3 ნოემბერს სამთავრობო ტელევიზია “იმედის” ეთერში, გადაცემა “იმედის კვირაში” გავიდა სიუჟეტი, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და მასში დამარცხების შემთხვევაში ოპოზიციის გეგმას შეეხებოდა. სიუჟეტში “ინსტრუქცია მარცხისთვის” ჟურნალისტი ანუკი გუმბერიძე ამბობს, რომ საქართველოში არჩევნებისშემდგომი პროცესების გეგმა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშშია გაწერილი. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ამავე ორგანიზაციის გლობალური დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, ლორა თორნტონის სახელით გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ არჩევნების შემდგომ ხმაურის ასატეხად მთავარი დასაყრდენი ეგზიტპოლის შედეგები უნდა ყოფილიყო. სიუჟეტში საუბარია “მთავარი არხის” მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შესახებაც. ჟურნალისტის თანახმად, ორგანიზაციამ შედეგი ჩაასწორა, “ქართულ ოცნებას” 44.4% მიანიჭა, რაც ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო მონაცემს აჭარბებს. აღნიშნული ინფორმაცია კი “მთავარმა არხმა” არ გააშუქა და დამალა.
“იმედის კვირა” მაკკეინის ინსტიტუტსა და ორგანიზაცია Harris X-ის ეგზიტპოლზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს: 1) კომპანია Harris X-მა ცესკო-ს მონაცემების საფუძველზე, კერძოდ, ამომრჩეველთა ასაკის, სქესის, რეგიონების, უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შემოსული ხმებისა და დროის მიხედვით აქტიურობის მონაცემების შეჯამებით, მართლაც გამოაქვეყნა ეგზიტპოლის საბოლოო, რედაქტირებული შედეგი, რომელშიც “ქართულ ოცნებას” 2%-იანი მატება აქვს. თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემი კი საბოლოოდ ვერ ჩაითვლება, სანამ ცესკო სტატისტიკურ შეუსაბამობებს არ განმარტავს. 2) მთავარ არხს Harris X-ის საბოლოო მონაცემები არ დაუმალავს; 3) მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც ლორა თორნტონს ეკუთვნის, არ წერია, რომ საქართველოში არჩევნებისშემდგომი არეულობა ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის შედეგებმა უნდა გამოიწვიონ. ანგარიშში ეგზიტპოლი ერთხელაა ნახსენები და ავტორი აღნიშნავს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგების დასადასტურებლად აღნიშნული ორი მონაცემი მნიშვნელოვანი იქნება.
-
რა წერია Harris X-ის განახლებულ მონაცემებში?
26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებისთვის ტელეკომპანია “მთავარმა არხის” კუთვნილმა “მედიის თავისუფლების ფონდმა” ეგზიტპოლის მომზადება კვლევით კომპანია Harris X-ს დაუკვეთა. ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, “მთავარი არხის” ეთერით გახდა ცნობილი. შედეგების თანახმად, პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმათა 42% მოიპოვა, ხოლო საარჩევნო ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა და მათი საერთო ხმები 48%-ს შეადგენდა.

წყარო: მთავარი არხი
Harris X-მა საქართველოს მასშტაბით 125 საარჩევნო უბანზე 12 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. 8 საათზე გამოქვეყნებული ეგზიტპოლი მხოლოდ წინასწარი შედეგი იყო. ის 6:45 საათისთვის, 10 300 ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგს წარმოადგენდა. გამოკითხვის საბოლოო შედეგით, “ქართული ოცნების” რეიტინგმა 43.7% შეადგინა.
31 ოქტომბერს Harris X-მა ეგზიტპოლის საბოლოო შედეგის ანალიზი გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეგზიტპოლის შედეგებს შორის, დაახლოებით, რვა პუნქტიანი (208 908 ხმა) სხვაობაა, ასევე აუხსნელი სტატიკური მონაცემები ფიქსირდება 27 საარჩევნო უბანზე. მათი განმარტებით, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი წარმოუდგენელი და დაუჯერებელია.
