22 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებლებმა Giorgi Giorgi და მაია თვალთვაძემ, ასევე რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3), გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი უსადენო ყურსასმენების შესახებ საუბრობს, მას ყველაზე სახიფათო ტექნიკად ასახელებს და ამბობს, რომ ყურსასმენი ადამიანის ტვინიდან მომდინარე ტალღებს, აქტივობასა და ბიო სიგნალებს აკონტროლებს. ვიდეოში ილონ მასკი აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს სოციალურ ქსელში სარეკლამო ინფორმაცია იმის მიხედვით ხვდებათ, რაზეც ფიქრობენ, მათი ფიქრების შესახებ ინფორმაციას კი სწორედ ყურსასმენი აგროვებს.
ვიდეო, რომელშიც ილონ მასკი უსადენო ყურსასმენების საფრთხეზე საუბრობს, პროგრამულადაა დამუშავებული. გავრცელებული ვიდეო მასკის ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობის ფრაგმენტია, ინტერვიუში ისინი უსადენო ყურსასმენებზე არაფერს ამბობენ.
-
ვინ გაავრცელა ვიდეო უსადენო ყურსასმენების შესახებ?
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ამერიკელ პოდკასტერ, ჯო როგანთან ილონ მასკის სტუმრობას ასახავს, პოდკასტი 2020 წელსაა ჩაწერილი.
ვიდეოს დამუშავებული ვერსია პირველად სოციალური ქსელის ანგარიშმა, სახელად Radiance Rhythms-მა ინსტაგრამზე 16 აგვისტოს გაავრცელა, იმავე ანგარიშს ტიკ-ტოკზე Haunted Hub ჰქვია. ინსტაგრამზე ვიდეოს გამოქვეყნებისას ანგარიში აღნიშნავს, რომ ის გასართობი მიზნებისთვისაა და სერიოზულად არ უნდა აღიქვან, ჰეშთეგად კი უთითებს ,,კონსპირაცია” და ,,კონსპირაციის თეორია”.
ტიკ-ტოკზე კი ანგარიშის აღწერაშივე (ე.წ. bio) წერს, რომ ის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს და გასართობი გვერდია. აღნიშნული ვიდეოს გარდა, ანგარიშმა იმავე პოდკასტიდან ილონ მასკის კიდევ რამდენიმე დამონტაჟებული ვიდეო (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელა. გავრცელებულ ვიდეოებში მასკი საუბრობს შხაპის უარყოფით თვისებებზე, ამერიკაში არსებულ არალეგალურ სახელებზე, სუპერმარკეტ ,,ვოლმარტზე”, თავის მოვლის საშუალებების მაღაზია ,,სეფორასა” და მათ ნაწარმზე, ასევე სერიალ Squid Game-ზე. აღსანიშნავია, რომ მასკს ჯო როგანის პოდკასტში ამ საკითხებზე არ უსაუბრია. ამასთან, Haunted Hub-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები იდენტურია და თემატურად, მხოლოდ ტექსტი და ფოტოებია შეცვლილი.
-
რას ამბობს ილონ მასკი პოდკასტში?
2020 წელს ჩაწერილ პოდკასტში ილონ მასკი რამდენიმე საკითხზე საუბრობს, თუმცა არსად ახსენებს საფრთხეს უსადენო ყურსასმენებზე და მათ მიერ ტვინის ბიო სიგნალებზე, ტალღებსა და აქტივობებზე წვდომას.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და ჯო როგანის პოდკასტიდან ფრაგმენტებს შეიცავს. მაგალითად, ეპიზოდი, როდესაც როგანი სტუმარს ეკითხება ,,მართლა?”, ხოლო მასკი პასუხობს ,,კი, ნამდვილად” მართლაც არის პოდკასტის ნაწილი (19:10), თუმცა ამ დროს არა ყურსასმენების საფრთხეზე, არამედ მასკის პროექტზე, ,,ნეურალინკზე” საუბრობენ. ტვინიდან მომდინარე ტალღებზე, ბიო სიგნალებსა და ტვინის აქტივობის შესახებ საუბარი სწორედ პროექტის კონტექსტში მიმდინარეობს.
,,ნეურალინკი” ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიური კომპანიაა, ის ტვინზე მისამაგრებელ იმპლანტებს ქმნის, რომელსაც ,,აზრის მოქმედებად გადაქცევა შეუძლია”. კომპანია ირწმუნება, რომ მათი ჩიპები მოძრაობა შეზღუდულ ან მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს ჩვეულებრივად ფუნქციონირების საშუალებას დაუბრუნებს.
ილონ მასკი ამბობს, რომ ნეურალინკი ადამიანის ტვინზე მოთავსდება, ის შეიძლება ტვინის ნებისმიერ ადგილას დამაგრდეს და ადამიანებს გარკვეული დაავადებების ან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხის გადაჭრაში დაეხმაროს, კერძოდ, სმენა და მხედველობა შეზღუდულ ადამიანებს ასახელებს. მასკის თქმით, ,,ნეურალინკს” ტვინის ხარვეზების გამოსწორებაც შეუძლია, ხელს შეუწყობს კიდურების მოძრაობის აღდგენას და ა.შ.
მასკი და როგანი, გარდა ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხებისა, განიხილავენ კოვიდ 19-სა და იმ პერიოდში არსებულ რეგულაციებს, სიტყვის თავისუფლებას, მასკის საცხოვრებელს… პოდკასტი ორ საათს გრძელდება და ისინი არსად საუბრობენ უსადენო ყურსასმენებზე.
აღსანიშნავია, რომ 18 აგვისტოს ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა X-ზე ეფლის ყურსასმენები შეაქო და დაწერა, რომ ისინი შესანიშნავია. კომპანიის ბოლო პერიოდში გამოშვებული ყველა ყურსასმენი უსადენოა, ეფლი უსადენო ყურსასმენებს 2007 წლიდან უშვებს.
ილონ მასკის პოსტი X-ზე
სხვადასხვა დროს ილონ მასკის შესახებ არაერთხელ გავრცელდა მცდარი ცნობები, მათ შორის გაყალბებული ციტატები თუ პროგრამულად დამუშავებული ვიზუალური მასალა. მათი ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:
- ვლადიმირ პუტინზე ილონ მასკის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
- “ევრონიუსის” სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ
- ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
ფეისბუქ ანგარიში Giorgi Giorgi სოციალურ ქსელში დეზინფორმაციასა და მანიპულაციური შინაარსის პოსტებს სისტემატურად ავრცელებს.
რუსულენოვან ანგარიშს Марфа Марфа-ს არაერთხელ გაუვრცელებია მცდარი ინფორმაცია, რაც ,,მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.