“იმედის” თანამშრომელი ალეკო ელისაშვილის ინტერვიუს დამონტაჟებულ ვიდეოს ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ალეკო ელისაშვილი
139
VIEWS

24 სექტემბერს პარტია “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფოს” მხარდამჭერმა ფეისბუქ ანგარიშმა Dato Faika Nacvlishvili და სხვა ფეისბუქ ანგარიშმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც თითქოს პარტია “მოქალაქეებისა” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინტერვიუს ასახავს. ინტერვიუში “წამყვანი” ელისაშვილს რამდენიმე კითხვას უსვამს, მათ შორის ეკითხება: შეძლებს თუ არა მათი პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო ბარიერის გადალახვას, რა აზრისაა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორი, მამუკა ხაზარაძე ხალხს ასახლებს, ბოლოს როდის სცემეს და ა.შ. აღნიშნულ შეკითხვებზე ელისაშვილი პასუხობს, რომ ეჭვი ეპარება, ბარიერი გადალახონ, ხოლო მამუკა ხაზარაძის შესახებ შეკითხვაზე პასუხობს, რომ ბანკი მოგებაზე მუშაობს.

ალეკო ელისაშვილის ვიდეოზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ოლიმპიადის ლოგო ჩანს.  

ალეკო ელისაშვილი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც თითქოს ალეკო ელისაშვილთან ინტერვიუს ასახავს, დამონტაჟებულია. სინამდვილეში, ის ორი წლის წინ პოლიტიკოსის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული ინტერვიუს ასახავს, თუმცა კითხვები შეცვლილია. დამონტაჟებული ვიდეო კი ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელმა, რომელიც ვიდეოში ჟურნალისტად თავად ფიგურირებს, ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი რეალურ ინტერვიუდ აღიქვამს. ვიდეოში ალეკო ელისაშვილთან ერთად, ჟურნალისტის როლში, გიორგი კოკაია ჩანს. მანვე გამოაქვეყნა ვიდეო საკუთარ ტიკ-ტოკ ანგარიშზე. კოკაიას ფეისბუქზე უწერია, რომ ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელია. მის ტიკ-ტოკზე “იმედის” გადაცემა “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” სტუმრებთან ჩაწერილი ბლიც ინტერვიუები იდება. გარდა, ამისა “ღამის შოუს” წამყვან გიორგი გაბუნიას აპრილში გამოქვეყნებულ პოსტში, მითითებული აქვს, რომ გიორგი კოკაია, სხვებთან ერთად, მათი გუნდის შემადგენლობაშია.

გიორგი კოკაიამ, ელისაშვილის ვიდეოს მსგავსად, დაამონტაჟა და ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა მამუკა ხაზარაძის ძველი ინტერვიუც. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო პროტესტისას, გიორგი კოკაია მიწვეული იყო გადაცემაში “იმედი LIVE”, სადაც ის სცენარისტად წარადგინეს. გადაცემაში კოკაიამ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გზავნილები გაიმეორა და თქვა, რომ აქციებში მონაწილე ახალგაზრდები სოციალურ ქსელში შექმნილ ტრენდს, “არა რუსულ კანონს” აჰყვნენ. 

ალეკო ელისაშვილი

გიორგი კოკაია “იმედი LIVE”-ის ეთერში 

დამონტაჟებული ინტერვიუ

ალეკო ელისაშვილის ინტერვიუს ვიდეო დამონტაჟებულია. ვიდეოს ავტორმა კითხვები შეცვალა, პასუხებად კი პოლიტიკოსის მიერ 2022 წლის 16 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული ინტერვიუ გამოიყენა:

1. გიორგი კოკაიას პირველ კითხვაზე “ოპოზიციური პარტიები რომ გაერთიანდით, ამას რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში?”, ალეკო ელისაშვილი პასუხობს: ,,გახსოვთ, ალბათ, ამის გამო ეპითეტი, გამოთქმა და ზედსართავი არ დაუშურებიათ ჩვენთან დაკავშირებით და რა არ გვეძახეს და ჯვარს გვაცვეს”. 

