4 მაისს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო მტკიცებით, რომ მასზე ინგლისია ასახული. ვიდეოზე ჩანს, რომ ძირითადად, შავ-ტანსაცმლიანი ადამიანების ჯგუფი ქუჩაშია გამოსული. ვიდეოზე რამდენიმე წამით ჩნდება ინსტაგრამის ანგარიშის სახელიც – JF_AM_20. პოსტს ახლავს აღწერა, რომელშიც ვკითხულობთ: “ცოტა ხნის წინ ლიბანიც ქრისტიანული ქვეყანა იყო. დღეს ჰეზბოლა მართავთ.”
რეალურად, გავრცელებული ვიდეო ინგლისის ქუჩებში არ არის გადაღებული. მასზე ნაჩვენები რამდენიმე დეტალით, ასევე ღია წყაროებში გავრცელებული იდენტური ვიდეოებით დგინდება, რომ ის ერაყში, კერძოდ, ქალაქ სამავაშია გადაღებული და სამგლოვიარო მსვლელობას ასახავს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს ინსტაგრამის ანგარიშის სახელი – JF_AM_20. მას ანგარიშის აღწერაში მითითებული აქვს, რომ ფოტოგრაფია, ხოლო იდენტური ვიდეო 23 მარტს აქვს გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ ანგარიში ვიდეოს აღწერაში მიუთითებს, რომ ის გადაღებულია ქალაქ სამავაში და სამგლოვიარო მსვლელობას ასახვას. სამავა ერაყის ქალაქია.
აღნიშნული ინსტაგრამ-ანგარიშის გარდა, განსხვავებული რაკურსით გადაღებული ვიდეო სხვა ღია წყაროებშიც იძებნება. მაგალითად, არაბულენოვანი რელიგიური შინაარსის ფეისბუქ-გვერდები ვიდეოს განსხვავებული რაკურსით აქვეყნებენ და წერენ, რომ მასზე გამოსახულია სამავას მოსახლეობის სამგლოვიარო მსვლელობა, რომელიც მორწმუნეთა მეთაურის მოწამეობრივი სიკვდილის წლისთავს ეძღვნებოდა.
ქალაქ სამავას შესახებ ფეისბუქ-გვერდმა 22 მარტს ქუჩაში ხალხის მსვლელობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მსვლელობა ეძღვნებოდა იმან ალის მოწამეობრივი სიკვდილის წლისთავს. წელს აღნიშული თარიღი რამადანის მარხვის დაწყებიდან 21-ე დღეს, 21 აპრილს აღინიშნა. მსვლელობაზე გადაღებული ვიზუალური მასალაც, ძირითადად, ამ დღეებში ქვეყნდებოდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს რამდენიმე დეტალი მიანიშნებს, რომ ის ინგლისში გადაღებული არაა. მაგალითად, მასზე ნაჩვენებ ორ შენობაზე ერაყის დროშაა აღმართული.
ამასთანავე, კადრებში ჩანს პოლიციის მანქანაც, რომელიც ინგლისის პოლიციის მანქანებისგან განსხვავებულია. ვიდეოში მოხვედრილი მანქანა შავი ფერისაა და მასზე, სავარაუდოდ, პოლიციის გერბია გამოსახული, თუმცა მისი გარჩევა შუძლებელია. ინგლისში სამართალდამცავები განსხვავებული მანქანებით პატრულირებენ, ისინი რამდენიმე ფერისაა და პოლიციის მცირე ზომის გერბი მაქანის კარზეა გამოსახული. რაც შეეხება ერაყს, იქ პოლიციელები ვიდეოზე ნაჩვენების მსგავს შავი ფერის მანქანებს იყენებენ.


ამდენად, მცდარია მტკიცება, თითქოს მუსლიმების მსვლელობის ვიდეო ინგლისშია გადაღებული. ბოლო პერიოდში ფეისბუქ-მომხმარებლები თუ მედია ხშირად ავრცელებს ვიდეოებს, რომლებიც, თითქოს, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაშია გადაღებული. აღნიშნულ ვიზუალურ მასალას ისინი დასავლეთის დისკრედიტაციისა და მიგრაციის პოლიტიკის კრიტიკისთვის იყენებენ. “მითების დეტექტორმა” გამოავლინა რამდენიმე ასეთი ვიდეო, რომელიც, სინამდვილეში, ევროპულ ქვეყნებში არ იყო გადაღებული.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.