26 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა “თბილისი ოცდაოთხი” გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიდეო, რომელშიც ის აცხადებს, რომ კრემლი აზერბაიჯანელი არქიტექტორის, ალის სუბხან ოღლუ ქერემლის მიერ არის დაპროექტებული და მოსკოვის კულტურული განთავისუფლების დაწყების ინიციატივით გამოდის. ვიდეო ივლისში რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გაავრცელეს (1;2).
ილჰამ ალიევი: “კრემლი აშენებულია გენიალური აზერბაიჯანელი არქიტექტორის, ალის სუბხან ოღლუ ქერემლის მიერ. ჩვენ, იმ ხალხის შთამომავლებს, რომლებმაც მისი აგურები დადეს, აღარ შეგვიძლია ვუყუროთ იმას, თუ როგორ იყენებენ ჩვენს მემკვიდრეობას ჩვენი ნებართვის გარეშე. ის უბრალოდ შენობა არაა, იგი ტაძარია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ააგეს. ამიტომ, ბაქო მზადაა, დააინიციროს მოსკოვის კულტურული განთავისუფლება მშვიდობიანი გზებით. საჭიროების შემთხვევაში კი, არამხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით”.
ამავე ვიდეოშია რუსეთის ფედერაციის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვისა და ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის Moscow Never Lies-თან გაკეთებული კომენტარების აუდიო ჩანაწერები, სადაც პესკოვი ალიევის მისამართით მუქარის შემცველ განცხადებას აკეთებს, ხოლო მედვედევი აზერბაიჯანელ ქალებზე უხამსად ხუმრობს.


ილჰამ ალიევის ვიდეო, რომელშიც ის აზერბაიჯანელების მიერ აშენებული კრემლის კულტურულ გათავისუფლებაზე საუბრობს, გაყალბებულია. ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, ხოლო გამოყენებული კადრები ალიევისა და ვიეტნამის ლიდერის შეხვედრიდანაა აღებული. ალიევის მსგავსი განცხადების შესახებ ცნობები ღია წყაროებით არ იძებნება, ასევე გაყალბებულია მის კომენტარზე დიმიტრი პესკოვისა და დიმიტრი მედვედევის გამოხმაურება. ვიდეოს პირველწყარო არის სატირული ტელეგრამ-არხი Moscow Never Lies, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით ქმნის Deepfake ვიდეოებს.
ილჰამ ალიევის განცხადება, რომ კრემლი აზერბაიჯანელების მიერაა აგებული და მისი ინიციატივა კულტურულ განთავისუფლებაზე რეპუტაციულ მედიაში, რომელიც რეგიონს ფარავს (1;2;3), არ იძებნება. ეს განცხადება ასევე არ არის გავრცელებული აზერბაიჯანულ (1; 2;3) ან რუსულენოვან (1; 2; 3) მედიაში.
ვიდეოს პირველწყარო არის ტელეგრამ-არხი “Moscow Never Lies”. ამას ადასტუებს ჭვირნიშანი, რომელიც კადრებს აქვს დართული, ასევე, მითითება, რომ პესკოვმა და მედვედევმა კომენტარი ამ სახელის მქონე “მედიასთან” გააკეთეს.

რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის სატირულ ახალ ამბებს ავრცელებს, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ დიფფეიკებსა და შავ იუმორს იყენებს. ალიევის ვიდეო, რომელშიც ხმა, სავარაუდოდ, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი, არხმა 2025 წლის 30 ივნისს გამოაქვეყნა.

დამატებით, აუდიო მასალა ხელსაწყო Deepfake-O-Meter-ის დახმარებით გავაანალიზეთ. ხელსაწყომ სამ შემთხვევაში AI კონტენტის ალბათობა 99%-ზე მეტი სიზუსტით დაადასტურა.

ვიდეოს შესაქმნელად ილჰამ ალიევის ნამდვილი კადრები გამოიყენეს. კადრები აღებულია 7 მაისს ჩატარებული პრესკონფერენციიდან, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანთან, ტო ლამთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე შეხვედრის სრული ვიდეო და ტრანსკრიპტია გამოქვეყნებული, საიდანაც ჩანს, რომ მხარეებს კრემლის, ან ზოგადად რუსეთის შესახებ საერთოდ არ უსაუბრიათ. შეხვედრაზე არც სახელი “ალის სუბხან ოღლუ ქერემლი” გაჟღერებულა.
სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი დიმიტრი პესკოვისა და დიმიტრი მედვედევის აუდიო ჩანაწერებიც. ვიდეოში მითითებულია, რომ პესკოვმა და მედვედევმა კომენტარები ექსკლუზიურად Moscow Never Lies-თან გააკეთეს. მედვედევისა და პესკოვის მსგავსი განცხადებები სატირული ტელეგრამ-არხის გარდა სხვაგან არ გავრცელებულა. დიმიტრი მედვედევის ფრაგმენტიდან აშკარაა, რომ გამოყენებული ხმა პოლიტიკოსის ნამდვილი ხმისგან მკვეთრად განსხვავდება.
ვიდეოს რუსული Лапша Медия-ც გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია ყალბად შეაფასა. საიტზე ნახსენებია, რომ ვიდეოს პირველწყარო სატირული ტელეგრამ არხი იყო და ვრცლადაა განმარტებული, რატომ არ აქვთ კრემლის აშენებასთან კავშირი აზერბაიჯანელებს. ისინი აქცენტს აკეთებენ კრემლის გენერალურ რეკონსტრუქციაზე, რომლითაც იტალიელმა არქიტექტორებმა მას დღევანდელი იერი შესძინეს XV-XVI საუკუნეებში. Лапша Медия რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული “არასამთავრობო ორგანიზაცია” ANO Dialog-ის პროექტია, რომელიც რუსული ინტერნეტ-კომპანიების მიერ გაფორმებული ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა.
აზერბაიჯანული წყაროების თანახმად, ალეშ ბეკ სუბჰან ოღლუ ქერიმლი (ასევე ცნობილი როგორც ქერიმლი-შირვანი ან ალიშ შამახილი ევროპასა და სირიაში), რომელიც დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქ შამახში დაიბადა, დიდი წვლილი მიუძღის კრემლის ხის კონსტრუქციიდან თეთრი კირქვის უფრო მყარი ციტადელით შეცვლის პროცესში, სადაც იგი, როგორც აზერბაიჯანელები იუწყებიან, არქიტექტორის როლს ირგებდა.
“მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია ვიდეოფაბრიკაციები, რომელთა პირველწყაროც სატირული ტელეგრამ-არხია, სახელწოდებით “Moscow Never Lies”. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გერმანიაზე სარაკეტო დარტყმისთვის მზადაა
- დაემუქრა თუ არა ნიკოლ ფაშინიანი უკრაინას და რუსეთს ყირიმის სომხეთთან მიერთებით?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















