რა გახდა ევროკომისიის მიერ ილონ მასკის კომპანია X-ის დაჯარიმების მიზეზი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

კომპანია X
44
VIEWS

11 დეკემბერს პროსახელისუფლებო ტელევიზია POSTV-ის გადაცემის, “ევროკრატია – ყოფილი ევროპა” წამყვანმა ევროკომისიის მიერ ილონ მასკის კომპანია X-ისთვის ჯარიმის დაკისრებაზე ისაუბრა. გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ კომპანიის დაჯარიმების მიზეზი კომიკურია – ვერიფიკაციის ლურჯი ნიშნების მინიჭება და მის უკან მდგომი ანგარიშების არასათანადო შესწავლა. სიუჟეტში კი ჟურნალისტი ამბობს, რომ მასკის კომპანია არ ასრულებდა ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში გათვალისწინებულ გამჭვირვალობის ვალდებულებებს და განხილულია, რომ X, რომელიც საზოგადოებას განსხვავებულ შეხედულებებს სთავაზობს,  “დიფ სტეიტის მართულმა ევრობიუროკრატიამ ამოიღო სამიზნეში”, ასევე, “ევროკომისია X-ს საფრთხედ განიხილავს და მის განეირტალებას ცდილობს”.

იოანე შაიშმელაშვილი, წამყვანი (1:10): “ევროკომისია აცხადებს, რომ სოციალური პლატფორმა X ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის შექმნილი ლურჯი ნიშანი არღვევს ციფრული სერვისების შესახებ კანონის მოთხოვნას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ რატომ დააჯარიმეს ილონ მასკის კომპანია, ვითარება კომიკურად წარმოჩინდება. სოციალურ პლატფორმა X-ზე ნებისმიერ პირს შეუძლია გადაიხადოს თანხა და მიიღოს ვერიფიცირებულის სტატუსი, კომპანია კი არსებითად არ ამოწმებს ვინ დგას ანგარიშის უკან.”

 კომპანია X


POSTV მანიპულაციურად ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ ილონ მასკის კომპანია X-ის დაჯარიმების მიზეზის შესახებ. ევროკომისიის გადაწყვეტილების საფუძველი სოციალური ქსელის მიერ ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტით (DSA) გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა გახდა და მიზეზად მხოლოდ ლურჯი ნიშნების საკითხი არ დასახელებულა. სიუჟეტში წამყვანისა და ჟურნალისტისგან მაყურებელი ვერ ისმენს ჯარიმის დაკისრების მიზეზებს, რომელთა შორისაც იყო: სარეკლამო ბიბლიოთეკის გამჭვირვალობის ნაკლებობა, მკვლევრებისთვის საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობა და ვერიფიკაციის ნიშნის “შეცდომაში შემყვანი” ვიზუალი.

5 დეკემბერს ცნობილი გახდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, €120 მილიონის ოდენობით დაეჯარიმებინა ილონ მასკის კომაპანია X. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ციფრული სერვისების აქტით (DSA) გათვალისწინებული სამი ვალდებულების დარღვევა. POSTV-ის წამყვანი ცდილობს, მიზეზები “კომიკურად” წარმოაჩინოს და მიზეზად ლურჯი ნიშნის მინიჭების საკითხს ასახელებს. თუმცა, X-ის დაჯარიმების ერთადერთი მიზეზი არ იყო მომხმარებლებისთვის ვერიფიკაციის ლურჯი ნიშნის მინიჭების საკითხი. ევროკომისიამ დაასახლება DSA-ით გათვალისწინებული სამი პრინციპი, რომელიც X-მა დაარღვია:  

X-ის ლურჯი ნიშნის შეცდომაში შემყვანი დიზაინი 

ევროკომისია განმარტავს, რომ ლურჯი მარკით ვერიფიცირებული ანგარიშების აღნიშვნას X-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. DSA ითვალისწინებს ვალდებულებას, სოციალურმა პლატფორმებმა აკრძალონ “მატყუარა დიზაინის პრაქტიკა” თავიანთ სერვისებზე. განმარტებაში ვკითხულობთ, რომ X-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, ვერიფიკაციის ნიშანი მოიპოვოს, მათ ვინაობას და ნამდვილობას კი სოციალური პლატფორმა საფუძვლიანად არ ამოწმებს. ევროკომისიის შეფასებით, ეს მომხმარებლებს ურთულებს შესაძლებლობას, დაადგინონ ანგარიშისა და შინაარსის ავთენტიკურობა, რის გამოც ისინი ხშირად ხვდებიან ონლაინ სივრცეში თაღლითობის მსხვერპლი. 

