3-4 ივლისს ფეისბუქის გვერდებმა და ანგარიშებმა (1, 2, 3, 4.) გაავრცელეს ფოტო და ციტატები, რომლებიც, მათი მტკიცებით, ცნობილ ავსტრალიელ მსახიობს კრის ჰემსვორთს ეკუთვნის. პოსტების თანახმად, მსახიობი ხალხს ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეში ერევა და მას პირად შეტყობინებებს უგზავნის. კონკრეტულად, ჰემსვორთის სახელით გავრცელდა ორი ციტატა: 1. “ამ ბოლო დროს ბევრი პოსტი და განცხადება მომდის პირად შეტყობინებაში, მეუბნებიან რომ სადღაც საქართველოში ყველას ვუყვარვარ. მადლობას გიხდით”. 2. “გავიგე საქართველოში ძალიან ვუყვარვარ ხალხს, რაც პირად შეტყობინებებში აშკარად იგრძნობა, მინდა გითხრათ რომ ბუდუ არ ვარ, მე კრის ჰემსვორთი ვარ”.
სოციალურ ქსელში ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, მსახიობის ფოტოზე ბუდუ ზივზივაძის სახე პროგრამულად არის ჩასმული. ასევე ყალბია ინფორმაცია, თითქოს ჰემსვორთმა მსგავსი განცხადება გააკეთა.
ფეისბუქზე გავრცელებული ციტატები კრის ჰემსვორთს არ ეკუთვნის. მას პირად ფეისბუქ, ინსტაგრამ და X ანგარიშებზე მსგავსი არაფერი დაუწერია. ინფორმაცია არც ღია წყაროებში იძებნება. რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, ის პროგრამულადაა დამუშავებული და მსახიობის რეალურ ფოტოზე საქართველოს ნაკრებისა და გერმანული კარლსრუეს შემტევის, ბუდუ ზუვზივაძის სახეა ჩასმული. ჰემსვორთის ავთენტიკური ფოტო 2024 წლის 6 მაისს, Met Gala 2024-ზეა გადაღებული.

მსახიობის პოპულარობიდან გამომდინარე, მარტივია იმის გარჩევა, რომ მისი ფოტო გაყალბებულია. თუმცა, პროგრამული დამუშავების კვალი, გავრცელებულ ფოტოს ისედაც ეტყობა და უკანა ფონზე აღბეჭდილი ადამიანების სახეები ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოში გაწელილია და არაბუნებრივად გამოიყურება.
აღსანიშნია, რომ ფოტო თანდართული ციტატით თავდაპირველად 3 ივლისს ფეისბუქ-გვერდ “კინომიღმა-Movieverse-ზე” გამოქვეყნდა. გვერდის ადმინისტრატორის მიერ დაწერილი კომენტარებით ცხადი ხდება, რომ მათი მიზანი ხუმრობა იყო და იმასაც აღიარებენ, რომ ამისთვის ფოტოშოპიც გამოიყენეს. ამისდა მიუხედავად, პოსტი ვირუსულად გავრცელდა და სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა ინფორმაციაც და ფოტოც ავთენტიკურად მიიჩნია.
2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ბუდუ ზივზივაძეზე, ისევე როგორც სხვა ქართველ ფეხბურთელებზე “მითების დეტექტორმა” არაერთი გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.