“იმედის” მანიპულაცია, თითქოს „მაკდონალდსის“ ბროშურა პროტესტის პროპაგანდას წარმოადგენს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ბროშურა
108
VIEWS

23 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში “ქრონიკა გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ  ბავშვების ემოციებზე ზემოქმედების მიზნით, „მაკდონალდს საქართველოს“ ბროშურაში პროტესტის სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი. სიუჟეტის თანახმად, “ფსიქოლოგიური ზემოქმედების მორიგ კამპანიაში” უნივერსიტეტებისა და სკოლების შემდეგ კვების ობიექტებიც ჩაერთნენ და მცირეწლოვან ბავშვებს “ჰეფი მილთან” ერთად ურიგდებათ ბროშურები, სადაც საუბარია ცვლილებებისთვის ბრძოლასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე. ასევე, სიუჟეტში “მაკდონალდსი” საპროტესტო მუხტის გაღვივებასა და ძალადობის წახალისებაში არის დადანაშაულებული

“იმედის” სიუჟეტზე დაყრდნობით ინფორმაცია  23 დეკემბერს ასევე გაავრცელეს  ad hoc · ედ ჰოკი-ის გადაცემის “თაკშოუს” წამყვანმა თაკო მამაიაშვილმა, ონლაინ სააგენტოს tia.ge-ის ვებსაიტმა და ფეისბუკ გვერდებმა (TIA.GE, The best page in the world•). იგივე შინაარსის სიუჟეტი მოამზადა სეზონი TV-მაც.

ბროშურა ბროშურა

ინფორმაცია, თითქოს ბავშვების ემოციებზე ზემოქმედების მიზნით, „მაკდონალდს საქართველომ“ ბროშურა დაამზადა, სადაც პროტესტის სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი, მანიპულაციურია. რეალურად, ბროშურა “მე შემიძლია ვიბრძოლო ცვლილებებისთვის“, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლას ეხება. ის 2024 წლის იანვრიდან ვრცელდება და მიმდინარე პროტესტებთან კავშირი არ აქვს.

მაკდონალდსის წიგნების სერიის “პატარები დიდი ოცნებებით” ერთ-ერთი წიგნი „მე შემიძლია ვიბრძოლო ცვლილებებისთვის“ ემელინ პანკჰერსტსა და ვილმა მანკილერის ცხოვრებას ეხება. წიგნის მთავარი თემაა არა პროტესტის ფორმები, არამედ ბრძოლა სოციალური სამართლიანობისთვის, რაც ასახულია იმ ქალების მაგალითზე, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მიზანდასახულობით შესაძლებელია დიდი ცვლილებების გამოწვევა საზოგადოებაში.

ემელინ პანკჰერსტი იყო ბრიტანელი სუფრაჟისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქალთა ხმის მიცემის უფლების მოპოვებაში. სუფრაჟისტები იყვნენ აქტივისტები, რომლებიც მე-19 და მე-20 საუკუნეებში იბრძოდნენ ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვებისთვის. მათი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან Suffrage რაც საარჩევნო უფლებას ნიშნავს. სუფრაჟისტური მოძრაობები განსაკუთრებულად აქტიური იყო ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში, თუმცა მსგავსი მოძრაობები არსებობდა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც. სუფრაჟისტების ტაქტიკა გამოირჩეოდა გამბედაობით და მრავალფეროვნებით. მათ თავისი აქტივობა დაიწყეს მშვიდობიანი პროტესტებით და ხელმოწერების შეგროვებით, თუმცა შედეგების არქონის გამო, უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ.  შეიძლება ითქვას, რომ მათი შეუპოვარი ტაქტიკა იყო ის, რაც საბოლოოდ გარდამტეხი აღმოჩნდა ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვებისთვის.

რაც შეეხება ვილმა მანკილერს, ის იყო უფლებადამცველი და აქტივისტი, რომელიც იბრძოდა ამერიკელი ინდიელების უფლებების დაცვისა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის. ვილმა იყო პირველი ქალი, რომელიც ამერიკული ტომის ჩეროკის რეგიონის მმართველი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ჩეროკის ტომმა მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პროგრესი განიცადა.
ემელინ პანკჰერსტისა და ვილმა მანკილერის ბრძოლა და თავდადება გახდა შთაგონების წყარო მრავალი თაობისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის, რომლებსაც სურთ საზოგადოებაში ცვლილებების გამოწვევა.

  • კონკრეტულად რა წერია ბროშურაში “მე შემიძლია ვიბრძოლო ცვილებებისთის”?

“იმედის” სიუჟეტში ნათქვამია, რომ ბროშურაში რომელიც “ჰეფი მილთან” ერთად გაიცემა, საუბარია ცვლილებებისთვის ბრძოლასა და საპროტესტო აქციებში ჩართვაზე: 

“ისინი ქუჩებში სიტყვით გამოდიოდნენ და ქალაქებში მარშებს აწყობდნენ, შეხვედრებს შლიდნენ და მოაჯირებზე ჯაჭვით იბამდნენ თავს. როდესაც მთავრობა მათ შეჩერებას შეეცადა, უფრო მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს. ზოგიერთი სუფრაჟისტი დააპატიმრეს კიდეც. ამის მიუხედავად, ემელინის დაჯგუფებას უფრო მეტი ქალი შეუერთდა. ერთად წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინეს.”