რეალური ინტერვიუს ანალოგიურ ეპიზოდში (4:10) ალეკო ელისაშვილი საარჩევნო გაერთიანებაზე არ საუბრობს. პოლიტიკოსი კოლეგებს აკრიტიკებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საარჩევნო სიების განულების გამო. ელისაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ერთ-ერთი პირობა სწორედ პარტიების პარლამენტში შესვლა იყო, საარჩევნო სიების “ჩახსნა” არაგონივრული იყო. ელისაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამის თქმის გამო არ დაიშურეს ეპითეტები და ჯვარს აცვეს. 

2. გიორგი კოკაია პოლიტიკოსს საარჩევნო ბარიერის შესახებაც ეკითხება. კერძოდ, ინტერესდება, ელისაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებას შეუძლია თუ არა საარჩევნო ბარიერის გადალახვა. რესპონდენტი კი პასუხობს: “ნაკლები, ძალიან მინიმალური, მინიმალური და ალბათ არა”. 

სინამდვილეში, ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ეუბნება (3:21), რომ რუსთავში “ლელოს” კანდიდატს, ბადრი ჯაფარიძეს, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერენ და თავის კანდიდატურას დააყენებენ. პოლიტიკოსის სიტყვები, რომ “ნაკლები, ძალიან მინიმალური, მინიმალური და ალბათ არა” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვას არ ეხება და ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბადრი ჯაფარიძისთვის მხარდაჭერას შეეხებოდა. 

3. დამონტაჟებული ვიდეოს ერთ-ერთი ეპიზოდი ისეა დამონტაჟებული, თითქოს ალეკო ელისაშვილი TBC ბანკისა და მამუკა ხაზარაძის მიერ ადამიანების გამოსახლებას  ამართლებს და თავის პოზიციას ფრაზით “ბანკი ბანკია, მოგებაზეა ორიენტირებული”. 

“პირველ არხთან” ინტერვიუში ელისაშვილი არა TBC ბანკზე, არამედ “ლიბერთი” ბანკის შესახებ საუბრობს (8:38). მას ჟურნალისტი საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებასა და ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ კერძო ბანკებისთვის გამოყოფილი 15 მილიონის შესახებ ეკითხება. ელისაშვილმა ინიციატივა მოიწონა და თქვა, რომ როდესაც ბანკი სესხს გასცემს, მოგებაზე მუშაობს და ასევეა “ლიბერთი” ბანკიც. 

4. სოციალურ ქსელში გავრცელებულ დამონტაჟებულ ვიდეოში გიორგი კოკაიას ერთ-ერთი კითხვა დავით კეზერაშვილსა და პენსიონრებს ეხებოდა. ელისაშვილის პასუხის თანახმად, მან დღესაც უსაყვედურა კეზერაშვილს, პენსიონრებს კი აღნიშნული თემა უფრო აინტერესებთ, ვიდრე სხვა პოლიტიკური საკითხები. 

რეალურად, ალეკო ელისაშვილი ამ ეპიზოდშიც (7:12) საპენსიო სესხების შესაბ საუბრობს. მისი თქმით, კოლეგებს უსაყვედურა, რადგან არ მონაწილეობდნენ აღნიშნული ინიციატივის განხილვაში. მას საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დავით კეზერაშვილი არ უხსენებია. 

5. გიორგი კოკაიას ერთ-ერთი შეკითხვა შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ საპენსიო ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარის მიღებას. ელისაშვილი კი თითქოს, საპასუხოდ ეუბნება, რომ 15 მლნ ცოტაა. 

იდენტურ ეპიზოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და პოლიტიკოსი კვლავ საპენსიო სესხებს განიხილავენ. ელისაშვილი ამბობს, რომ 15 მლნ ცოტაა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო 3 მილიარდი ლარის პენსიას გასცემს (10:25). ალეკო ელისაშვილი არაფერს ამბობს იმაზე, რომ საპენსიო ფონდიდად ყოველ წელს 15 მლნ ლარს თავად იღებს. 

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელთან 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათ შორის ალეკო ალისაშვილი, ხშირად ხდებიან ვიზუალური მანიპულაციების გავრცელების სამიზნე. მსგავს ცნობებს “მითების დეტექტორი” ხშირად ამოწმებს.  

წყაროს შესახებ

გიორგი კოკაიას ვიდეო ასევე გამოაქვეყნა ფეისბუქ მომხმარებელმა Dato Faika Nacvlishvili, რომელიც კრემლისტური პარტია “ალტ ინფოს” მხარდამჭერია. ის ხშირად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ცნობებს, რასაც ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist