28 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა “ლევან ნავი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ოქროს ზოდებით დატვირთული გვირაბია ასახული. პოსტში აღნიშნულია, რომ გვირაბი, დაახლოებით, 2400 კილომეტრის (1500 მილი) სიგრძისაა და ვატიკანსა და იერუსალიმს აკავშირებს, ასევე, ნათქვამია, რომ გვირაბში 13 მეტრის სიმაღლეზე ოქროა შენახული.
მსგავსი მტკიცება ფეისბუქის რუსულმა და ქართულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გასულ წლებშიც გაავრცელეს.
ცნობა, თითქოს ვატიკანსა და იერუსალიმს ოქროთი სავსე გვირაბი აკავშირებს, მტკიცებულების გარეშეა. მსგავსი ინფორმაცია წარსულშიც გავრცელდა, ხოლო ვიდეო არაავთენტური ანდა საეჭვო ანგარიშების მიერ ვრცელდება, რომელსაც სხვადასხვა ქალაქებს უკავშირებენ.
ვატიკანისა და იერუსალიმის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდება. მტკიცებების თანახმად, ვატიკანიდან იერუსალიმამდე ოქროს ზოდებით სავსე საიდუმლო გვირაბია. მისი სიგრძე 2400 კილომეტრია და იმდენი ოქრო ინახება, რომ გადასაზიდად 650 სატვირთო თვითმფრინავი დასჭირდება. X-ზე (ყოფილი თვითერი) გამოქვეყნებულია პოსტი, რომლის მიხედვითაც, იგივე გვირაბი ამჯერად ვატიკანსა და ჰავაის მაუის კუნძულს აკავშირებს.
Google maps-ის გამოყენებით დადგინდა, რომ ვატიკანიდან იერუსალიმამდე მანძილი იმ მანძილზე – 2400 კილომეტრზე ბევრად დიდია, რაც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ვატიკანიდან იერუსალიმამდე მიწისქვეშა გვირაბის არსებობის შემთხვევაში, მან რამდენიმე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა უნდა გადაკვეთოს. ერთ-ერთი მარშრუტით, გვირაბმა იტალიის, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და სირიის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს ან ის ხმელთაშუაზღვის ქვეშ უნდა იყოს. თუ ვატიკანისა და იერუსალიმის დამაკავშირებელი გვირაბი მიწისქვეშა იქნებოდა, ის არა 2400 კილომეტირს მილის, არამედ დაახლოებით 4050 კილომეტრის სიგრძის უნდა იყოს. Google Maps-ზე ვატიკანიდან იერუსალიმამდე მისასვლელი კიდევ ორი სახმელეთო და ნაწილობრივ საზღვაო მარშრუტია შემოთავაზებული, ერთის სიგრძე 3543 კილომეტრია, მეორის – 4827 კილომეტრი.

2021 წელს გერმანულმა ახალი ამბების სააგენტო Deutsche Presse-Agentur (DPA)-ის ფაქტების გადამოწმების მიმართულებამ ვატიკანისა და იერუსალიმის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა. გამოცემა დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია, თუნდაც 1500 მილის (2400 კილომეტრი) სიგრძის გვირაბის გაყვანა. DPA ვატიკან-იერუსალიმის დამაკავშირებელ გვირაბს ადარებს გოტარდის (შვეიცარია) საბაზო გვირაბს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბია. გამოცემა ბუნების კანონებზე მიანიშნებს და წერს, რომ ვენტილაცია ყოველთვის მთავარი პრობლემაა როგორც მაღაროებში, ისე სხვა გვირაბებში. გოტარდის საბაზო გვირაბში ორი მძლავრი და უახლესი სავენტილაციო ცენტრია ხელმისაწვდომი, გვირაბი კი ისეა დაპროექტებული, რომ ჰაერი მოძრავი მატარებლებით მუდმივად იწოვება. ვატიკანისა და იერუსალიმის დამაკავშირებელი გვირაბის არსებობის შემთხვევაში, ის გოტარდის გვირაბზე 40-ჯერ გრძელი იქნება და როგორც მისი გაყვანის, ისე შემდგომ პერიოდში, ჟანგბადისა და ვენტილაციის სერიოზული პრობლემა იქნებოდა.
ვატიკანის ტერიტორიაზე გვირაბში დიდი რაოდენობით ოქროს აღმოჩენის შესახებ არაფერს წერს სანდო მედიასაშუალებები, მათ შორის, არც წმინდა საყდრის ახალი ამბების პორტალი. გავრცელებული ვიდეოს ღია წყაროებში პოვნა კი ვერ მოხერხდა.
კონსპირაციის თეორიების გამყარების მიზნით საიდუმლო გვირაბებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ხშირად ავრცელებენ. მსგავსი საეჭვო ცნობების ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” მანამდეც გადაამოწმა:
- Sprimgfield Underground-ის საწყობი თუ გვირაბი, რომელშიც ,,ელიტის” მიერ გადამალული საკვები ინახება?
- სად მდებარეობს გვირაბები, რომლებსაც ჯო და ჰანტერ ბაიდენის ქონებას მიაწერენ?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელს, ლევან ნავი, წარსულშიც გამოუქვეყნებია საეჭვო შინაარსის ცნობები და ფოტო-ვიდეომასალა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.