ამ ფრაგმენტის საფუძველზე სიუჟეტი წიგნს საპროტესტო აქციების რომანტიზებად, არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებად წარმოაჩენს და “მაკდონალდს” საპროტესტო მუხტის გაღვივებასა და პროპაგანდის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. თუმცა, რეალურად, ემელინ პანკჰერსტის ნაწილი იწყება იმით, რომ პატარა ინგლისელ გოგონას მებრძოლ, მამაც გმირებზე შეთხზული ამბების კითხვა უყვარდა და ოცნებობდა იმაზე, თუ ვინ გახდებოდა თვითონ. ემელინის ბავშვობაში არჩევანი არ ჰქონდათ, მამამისს კი გული სწყდებოდა იმის გამო. რომ ემელინი ბიჭი არ იყო. ამავე დროს, ოჯახი, ძმებისგან განსხვავებით, ხელს არ უწყობდა ემელინს, რომ უნივერსიტეტში ჩაებარებინა და დასაქმებულიყო, ემელინს არც საარჩევნო უფლება ჰქონდა და ვერ ხვდებოდა რატომ. ემელინი დედას სთხოვდა, იმ შეხვედრებზე მიეყვანა სადაც ქალთა უფლებებს განიხილავდნენ და თვითონაც ბევრს კითხულობდა ქალთა უფლებების შესახებ. სწორედ ასეთ შეხვედრებზე მოისმინა ემელინმა, რომ ქალებს როგორც ინგლისში, ისე სხვა ქვეყნებში უთანასწოროდ ექცეოდნენ და მათ დიდი ცვლილებების განსახორციელებლად სწორედ საარჩევნო უფლებების მოპოვება სჭირდებოდათ. ემელინი სკოლის დამთავრების შემდეგ ქალთა უფლებების დაცვის სამსახურში ჩადგა. თავიდან მას ამ ბრძოლაში ქმარი ეხმარებოდა, რომელიც ადვოკატი იყო, თუმცა მათმა პროტესტმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ემელინმა შვილებთან და სხვა ქალებთან ერთად სხვადასხვა ტიპის საპროტესტო კამპანია დაიწყო. წიგნში აღნიშნულია ისიც, რომ როდესაც ევროპაში ომი დაიწყო და კაცები საბრძოლველად წავიდნენ, სწორედ სუფრაჟისტებმა მოჰკიდეს ხელი იმ საქმეების კეთებას, რასაც ადრე მხოლოდ ქალები ასრულებდნენ. ომის დამთავრების შემდეგ, ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს. წიგნის ეს ნაწილი შემდეგი ფრაზით მთავრდება: “სხვებისთის ბრძოლამ ეს პატარა გოგონა აქცია იმად, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: გმირად. “


შესაბამისად, იმედის სიუჟეტში მოხვედრილი ფრაგმენტი წიგნიდან, რომელშიც სუფრაჟისტების მიერ პროტესტის გამოსახვის გზებზეა საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ამ აქტივისტების მიერ გამოხატულ პროტესტის ფორმას ასახავს და არ წარმოადგენს საპროტესტო მუხტის გაღვივებას ან  ძალადობის წახალისებას. სიუჟეტში წიგნის მხოლოდ ერთი ფრაგმენტის გაშუქება, რომელიც სუფრაჟისტების მიერ პროტესტის გამოხატვას ეხება და ამ ფრაგმენტის განზრახ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირება მაყურებლისთვის სრულიად ართულებს წიგნის თემატიკისა და მიზნის აღქმას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სერიის “პატარები დიდი ოცნებებით” წიგნი “მე შემიძლია ვიბრძოლო ცვლილებებისთვის” 2024 წლის იანვრიდან ვრცელდება, შესაბამისად, ის არ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ბროშურა

  • რა ვიცით სერიის “პატარები დიდი ოცნებებით” შესახებ?

“მაკდონალდსის” წიგნების სერია “პატარები დიდი ოცნებებით” (Little People BIG DREAMS) სხვადასხვა პროფესიის ადამიანების; მსახიობების, მომღერლების, სპორტსმენების, გამომგონებლების, მთამსვლელების და ა.შ. ისტორიებს გვიყვება. ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ: ოცნება და მიზანი, რაც ბავშვობიდან დაისახეს. წიგნები კი მოგვითხრობს იმ გზას, რაც ამ ადამიანებმა გაიარეს თავიანთი ოცნებების და მიზნების მისაღწევად. ამით მაკდონალდსი ბავშვებს აჩვენებს, რომ ასაკის მიუხედავად, შესაძლებელია დიდი მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. კომპანიის მიზანია, ამ ინიციატივით ბავშვებს შთააგონოს, რომ შრომით და მიზანდასახულობით მათ შეუძლიათ, რომ სამყარო  შეცვალონ უკეთესობისკენ.

აღსანიშნავია, რომ „Little People, BIG DREAMS“ სერია ითარგმნება სხვადასხვა ენაზე და ხელმისაწვდომია იმ ქვეყნებში, სადაც მაკდონალდსი ოპერირებს. ეს ინიციატივა ხელს უწყობს ბავშვების განათლებას და მათთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურების გაცნობას, რაც თავის მხრივ აძლიერებს მათ მოტივაციას და საკუთარი თავის რწმენას. 

წყაროს შესახებ

ფეისბუკ მომხმარებელი  Tako Mamaiashvili, რომელმაც “იმედზე” დაყრდნობით ბროშურის შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია გააზიარა,   ad hoc · ედ ჰოკი-ის გადაცემის “თაკშოუს” წამყვანი და საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების საწინააღმდეგოდ შექმნილი ფეისბუკ ჯგუფის “ანტი-მაიდნის!” ადმინისტრატორია. 

ბროშურა


არქივი:
Sezoni tv
Tako Mamaiashvili
tia.ge
•The best page in the world•


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist