29 სექტემბერს სამთავრობო მედია “იმედმა” გამოაქვეყნა ფოტო კოალიცია “ძლიერი საქართველოს” რუსთავში გამართული შეხვედრიდან. მედია წერს, რომ “ხაზარაძის პარტიის პრეზენტაციაზე ხალხი არ მივიდა, რის გამოც სკამები აალაგეს”. როგორც ფოტოზე ჩანს, სცენის წინ მოქალაქეები სკამებზე სხედან, ხოლო უკან სკამების ნაწილი ერთმანეთზეა დალაგებული.
ტელეკომპანია იმედი “ძლიერი საქართველოს” შესახებ ფოტომანიპულაციას ავრცელებს. რეალურად, ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიტიკოსებთან შეხვედრას მოქალაქეები ესწრებოდნენ და სცენის წინ დალაგებული სკამები შევსებულია. ფოტო უკნიდან არის გადაღებული, იმგვარად, რომ კადრებში ახლო ხედით დამატებითი სკამები ჩანს.
ტელეკომპანია იმედის მიერ გამოქვეყნებული ფოტო რუსთავში გამართულ შეხვედრაზეა გადაღებული, რომლის ორგანიზატორები კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრები იყვნენ. ამ ფოტოზე დაყრდნობით იმედი ამტკიცებს, რომ “ხაზარაძის პარტიის პრეზენტაციაზე” ხალხი არ მივიდა, რის გამოც სკამების ალაგება გახდა საჭირო.
რეალურად, სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ფოტო მანიპულაციურია და ჩანს დამატებითი სკამები, რომლებიც უკან იდგა. რუსთავიდან გავრცელებულ სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ კადრებში (1;2) ვხედავთ, რომ მოქალაქეები კოალიციის შეხვედრას დაესწრნენ და სკამები, რომლებიც სცენის წინ იყო დალაგებული, დაკავებულია.
კადრები მამუკა ხაზარაძისა და კოალიციის ფეისბუქ-გვერდებზე გამოქვეყნებული ვიდეოებიდან
სკამები, რომლებიც იმედის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე ჩანდა კოალიციის ლაივ ვიდეოში (1:15). ერთმანეთზე დალაგებულ სკამებს ვხედავთ მამუკა ხაზარაძის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ვიდეოკოლაჟშიც. კადრებით ირკვევა, რომ კოალიციის შეხვედრაზე იმ სკამების უკან, რომლებიც მოქალაქეებს ჰქონდათ დაკავებული, დამატებითი ცარიელი სკამები იდგა.
“მითების დეტექტორი” პარტია “ლელოს” წევრს, საბა ბუაძეს დაუკავშირდა, რომელიც რუსთავში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. როგორც მან გვითხრა, კადრებში სარეზერვო სკამები ჩანს.
“ღონისძებაზე იმყოფებდა 800 ადამიანამდე, შეიძლება მეტი. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ამ ღონისძიებას ხალხი არ ესწრებოდა, არის უბრალოდ ტყუილი. ყოველთვის ყველა ღონისძიებაზე არის სარეზერვო სკამები, დაგეგმილზე მეტი რომ მოვიდეს, რომ გამოვიყენოთ”. – ამბობს საბა ბუაძე.
ამრიგად, ტელეკომპანია იმედის მიერ გამოქვეყნებული ფოტოთი მკითხველს რჩება მცდარი შთაბეჭდილება, რომ კოალიციის შეხვედრას მოქალაქეები არ დაესწრნენ, რის გამოც ორგანიზატორებს მოუწიათ, რომ სკამები აელაგებინათ. რეალურად, ადგილიდან გავრცელებული კადრებით მტკიცდება, რომ რუსთავში სცენის წინ დალაგებული სკამები დაკავებული იყო, თუმცა, ასევე ჰქონდათ დამატებითი ცარიელი სკამებიც, რაც სამთავრობო მედიამ მანიპულაციური მტკიცებისთვის გამოიყენა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.