განახლება 14.07.2025: მასალას დაემატა ინფორმაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ მიღებული თანხაზე.
9 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გადაცემის “ქრონიკის” 10:00 საათიან გამოშვებაში, ასევე სხვადასხვა პლატფორმებზე (1, 2, 3), საუბარი იყო იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტები აქვს გაფორმებული. სიუჟეტი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები “გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეები” არიან და რომ მათ ევროკავშირისგან მიღებული აქვთ სოლიდური თანხები ან სამომავლოდ მიიღებენ.
სიუჟეტში კონკრეტულად ნახსენებია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ მიერ მიღებული დაფინანსების ოდენობა. მათ შორისაა:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), რომელმაც, სიუჟეტის თანახმად, უკვე მიიღო 967,343 ევრო;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომლისთვისაც ევროკომისიას ამავე ღირებულების (967,343 ევროს) კონტრაქტი აქვს გაფორმებული;
- არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარს”, სიუჟეტის მიხედვით, 900,000 ევროს დაფინანსება აქვს განსაზღვრული;
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდთან, სიუჟეტის თანახმად, ევროკომისიას 2 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი არის გაფორმებული;
- “ადამიანის უფლებათა ცენტრს”, სიუჟეტის თანახმად, 750,000 ევროს დაფინანსება ეკუთვნის;
- “ჩაიხანამ” სიუჟეტის თანახმად, უკვე მიიღო 31,947 ევრო და დამატებით 532,117 ევროს მიიღებს.
“იმედის” სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია ეფუძნება ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სიას.
იმედის საინფორმაციო გამოშვებიდან კადრი 11 ივლის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც გაავრცელა. პაპუაშვილის პოსტში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, არ სცნობს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონმდებლობას, ავრცელებს სიძულვილის კამპანიებს, საზოგადოებას მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ და ცდილობს, საარჩევნო პროცესის საბოტაჟის გზით მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას ხელი შეუშალოს.
ამავე თემაზე 10 ივლისს სიუჟეტი მოამზადა “საზოგადოებრივმა” მაუწყებელმაც, რომელიც ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაუკავშირდა. სიუჟეტში აღინიშნა ორგანიზაციების პოზიცია, რომ ორბანთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში შეცდომაა.


იმედის სიუჟეტში დასახელებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ოდენობა არა ორგანიზაციების მიერ რეალურად მიღებულ, არამედ პროექტების საერთო ბიუჯეტს ან ბენეფიციართა ქვეყნებზე გადანაწილებულ მთლიან დაფინანსებას ასახავს.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხოლოდ 256,550.57 ევროს იღებს საერთო პროექტიდან, რომლის ბიუჯეტი 967,343 ევროა და მასში კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის ჩართული.
- 532,117 ევრო, რომელსაც სიუჟეტი CHAI KHANA-ს მიაკუთვნებს, რეალურად ექვს ქვეყანაზე ნაწილდება. ორგანიზაციას ამ თანხიდან უნდა მიეღო 31,947 ევრო, თუმცა კონტრაქტი შეჩერდა და მხოლოდ 5,581 ევრო მიიღო.
- “საფარმა” 139,678 ევრო ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიიღო, რომლის ბიუჯეტი 967,343 ევროა და მასში საფარის გარდა 5 ორგანიზაცია მონაწილეობს, შესაბამისად, დარჩენილი თანხა ამ ორგანიზაციებზე უნდა გადანაწილდეს.
- “ადამიანის უფლებათა ცენტრი” პროექტს სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს, შესაბამისად, პროექტის თანხა 750,000 ევრო ამ ორგანიზაციებზე განაწილდა.
- სიუჟეტში დასახელებული 2,265,000 ევრო არ წარმოადგენს იმ თანხას, რომელიც მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა მიიღო. აღნიშნული თანხა ერთობლივ პროექტს ეხება, რომელსაც რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაცია ახორციელებს — შესაბამისად, ფული ნაწილდება პროექტის ყველა კომპონენტსა და პარტნიორზე, და არა მხოლოდ სოროსის ფონდზე.
რა ვიცით სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და საიას პროექტის მიზნებსა და მათ მიერ მიღებული დაფინანსების ოდენობის შესახებ?
“იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში NGO Transparency-ის ვებ-საიტზე გამოქვეყნებული მონაცემები არის ნაჩვენები. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” გასწვრივ 967,343 ევრო არის მითითებული, თუმცა რეალურად, ორგანიზაცია ამ პროექტის ფარგლებში 256,550.57 ევროს იღებს.

