28 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა დავით ჯებაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობამ პაველ დუროვის გამო გაყინა საფრანგეთთან მილიარდობით დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც 80 გამანადგურებელი თვითმფრინავის შეძენას მოიცავდა. მისივე ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საფრანგეთში Telegram-ის დამფუძნებელი დააკავეს.
იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, გვერდებმა (1;2;3;4;5;6) და ვებ-საიტებმა (1;2). რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლები ასევე აქვეყნებენ ვიდეოს, რომელსაც Al Jazeera-ს ლოგო აქვს დართული და იმავე მტკიცებას იმეორებს.
მტკიცება, თითქოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პაველ დუროვის გამო საფრანგეთთან 80 ავიაგანამადგურებელზე დადებული კონტრაქტი გაყინა, დეზინფორმაციულია. მტკიცებები Al Jazeera-ს გაყალბებული ვიდეოდან იღებს სათავეს. რეალურად, მედიას მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, კონტრაქტის შეწყვეტაზე ცნობები სხვა წყაროებით არ დასტურდება.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საფრანგეთთთან 80 ავიაგამანადგურებლის, Rafale-ს შეძენაზე კონტრაქტი 2021 წელს დადო. კონტრაქტი ისტორიულია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაზე დიდი საერთაშორისო შეკვეთა იყო, რაც კი ოდესმე ყოფილა სამხედრო თვითმფრინავებზე. შეთანხმება ასევე მოიცავდა 12 ვერტმფრენის შეძენას – ჯამში, მათი ღირებულება €17 მილიარდია.
თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Telegram-ის CEO-ს დაკავების გამო აღნიშნული კონტრაქტი არაბთა გაერთიანებული საამიროების ინიციატივით გაიყინა, არ იძებნება. აღნიშნულის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია ფრანგულ მედიას (1;2), ასევე, არ გამოქვეყნებულა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის ან საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებ-საიტსა და X-ის გვერდზე (1;2). საკუთარი მოქალაქის დაკავების საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. მათი ცნობით, საქმეს ყურადღებით აკვირდებიან და მათთვის საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა და მხარდაჭერა პრიორიტეტია. განცხადებაში არაფერია ნათქვამი საფრანგეთთან კონტრაქტის შეწყვეტაზე.
იმავე მტკიცებით გავრცელებული ვიდეო, რომელსაც Al Jazeera-ს ლოგო აქვს დართული, გაყალბებულია. რეალურად, მედიას მსგავსი შინაარსის ვიდეო ან ინფორმაცია საკუთარ გვერდებსა და ვებ-საიტზე არ გამოუქვეყნებია (1;2;3). მედიის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები – Logically Facts და Full Fact. მათთან კომენტარში წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ვიდეო გაყალბებულია.
ვიდეო შეიცავს უზუსტობებს, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გაყალბებულია. მაგალითად, კონტრაქტის ღირებულებად დასახელებულია $10 მილიარდი, როცა რეალურად ის $19.20 მილიარდს შეადგენს.
გარდა ამისა, ვიდეოში გამოყენებულია პოლიტიკური ანალიტიკოსის, მარვან ბიშარას ციტატა, თუმცა, მისი ხმა არ ისმის და ციტატა ტექსტად არის გამოტანილი. ეს ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც ცნობილი მედიების სახელით გამოქვეყნებულ გაყალბებულ ვიდეოებს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიშარას მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება არც მედიით და არც მის X გვერდზე. მისი ვიდეო, რომელსაც ციტატა ადევს და ხმა აქვს გათიშული, ფრაგმენტია Al Jazeera-სთან ინტერვიუდან. თუმცა, აღნიშნულ ინტერვიუში ის არა Telegram-ის დამფუძნებელზე, არამედ ისრაელ-ჰამასის ომზე საუბრობს.
მარცხნივ: კადრი გაყალბებული ვიდეოდან; მარჯვნივ: კადრი Al Jazeera-სთან ბიშარას ინტერვიუდან
გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად France 24-მა გადაამოწმა და სხვა უზუსტობებთან ერთად, აღმოაჩინა, რომ ვიდეოფაბრიკაციაში გამოყენებული შრიფტი და ტექსტის ზომა არ ემთხვევა იმ სტილს, რომელსაც Al Jazeera იყენებს. ასევე, წინადადებები, რომლებიც გაყალბებულ ვიდეოშია გამოყენებული, ინგლისურად არაბუნებრივი და გაუმართავია. მაგალითად: “The UAE has frozen the contract actions for the purchase of 80 fighter aircraft from France”.
ინფორმაციის გადამოწმებისას The Eurasian Times-მა აღმოაჩინა, რომ კონტრაქტის შეწყვეტაზე ყალბი მტკიცებები X-ზე ერთი და იმავე ტექსტით გავრცელდა, თუმცა ავტორები კონკრეტულ წყაროზე არ მიუთითებდნენ.
Telegram-ის დამფუძნებელი საფრანგეთში 24 აგვისტოს დააკავეს. წარმოშობით რუს ბიზნესმენს, რომელიც ასევეა საფრანგეთის მოქალაქე, ბრალი ედება სამართალდამცავებისთვის გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის არმიწოდებაში, კიბერდანაშაულში, ფულის გათეთრებასა და წინასწარი დეკლარაციის გარეშე კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტში. ამჟამად მას სასამართლო ზედამხედველობა აქვს დაწესებული, ეკრძალება ქვეყნის დატოვება და პოლიციაში კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს.
ცნობილი მედიების სახელით გაყალბებული ვიდეოები ხშირად ვრცელდება, “მითების დეტექტორს” არაერთი მსგავსი ვიდეო გადაუმოწმებია. ვიდეოფაბრიკაციებს საერთო ნიშნები აქვს – ავტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად საზოგადოებისთვის სანდო მედიების ლოგოებს იყენებენ და ვიდეოებს მათ სიუჟეტებს ამსგავსებენ. ასევე, ყალბი ინფორმაციის ზუსტი პირველწყარო ზოგჯერ დაუდგენელია, თუმცა ვიდეოების გავრცელება ძირითადად რუსული მედიით და ტელეგრამ არხებით ხდება. ასევე, ვიდეოებში გამოყენებულია ზოგადი, სხვადასხვა ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრები. გარდა ამისა, მათ ხშირად ადევს მუსიკა და ტიტრები.
ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით – სრულად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებელი დავით ჯებაშვილი დეზინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. მითების დეტექტორს მის მიერ გამოქვეყნებული არაერთი პოსტი აქვს გადამოწმებული.
ყალბი ინფორმაცია წარსულში ასევე აქვს გავრცელებული რუსულენოვან ფეისბუქ-მომხმარებელ Vlad Shamanski-ს. მისი პოსტები უცხოურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს აქვთ მონიშული.
რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელი Анна Вольнова ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. მისი არაერთი პოსტი ყალბ ინფორმაციას არის მონიშნული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.