2 სექტემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა “POSTV” (1, 2), “იმედი”, ასევე გაზეთმა “ქართული აზრი” გაავრცელეს აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატის, რობერტ კენედი უმცროსის ვიდეო და ციტატები, სადაც ის ამტკიცებს, რომ უკრაინამ ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე უნდა გასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი თავისი აქტივები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწები. ამერიკელი პოლიტიკოსის მიხედვით, ეს ყველაფერი განსაზღვრულია უკრაინისათვის გაცემული დახმარების პირობებში, რომელიც არა საჩუქარი, არამედ სესხია. კენედი ასევე აღნიშნავს, რომ მიწების 30% უკვე გაყიდულია სამ კომპანიაზე- Dupont, Cargill და Monsanto-ზე, რომლებიც მსოფლიოში აქტივების მართვის უდიდეს კომპანია Blackrock-ს ეკუთვნის, რომელსაც თავის მხრივ ჯო ბაიდენმა 2022 წლის დეკემბერში უკრაინის აღდგენის კონტრაქტი გადასცა.
2 სექტემბერს ამავე თემაზე ფეისბუქზე გავრცელდა ბელარუსის პირველი არხის 25 მარტის სიუჟეტი, სადაც ამტკიცებენ, რომ ზელენსკიმ ბლექროკთან 2022 წლის სექტემბერში დაიწყო თანამშრომლობა, რომლის მიხედვითაც კომპანია უკრაინას ქვეყნის რეკონსტრუქციაში დაეხმარება, სანაცვლოდ კი მათ აქტივები და სტრატეგიული ობიექტები მიიღეს, რომლებსაც ბლექროკი დაეუფლება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვალს ვერ გადაიხდის. სიუჟეტში ასევე ციტირებენ რობერტ კენედის და აღნიშნავენ, რომ უკრაინის მიწების 30% უკვე გაყიდულია.
რობერტ კენედი უმცროსზე დაყრდნობით კონსპირაციის თეორია და დეზინფორმაცია ვრცელდება:
- ღია წყაროებითა და ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს უკრაინას ვალების სანაცვლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა აქტივების გაცემა მოუწევს;
- მცდარია ინფორმაცია, რომ უკრაინის მიწების 30% ნახსენებმა კორპორაციებმა უკვე იყიდეს;
- უკრაინისა და Blackrock-ის 2022 წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში კორპორაცია უკრაინას უსასყიდლოდ უწევს დახმარებას ინვესტიციების მოზიდვისა და უკრაინის რეკონსტრუქციის ბანკის შექმნის საქმეში;
- აშშ-ს მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილია სესხი
რობერტ კენედი უმცროსის ვიდეო, რომელსაც სამთავრობო მედია ავრცელებს, ახალი არ არის და მიმდინარე წლის 7 იანვარს გამოქვეყნდა. პოლიტიკოსი ვიდეოში აღნიშნავს, რომ უკრაინისათვის გაცემულ თანხას სენატორები და კონგრესმენები სესხს უწოდებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში აშშ უკრაინას მკაცრ პირობებს წაუყენებს და მოსთხოვს სესხის სანაცვლოდ მის ხელთ არსებული სახელმწიფო აქტივები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწები Blackrock-ის მფლობელობაში მყოფ კომპანიებს გადასცეს. სინამდვილეში, უკრაინის დახმარების პაკეტის ოფიციალურ დოკუმენტებში და ღია წყაროებში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. კენედიმ ასევე ახსენა, რომ სენატორმა ტიმ სკოტმა რესპუბლიკელების დებატების დროს დაადასტურა, რომ უკრაინისათვის გაცემული დახმარება სესხია და არა საჩუქარი. რეალურად სკოტმა 2023 წლის სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაცემული დახმარების 90% სესხია, რომელსაც არა უკრაინა, არამედ ნატო და მისი მოკავშირეები იხდიან, რადგან რუსეთის არმიის დამარცხება აშშ-ს უსაფრთხოების პრიორიტეტია.
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ უკრაინას ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 5 ძირითადი დახმარების კაპეტი გამოუყო და უნდა აღინიშნოს, რომ მისი უმრავლესობა პირდაპირი დახმარებაა და არც ერთი დოკუმენტი არ შეიცავს მუხლებს, რომლებშიც აღნიშნული იქნება, რომ უკრაინას დახმარების სანაცვლოდ კორპორაციებისთვის სახელმწიფო აქტივებისა და მიწების გადაცემა მოუწევს.
წყარო: CSIS
პირველი და მეორე დახმარების პაკეტი ძირითადად მოიცავდა 2022 წლის ფისკალურ წელს და ჯამში უკრაინისათვის 53.8 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას ითვალისწინებდა. აღსანიშნია, რომ ორივე მათგანში ჯამურად მხოლოდ 4 მილიარდი დოლარი არის სესხად მოხსენიებული. კონკრეტულად, ეს ეხება “საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამას”, რომელიც გაიცემა უკრაინისა და ამ ომით დაზარალებული სხვა სახელმწიფოებისათვის.
მესამე და მეოთხე პაკეტები აშშ-ის კონგრესმა ასევე 2022 წელს დაამტკიცა, თუმცა მათი მოქმედების დრო ძირითადად 2023 წლის ფისკალურ წელს მოიცავდა და ჯამურად თითქმის 60 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მესამე პაკეტში უკრაინისათვის გამოყოფილ თანხებში სესხი არ ფიქსირდება, მეოთხეში კი კვლავ “საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში სესხად 80 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
რესპუბლიკური პარტიის წევრების ზეწოლის შედეგად, კონგრესმა ცვლილებები შეიტანა უკრაინის დახმარების მეხუთე პაკეტში, რომელიც 2024 წლის აპრილში დაამტკიცეს. მასში აღნიშნულია, რომ 7.9 მილიარდი დოლარის ექვივალენტი “ეკონომიკური დახმარების ფონდი” და 1.7 მილიარდის ღირებულების “დახმარება ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიისთვის” ამჯერად უკრაინას სესხის სახით გადაეცემა. აღნიშნული ორივე პუნქტი ძირითადად მოიცავს ქვეყნისათვის პირდაპირ გადაცემულ თანხებს, იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს ძირითადი სახელმწიფო და სოციალური სერვისების განხორციელება. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე პუნქტი 2022 წლის ოთხივე დოკუმენტში შედიოდა და მაშინ ისინი პირდაპირი დახმარების სახით გამოიყენეს. მეხუთე პაკეტში აღნიშნულია, რომ სესხის დაბრუნების პირობები აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის მთავრობასთან უნდა შეათანხმოს დოკუმენტის გაოფიციალურებიდან არაუმეტეს 60 დღის მანძილზე. თუმცა, დოკუმენტში არის დებულებები, რომლებიც სესხის განულების საშუალებას იძლევა. კონკრეტულად, აშშ-ის პრეზიდენტს 2024 წლის 15 ნოემბრის შემდეგ უფლება აქვს უკრაინას ჩამოაწეროს ამ თანხის 50%, თუ კონგრესი არ იქნება ამის წინააღმდეგი. 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ კი იმავე პროცედურით შესაძლებელი იქნება დარჩენილი სესხის განულებაც.
საერთო ჯამში აშშ-მა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 175 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო, რომლის 72% აშშ-ში რჩება, რადგან უკრაინისათვის გადაცემული იარაღები და მათი ჩასანაცვლებელი მარაგები სწორედ შტატებში იწარმოება კერძო კონტრაქტორების მიერ.
-
უკრაინის მიწების 30% უცხოურ კომპანიებს არ უყიდიათ
კენედი ვიდეოში ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების 30% სამმა კომპანიამ Dupont-მა, Cargill-მა და Monsanto-მ იყიდეს, რომლებიც Blackrock-ს ეკუთვნის. ანალოგიური მტკიცება წარსულში უკვე გადამოწმდა და დადგინდა, რომ ეს დეზინფორმაციაა. სინამდვილეში, უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა აკრძალულია. ამასთანავე, აღნიშნული სამი კომპანია უკრაინის მიწების მესაკუთრეების სიაში არ იძებნება.
-
უკრაინისა და ბლექროკის თანამშრომლობა
2022 წლის 10 ნოემბერს უკრაინასა და Blackrock-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კორპორაცია იღებს ვალდებულებას გაუწიოს უკრაინას დახმარება ქვეყნის რეკონსტრუქციის და ეკონომიკის განვითარების საქმეში. შეთანხმების მიხედვით, Blackrock-ს ენიჭება მრჩევლის როლი და მის მთავარი მიზანია, დაეხმაროს უკრაინას ისეთი პლატფორმის შექმნაში, რომელიც მოიზიდავს დიდი რაოდენობის კერძო კაპიტალს. შედეგად, ბლექროკმა ასევე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანკ JPMorgan Chase-სთან ერთად შექმნა უკრაინის განვითარების ფონდი/უკრაინის რეკონსტრუქციის ბანკი, რომელიც უკრაინული ინსტიტუტია და საკუთარი თანამშრომლები და მენეჯმენტი ყავს. აღსანიშნავია, რომ ეს კორპორაციები უკრაინისათვის გაწეული კონსულტაციებისთვის თანხას ან რაიმე სხვა სახის გასამრჯელოს არ იღებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას Blackrock-ის ვალი ნამდვილად აქვს, რაც კორპორაციის ზომიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის. კერძოდ, ის სხვა 4 დიდ კომპანიასთან ერთად ფლობს უკრაინული ფასიანი ქაღალდების 20%-ს, რის სანაცვლოდაც ქვეყანა ვალდებულია ყოველწლიურად იხადოს სესხის პროცენტი. თუმცა, მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად, შეამცირეს ზეწოლა უკრაინაზე და მისთვის სასარგებლო პირობები დააწესეს, რის შედეგადაც 2033 წლამდე ქვეყნის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა 75%-ით შემცირდა.
“მითების დეტექტორს” რობერტ კენედი უმცროსის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები წარსულშიც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.