პროექტი „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ მიზნად ისახავს სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების, ჩართულობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას. ის 2024 წლის იანვრიდან ხორციელდება სოციალური სამართლიანობის ცენტრის (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა(IDFI) და “სტუდია მონიტორის” თანამშრომლობით. პროექტის ბიუჯეტის და ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-საიტზეც არის ხელმისაწვდომი.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 1,018,256 ევროს შეადგენს, საიდანაც 967,343 ევრო ევროკავშირის მიერ არის გამოყოფილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ვებ-საიტის თანახმად, ორგანიზაცია კონკრეტულად 256,550.57 ევროს ფარგლებში ასრულებს პროექტის თავის ნაწილს. აღნიშნული თანხა ნაწილდება სამ ამოცანაზე, რომელთა შესრულებაში ეს ორგანიზაციაა ჩართული.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წილს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 967,343 ევროდან 130,794.74 ევრო შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილ თანხას (579, 997.69) ორი ორგანიზაცია, სტუდია “მონიტორი” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინაწილებენ. აქედან გამომდინარე, სიუჟეტში დასახელებული 967,343 ევრო, რომელიც როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრს, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უნდა მიეღოთ, რეალურად, პროექტის საერთო ბიუჯეტში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის რაოდენობას წარმოადგენს და არა ამ ორგანიზაციების მიერ რეალურად მიღებულ თანხას.
პროექტში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ჩართულობა მიმართულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ინსტიტუციური და სამართლებრივი გამოწვევების გამოკვეთასა და მათ დაძლევაზე, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დათქმაცაა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასამართლოების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ანალიზი, სასამართლო სისტემის მთავარ ინსტიტუტებში არსებული პრობლემების შესწავლა, ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა.
იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 11 ივლის განცხადებით გამოეხმაურა სოციალური სამართლიანობის ცენტრიც, სადაც ვკითხულობთ, რომ უშუალოდ სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა 4.5-ჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რაც სიუჟეტებშია მითითებული.
რა ვიცით Chai Khana-ს მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ?
“იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამია, რომ Chai Khana-მ დაფინანსების სახით, უკვე მიიღო 31,947 ევრო და კონტრაქტის მიხედვით მიიღებს 532,117 ევროს. რეალურად, იმედის სიუჟეტში დასახელებული თანხა, 532,117 ევრო 6 ქვეყანაზე გადანაწილდა.

„KineDok“ არის საერთაშორისო პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 760,167.60 ევროს, საიდანაც 532,117.33 ევრო ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. პროექტის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დოკუმენტური ფილმების გავრცელების და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გაფართოება ექვს ქვეყანაში: ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ხორვატიასა და საქართველოში. პროექტს კოორდინაციას უწევს ჩეხური ორგანიზაცია „Institut of Documentary Film“, ხოლო მისი პარტნიორები არიან: Anthropolis Egyesület (უნგრეთი), One World Romania Association (რუმინეთი), FILMTOPIA S.R.O. (სლოვაკეთი), RESTART (ხორვატია) და საქართველოდან Chai Khana.
იმედის სიუჟეტში დასახელებული თანხა, 532 117 ევრო, 6 ქვეყანაზე გადანაწილდა. საქართველოს და შესაბამისად, Chai Khana-ს წილმა 31 947 ევრო შეადგინა. ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე იმედის ბრალდების საპასუხოდ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში, Chai Khana-მ ვერ მიიღო თავდაპირველად გათვალისწინებული 31 947 ევრო, რადგან „რუსული კანონის“ მიღების გამო, კონტრაქტი დროზე ადრე შეჩერდა. შესაბამისად, Chai Khana-ს მიღებული თანხის რეალური ოდენობა შეადგენს მხოლოდ 5 581 ევროს და არა 31 947 ევროს, რაც ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დასტურდება.

პროექტის KineDok მთავარი მიზანია დოკუმენტური კინოს გავრცელება კინოთეატრების ფარგლებს გარეთ, არატრადიციულ სივრცეებში, როგორიცაა ბიბლიოთეკები, სკოლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ასევე ონლაინ პლატფორმებზე. პროექტი მოიცავს როგორც ცოცხალ ჩვენებებს თანმდევი დისკუსიებითა და პროგრამებით, ისე ონლაინ ღონისძიებებსა და სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილ მასალებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების ჩართულობას, მათი შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარებას და სოციალურ საკითხებზე მგრძნობელობის ამაღლებას.
რა თანხა გამოუყო ევროკავშირმა “საფარს” და რა მიზნით?
იმედის საინფორმაციო გამოშვებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარმა“ 900 000 ევროს ოდენობის გრანტი უნდა მიიღოს.

რეალურად, პროექტის „ოჯახში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ საერთო ბიუჯეტი 967 343 ევროს შეადგენს და რამდენიმე ორგანიზაციის პარტნიორობით ხორციელდება. ეს ორგანიზაციებია: წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT, „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „ქალთა ფონდი საქართველო“, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება და „არტარეა“. ამ პროექტის ფარგლებში “საფარმა” 139,678 ევრო მიიღო, რაც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული საგრანტო ხელშეკრულებითაც დასტურდება.
პროექტი „ოჯახში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას, პრევენციულ ღონისძიებებსა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მისი სამიზნე ჯგუფია ქალები და გოგონები, რომლებიც განიცდიან ოჯახში ან გენდერული ნიშნით ძალადობას, მათ შორის ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობების ქალები, სექსმუშაკები, პრობაციონერები და სოფლად მცხოვრები პირები. ინიციატივა გულისხმობს, ასევე, რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს თემში.
რა თანხას იღებს ადამიანის უფლებათა ცენტრი და რა პროექტის ფარგლებში?
იმედის საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამია, რომ “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ევროკავშირისგან 750,000 ევროს დაფინანსებას მიიღებს.