ცესკო-ს მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, ამომრჩეველთა ასაკის, სქესის, რეგიონების, უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შემოსული ხმებისა და დროის მიხედვით აქტიურობის მონაცემების შეჯამებით, Harris X-მა ეგზიტპოლის შედეგებში ცვლილება შეიტანა. შეწონილი მონაცემით, “ქართულ ოცნებას” 2%-იანი მატება აქვს და მისი რეიტინგი 44.4%-ს უტოლდება. ცვლილება ზოგიერთ ოპოზიციური პარტიის შედეგსაც შეეხო. ორგანიზაციის გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, “ქართული ოცნების” რეიტინგი ცესკო-ს სტატისტიკურ მონაცემის გათვალისწინებითა და საკუთარი მონაცემების შეჯამებით ამ ნიშნულს აღწევს. განახლებული მონაცემით, პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, ჯამურად 43% აქვთ. 0.7% გაბათილებული ბიულეტენებია, ხოლო გამოკითხულთა 2.7%-მა ეგზიტპოლის ჩატარებისას პასუხზე უარი განაცხადა. დარჩენილი ხმები კი გადანაწილდა იმ პარტიებზე, რომელბმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.
Harris X-ის განცხადებით, თუ ცესკო არ განმარტავს სტატისტიკური მონაცემების შეუსაბამობებს, მათი განახლებული მონაცემი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც Harris X-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი. ამასთანავე, განცხადებაში აზუსტებენ, რომ ანალიზი არ ასახავს “ქართული ოცნების” ან სხვა ოპოზიციური პარტიების ხმების რეალურ წილს. ანალიზის დასრულება კი შეუძლებელია მანამდე, სანამ ცესკო არ განმარტავს სტატისტიკურ შეუსაბამობებს საკუთარ მონაცემებში.

წყარო: Harris X
-
მთავარ არხს ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები არ დაუმალავს
“იმედის კვირაში” იმასაც ამტკიცებენ, რომ ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები “მთავარმა არხმა” დამალა და არ გააშუქა. სინამდვილეში, 31 ოქტომბერსის 6 საათიან საინფორმაციო გამოშვებასა და 9 საათიან მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ასევე მომდევნო დღესაც გააშუქა. მეტიც, ამავე გადაცემაში Harris X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განმარტა: “ჩვენ ავიღეთ მონაცემები, რომლებიც გამოაქვეყნა ცესკო-მ და დავუშვათ, რომ ის ზუსტია. შემდეგ ავიღეთ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც მივიღეთ 12 000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვით და დავუშვათ, რომ ისიც ზუსტია. შემდეგ ჩვენ მოვახდინეთ ამ ინფორმაციის კალიბრაცია აქტივობის მონაცემთან, რომელიც ცესკო-მ გამოაქვეყნა. შედეგად, ვერაფრით გამოდის ეროვნული მასშტაბით “ქართული ოცნების” შედეგი 44.4%-ზე მეტი. 53.6% [ცესკო: 53.9%] არის სტატისტიკურად შეუძლებელი.”
-
რა წერია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში საქართველოში არჩევნების შემდგომ გარემოზე?
17 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოზე წინასაარჩევნო შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, ლორა თორნტონია. სრულ შეფასებაში საქართველოში წინასაარჩევნო გარემოა მიმოხილული, ნახსენებია საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული დისკრიმინაციული კანონები, საარჩევნო სისტემა და პარტიებს შორის ურთიერთობა, მათი წინასაარჩევნო კამპანია და ა.შ.
ანგარიშის ბოლო თავში, “დასკვნები და რეკომენდაციები”, ლორა თორნტონი არჩევნების პოტენციურ შედეგებს განიხილავს და დასავლელი ლიდერებისთვის რეკომენდაციას გასცემს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ არჩევნების დასრულების შემდგომ. თორნტონი განმარტავს, რომ ცესკო-ს ოფიციალური შედეგის აღიარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის შედეგებიც. ანგარიშის თანახმად, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში კვლავ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და გამარჯვებას საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლებიც დაადასტურებენ, ევროპელი და ამერიკელი ლიდერები შემდგომ პროცესებს, მათ შორის მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს უნდა დააკვირდნენ.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ოფიციალური მონაცემით, 5%-იანი ბარიერი გადალახა და XI მოწვევის პარლამენტში მოხვდა ხუთი პარტია. მათ შორის ყველაზე მეტი, ხმათა 53.9%, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებიც პარლამენტში მოხვდა, და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ის მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს.
არჩევნების შემდგომ სოციალურ ქსელში არაერთი შეცდომაში შემყვანი ცნობა თუ ვიზუალური მანიპულაცია ვრცელდება. “მითების დეტექტორი” მსგავს ცნობებს სისტემატურად იკვლევს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.