პლატფორმას 60 სამუშაო დღე აქვს ევროკომისიისთვის იმის შესატყობინებლად, თუ რა ზომებს მიმართავს ვერიფიკაციის ნიშნის “მოტყუებით გამოყენებასთან” დაკავშირებით. 

X-ის სარეკლამო ბიბლიოთეკის გამჭვირვალობის ნაკლებობა 

ევროკომისიის თანახმად, X-ის სარეკლამო ბიბლიოთეკა თანხვედრაში არაა DSA-ით გათვალისწინებული გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებთან. ხელმისაწვდომი სარეკლამო ბიბლიოთეკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომ დაადგინონ თაღლითობები, ჰიბრიდული საფრთხის კამპანიები, კოორდინირებული საინფორმაციო ოპერაციები და ყალბი რეკლამები. ევროკომისიის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ X-ის მიერ ინფორმაციის დამუშავების პროცესის გაჭიანურება უარყოფს რეკლამის ბიბლიოთეკის დანიშნულებას. ასევე, ბიბლიოთეკაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიცავდა კრიტიკულ დეტალებს, როგორიცაა რეკლამის შინაარსი და ვინ არის მისი დამფინანსებელი. 

“ეს ხელს უშლის მკვლევარებსა და საზოგადოებას, დამოუკიდებლად შეისწავლონ ონლაინ რეკლამასთან დაკავშირებული ნებისმიერი პოტენციური რისკი,” – წერს ევროკომისია. 

მკვლევრებისთვის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის დაუშვებლობა 

განმარტებაში ასევე ვკითხულობთ, რომ X არ ასრულებს DSA-ის ვალდებულებას, მკვლევრები საჯარო ინფორმაციაზე წვდომით უზრუნველყონ. ევროკომისიას მაგალითად მოჰყავს X-ის მომსახურების პირობები, რომელიც მკვლევრებს საჯარო მონაცემებზე დამოუკიდებელ წვდომას უკრძალავს. გარდა ამისა, განმარტების მიხედვით, X მკვლევრებს საჯარო მონაცემებზე წვდომისთვის ზედმეტ ბარიერებს უწესებს, რაც “ძირს უთხრის ევროკავშირში რამდენიმე სისტემური რისკის კვლევას”. 

ევროკომისიამ DSA-ის ფარგლებში პირველი ჯარიმა დააწესა და აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, X-ს €120 მილიონის გადახდა დააკისრა. პლატფორმას აქვს 90 სამუშაო დღე, რათა ევროკომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა მკვლევრებისათვის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვასა და რეკლამის ბიბლიოთეკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემდგომ მასზე ციფრული სერვისების საბჭო იმსჯელებს და თავის მოსაზრებებს წარადგენს. რაც შეეხება ფინანსურ ჯარიმას, თუ X მას არ შეასრულებს, კომპანიას პერიოდული ჯარიმა დაეკისრება. 

ევროკომისიამ ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში X-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება 2023 წელს დაიწყო. მაშინ კომისია ციფრულ პლატფორმას ედავებოდა ევროკავშირში არალეგალური კონტენტის გავრცელებას, პლატფორმაზე მანიპულაციურ ინფორმაციასთან არაერფექტურ ბრძოლას, გამჭვირვალობის გასაზრდელად არასაკმარისი ზომების მიღებას, ვერიფიკაციის ნიშნების იმგვარად გამოყენებას, რომ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს. 

ევროკომისიის გადაწყვეტილების საპასუხოდ, კომისიას X-ზე რეკლამის განთავსება შეეზღუდა. X-ის დაჯარიმებას გამოეხმაურნენ ამერიკელი პოლიტიკოსებიც, მათ შორის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ტრამპმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას “საშინელი” უწოდა. მარკო რუბიოს შეფასებით, X-ის დაჯარიმების გადაწყვეტილება არის “ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე თავდასხმა.” 

POSTV-ის გადაცემაში “ევროკრატია – ყოფილი ევროპა” ხშირად ავრცელებენ მცდარ და მანიპულაციურ ინფორმაციას, რასაც “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკომისია
წყარო

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist