16 ოქტომბერს ტელევიზია იმედის ფეისბუკ გვერდმა იურისტ საბა ბრაჭველის ფოტო გამოაქვეყნა. პოსტის აღწერის თანახმად, “საბურთალოს სამეზობლოს მარშს” “NGO სექტორის ლიდერი” საბა ბრაჭველი ესწრებოდა, რომელიც რეალურად რუსთავში ცხოვრობს.
ტელეკომპანია იმედის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საბა ბრაჭველი რუსთავში ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება. იურისტი უკვე რამდენიმე წელია, რაც საბურთალოზე ცხოვრობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ საბურთალოს რაიონში ბრაჭველი საკუთრებას ფლობს.
საბა ბრაჭველი ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა როგორც პოსტის კომენტარებში, ასევე ფეისბუკის პირად გვერდზე. ბრაჭველმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია “იმედი” დეზინფორმაციას ავრცელებს და მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, ის უკვე წლებია, რაც საბურთალოზე ცხოვრობს.
ის ფაქტი, რომ საბა ბრაჭველი თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში საკუთრების მფლობელია, საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება. ამონაწერის თანახმად, ბრაჭველი ბინის მესაკუთრე 2020 წელს გახდა.
13 დეკემბრიდან თბილისში სხვადასხვა პროფესიის და საერთო ინტერესების მქონე ადამიანები მარშს მართავენ. 16 დეკემბერს თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში სამეზობლოს მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო აქცია 08:00 საათზე მეტრო “უნივერსიტეტიდან” დაიწყო. პროტესტის მონაწილეები ახალ არჩევნებს და აქციებზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “იმედმა” 15 დეკემბერს მოქალაქე თორნიკე რაზმაძის ორი ფოტო გაავრცელა. ტელეკომპანია ამტკიცებდა, რომ ერთი და იგივე ადამიანი ესწრებოდა როგორც “რეალი-ბარსელონას” ფანების მარშს, ასევე იმყოფებოდა მარკეტერებისა და PR-ის სპეციალისტების მიერ 13 დეკემბერს გამართულ მარშს. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია პროტესტის მონაწილე ერთდროულად იყოს როგორც PR-ის სპეციალისტი, ასევე “ბარსელონას” გულშემატკივარი, თორნიკე რაზმაძე, მისი თქმით, 13 დეკემბერს აქციაზე საერთოდ არ ყოფილა და “იმედმა” 9 დეკემბერს გამართული აქციის კადრი გამოიყენა.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.






