რეალურად, საუბარია პროექტის “მონიტორინგის და ადვოკატირების შესაძლებლობების ამაღლება უფლებების დასაცავად საქართველოში” შესახებ, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის გრანტი რამდენიმე ორგანიზაციაზე განაწილდა. ამ პროექტს ახორციელებდნენ “ჰერტიეს სკოლა”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი”. შესაბამისად, ევროკავშირის მიერ გაცემული 750 000 ევრო ამ ორგანიზაციებზე სხვადასხვა პროცენტულობით გადანაწილდა. “ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა, “მითების დეტექტორს” განუცხადა, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ ორი წლის განმავლობაში 64 125 ევრო მიიღო.
პროექტის მიზანია გააძლიეროს ადგილობრივი და ეროვნული დონეზე მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები, რათა მათ ეფექტურად შეასრულონ ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და ადვოკატირების ფუნქციები, გააძლიერონ სახელმწიფო უწყებებზე ზედამხედველობა და გაზარდონ ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ როგორც საზოგადოებაში, ისე გადაწყვეტილების მიმღები პირების დონეზე.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” სახელთანაა დაკავშირებული და NGO Transparency-ის საიტზე გვხვდება, არის „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის – ConMeCo“, რომელსაც Deutsche Welle Akademie გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად – მედიის განვითარების ფონდსა (MDF) და ადამიანის უფლებათა ცენტრთან ახორციელებს. ამ პროექტში ფარგლებში მედიის განვითარების ფონდის წილმა 166,540 ევრო შეადგინა. “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” კი, ალეკო ცქიტიშვილის თანახმად, 123 183 ევრო მიიღო.
NGO Transparency-ის საიტზე მედიის განვითარების ფონდის გასწვრივ 798,006.00 ევროა მითითებული, თუმცა ეს მთლიანი პროექტის თანხის ის რაოდენობაა, რაც ევროკავშირის თანადაფინანსებას წარმოადგენს და არა MDF-ის წილი.
პროექტის მიზანს „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის – ConMeCo“ მედიის თავისუფლების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების გაძლიერება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის განმტკიცება წარმოადგენს. პროექტი მიმდინარეობს 2023 წლის 1 მარტიდან 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით და დაფინანსებულია 847,860 ევროს ოდენობით, საიდანაც ევროკავშირის წილი 798,005 ევროს შეადგენს.
რა თანხა გამოუყო ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების ფონდს?
ტელეკომპანია იმედმა ასევე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდი United for Georgia’s European Way პროექტის ფარგლებში 2 000 000 ევროს ოდენობის გრანტს აიღებს, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.
პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ საერთო ბიუჯეტი 3 099 837 ევროს შეადგენს. ამ თანხიდან ევროკავშირის მხრიდან გაცემული დაფინანსება არის 2,000,000 ევრო. პროექტი 33 თვის განმავლობაში Konrad Adenauer Stiftung-ის დახმარებით ხორციელდება.
საქართველოში Konrad Adenauer Stiftung-ის პარტნიორები შემდეგი ორგანიზაციები არიან: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და თავისუფალ ჟურნალისტების სახლი (IJH).
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მიერ გამოქვეყნებულილ ხელშეკრულებაში აღწერილია პროექტის საქმიანობა, გრანტის ოდენობა და ამ გრანტის გადანაწილების გეგმა, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ორგანიზაციების კონკრეტული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ბიუჯეტის გადანაწილების დროს ასევე განისაზღვრა, რომ ამ პროექტის ფარგლებში “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” მაქსიმუმ 593, 695 ევროს ოდენობის თანხას მიიღებდა, ხოლო “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” არაუმეტეს 971,265 ევროს.

პროექტი “ერთიანი საქართველო ევროპისთვის” მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების, და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.
ვინ გამოაქვეყნა პროექტების სიები და მათთვის გამოყოფილი თანხის ოდენობები?
იმედის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სიას. საუბარია NGO Transparency-ის ვებ-საიტზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. საიტის შექმნა “ფიდესის”- უნგრეთის მემარჯვენე ფრთის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის თავმჯდომარემ და ევროპარლამენტში ერთი წლის წინ ჩამოყალიბებულმა “Patriots for Europe” ჯგუფის წევრმა, კინგა გალმა დააანონსა. მან ასევე განაცხადა, რომ “Patriots for Europe”, რომელიც სიდიდით მესამე ჯგუფია ევროპარლამენტში, იბრძვის ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად. ეს პოლიტიკური ჯგუფი წარმოადგენს მემარჯვენე, სუვერენიზმის დოქტრინაზე დაფუძნებულ ერთობას, რომელშიც გაერთიანებული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური პირები.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















