციალურ ქსელში კანაფის ფოთლის ფოტოს გამოქვეყნების გამო. მედიაში მოიძებნება არაერთი სხვა მაგალითი, როცა რუსეთში კრიტიკულად განწყობილი აქტივისტი ან მედიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში აქტივობის გამო დააპატიმრეს. 2024 წელს დააკავეს Forbes-ის რედაქტორი, სერგეი მინგაზოვი – მან სოციალურ ქსელში გააზიარა მასალა, რომელშიც ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეში რუსეთი იყო დადანაშაულებული. 2023 წელს სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა და ინტერნეტის გამოყენება აუკრძალა 20 წლის ოლესია კრივცოვას, რომელმაც Instagram-ზე ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებული პოსტი გამოაქვეყნა. ის რუსეთმა ტერორისტებსია და ექსტრემისტების სიაშიც შეიყვანა. ამავე წელს პირს, რომელიც ამერიკის მოქალაქეობასაც ფლობდა, 3.5 წლით პატიმრობა მიესაჯა სოციალურ ქსელში რუსეთის, მისი მმართველებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის კრიტიკის გამო. არსებობს სხვა ისტორიებიც მოქალაქეების მოწონებებისა თუ გაზიარებების გამო დაპატიმრების შესახებ

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულმა მარეგულირებელმა “როსკომნადზორმა” დაბლოკა Facebook-ი და Instagram-ი და Meta ექსტრემისტულ აქტივობებში დაადანაშაულა

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს – Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მისი მაჩვენებელი 78/100-ია და თავისუფალი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში დიდ ბრიტანეთში ინტერნეტი მომხმარებლებისთვის თავისუფალი და ხელმისაწვდომი რჩებოდა, ხოლო შინაარსზე არსებობდა რამდენიმე ძირითადი შეზღუდვა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მთავრობამ მიიღო ზომები უკანონო და “მავნე” ონლაინ კონტენტის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა სრული შედეგების დანახვა ჯერ შესაძლებელი არ არის. Freedom House აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთვალყურეობის პრაქტიკა და სხვა პოტენციური კონფიდენციალურობის დარღვევა შეშფოთების საგნად რჩებოდა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გამოხატვა და ონლაინ აქტივობის სხვა ფორმები ზოგადად დაცულია, მაგრამ არსებობს სამართლებრივი შეზღუდვები სიძულვილის ენაზე, ონლაინ შევიწროებასა და საავტორო უფლებების დარღვევაზე. ზოგიერთი ზომა, მათ შორის 2019 წლის კონტრტერორისტული კანონი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით. გარდა ამისა, რიგ კანონებში შედის სიძულვილის ენის მკაცრი აკრძალვა და ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს უფლებადამცველი ჯგუფების პოზიცია, რომ ისინი ბუნდოვნად არის ფორმულირებული. მაგალითად, 2003 წლის კომუნიკაციების შესახებ კანონის 127-ე პუნქტში შეტანილი ერთ-ერთი აკრძალვა სჯის ინტერნეტით გაგზავნილ “უხეშად შეურაცხმყოფელ”  კომუნიკაციას, ხოლო მაქსიმალური სასჯელი ჯარიმა (არ არის დაწესებული ზღვარი) ან 6 თვით პატიმრობაა. ანგარიშში მოხვდა  პოლიციის მიერ ინტერნეტ მომხმარებლების ტერორიზმის ხელშეწყობისა თუ სიძულვილის ენის ბრალდებით დაკავებების შემთხვევები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არის ისიც, რომ პატიმრობის სასჯელი აზრის გამოხატვისთის, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებით, იშვიათია. 

  • განიხილება თუ არა დიდ ბრიტანეთში კანონი ბარების შესახებ?  

კანონი, რომლის შესახებაც გური სულთანიშვილი საუბრობს, პაბების შესახებ არ არის. ის 2024 წლი ოქტომბერში ლეიბორისტებმა წარადგინეს და დასაქმებულთა უფლებებს ეხება. მაგალითად, მოიცავს თავებს მინიმალური ანაზღაურების, სამსახურიდან გათავისუფლების, ავადმყოფობის დროს ანაზღაურებისა და სხვა პრობლემების შესახებ. ერთ-ერთი ნაწილი, რომელმაც შემდგომში კრიტიკა გამოიწვია, მესამე მხარისგან სექსუალური შევიწროებისგან დაცვას ეხება. ეს ნაწილი ავალდებულებს დამსაქმებლებს, გადადგან ნაბიჯები იმისათვის, რომ, მაგალითად, დაიცვან ბარმენები მომხმარებლების მიერ შეურაცხყოფისგან. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 25-დან 34 წლამდე 5-დან 3 ბარმენი ქალი ამბობს,  რომ სამსახურში სიტყვიერი შევიწროება გამოუცდია. 

როგორც ინიციატივის კრიტიკოსები ამტკიცებენ, კანონმა შეიძლება შეზღუდოს დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის რელიგია და ტრანსგენდერთა უფლებები. ერთ-ერთი, ვინც კანონი გააკრიტიკა, პარლამენტის წევრი ნაიჯელ ფარაჯია. ადამიანის უფლებათა თანასწორობის კომისია მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს დამატებითი განმარტება დამსაქმებლებისთვის, რათა კანონის შეცდომით ინტერპრეტირება არ მოახდინონ. მიუხედავად კრიტიკისა, ლეიბორისტების სპიკერი ამბობს, რომ კანონი დასაქმებულების დაცვისა და მათი ცხოვრების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რადგან “ყველას აქვს უფლება წავიდეს სამსახურში ცოდნით, რომ სამუშაო ადგილზე შევიწროებისგან დაცული იქნება”. 

ამრიგად, ინიციატივა  ბრიტანეთში დასაქმებულთა უფლებების შესახებ პირდაპირ არ არის დაკავშირებული პაბებთან, თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის შეზღუდავს მოქალაქეების უფლებას, ისაუბრონ მსგავს თავშეყრის ადგილებში სენსიტიურ საკითხებზე. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist