30 ოქტომბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა და რადიო იმედმა გაავრცელეს “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ციტატა. ჟურნალისტის ციტატა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშსა და მასში საქართველოზე გამოთქმულ მოსაზრებებს ეხებოდა. მედიის თანახმად, იოზვიაკმა თქვა: “საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს იმ 9 ნაბიჯის განხორციელებაში, რომელიც დადგენილია ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში.”
სამთავრობო მედია რიკარდ იოზვიაკის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს. სინამდვილეში, ჟურნალისტმა X-ზე დაწერა, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 9 ნაბიჯის შესრულებაში “უმნიშვნელო პროგრესს” მიაღწია.
30 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს. მასში შეფასებული იქნება გაწევრიანების გზაზე ყველა კანდიდატი ქვეყნის პროგრესი და შესაბამისად, იმსახურებენ თუ არა ისინი გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ხშირად წერს, ამავე საკითხზე ანგარიშიდან რამდენიმე საკვანძო დეტალი გამოაქვეყნა. მან სოციალურ პლატფორმა X-ზე ანგარიშში საქართველოს შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაწერა და დოკუმენტიდან რამდენიმე ციტატაც გამოაქვეყნა. იოზვიაკის პოსტების თანახმად, ანგარიშში საქართველოს ძალისხმევა დადებითად არაა შეფასებული. კერძოდ, ჟურნალისტის მიხედვით, ანგარიშში საქართველოს შესახებ წერია:
“თუ საქართველო დაუბრუნდება მოქმედებების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას წარმოჩენილი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების მიმართ, კომისია ვერ შეძლებს განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკების გახნის შესაძლებლობა.”
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო დათქმით, რომ საქართველო 9 დათქმას შეასრულებდა. ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ამავე წლის 14 დეკემბერს მიენიჭა.
რიკარდ იოზვიაკმა ასევე გამოაქვეყნა გაფართოების შესახებ ანგარიშიდან ციტატა, რომლითაც 9 პრიორიტეტის შესრულებისას საქართველოს პროგრესია შეფასებული. სწორედ შეფასების ამ ნაწილს აქვეყნებს მანიპულაციურად ტელეკომპანია “იმედი”. მედიის ინფორმაციით, ანგარიშში წერია:
“საქართველომ ასევე უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციით დადგენილი 9 ნაბიჯის განხორციელებაში.”
გაფართოების შესახებ ანგარიშიდან გამოქვეყნებულ ციტატას რიკარდ იოზვიაკი თავის შეფასებასაც ურთავს და აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან კრიტიკული, თუმცა არა გასაკვირი საკვანძო საკითხი.
ჟურნალისტი ციტატის იმგვარად გავრცელებას, თითქოს ის დადებითად საუბრობს 9 პრიორიტეტის შესრულებაში საქართველოს პროგრესზე, მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. პოსტებში ვკითხულობთ, რომ პროგრესის შესაფასებლად იოზვიაკი სიტყვა “უმნიშვნელოს” იყენებს, თუმცა მას იმედი ციტატიდან აკლებს.
სამთავრობო მედიის მიერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების ციტატების მანიპულაციურად გავრცელების შემთხვევები “მითების დეტექტორს” წარსულშიც გამოუვლენია. ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკოსების განცხადებები კონტექსტის გარეშე, იმგვარად ვრცელდება, თითქოს ისინი ხელისუფლების მხარდაჭერას გამოხატავენ და პირიქით, მათი კრიტიკა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას მიემართება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.