29 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ოდესის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა. პოსტის ავტორი მიანიშნებს, რომ თანამდებობის დატოვების სავარაუდო მიზეზი კორუფციაა.

ინფორმაცია, თითქოს ოდესის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა, სიმართლეს არ შეესაბამება. დღეის მდგომარეობით ოდესის რეგიონული სახელმწიფო (სამხედრო) ადმინისტრაციის უფროსის პოსტს კვლავ ოლეგ კიპერი იკავებს.
“მითების დეტექტორმა” გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებისას ვერ მიაკვლია სანდო წყაროს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ოდესის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ოდესის გუბერნატორის ანუ ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ამჟამად ოლეგ კიპერი იკავებს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2023 წლის 30 მაისს დაინიშნა და მას შემდეგ დაკისრებულ უფლება-მოვალეობის უწყვეტად ასრულებს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, რის გამოც შეიცვალა ზოგიერთი რეგიონის ოფიციალური პირების თანამდებობების დასახელებები. კერძოდ, ოდესის ოლქის გუბერნატორს ოფიციალურად “ოდესის რეგიონის სახელმწიფო (სამხედრო) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის” თანამდებობა უკავია.
2025 წლის ოქტომბერში კი პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია, რომლის უფროსიც კონკრეტულად ქალაქ ოდესის მერის მოვალეობებს შეითავსებს. ამ თანამდებობაზე, დნიპროპეტროვსკის გუბერნატორი სერჰი ლისაკი დაინიშნა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს მოქალაქეობა ჩამოართვა. კორუფციული სკანდალის შედეგად, კიპერის მსგავსად არც ლისაკს დაუტოვებია აღნიშნული თანამდებობა.
2025 წლის ნოემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტი-კორუფციულმა ბიურომ (NABU) გაავრცელა ინფორმაცია მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არსებობდა ჯგუფი, რომელიც კომპანია “ენერგოატომის” (უკრაინის ატომური ენერგიის ორგანო) კონტრაქტორებისგან ქრთამის სახით კონტრაქტის მოცულობის 10-15%-ს იღებდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით სქემაში მონაწილეობდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩია, რომელმაც უკრაინა დატოვა. კორუფციული სკანდალის შედეგად თანამდებობები დატოვეს უკრაინის ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრებმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















