14 ოქტომბერს ფეიქბუქ-მომხმარებელმა “მრისხანე ბაბუაწვერა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პარტია “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია დააკავეს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო ბარათზე იაგო ხვიჩიას ფოტოსთან ერთად დატანილია წარწერა: “დაკავებულია პედოფილი”. საინფორმაციო ბარათის აღწერის მიხედვით, იაგო ხვიჩია პედოფილიის ბრალდებით არის დაკავებული. ვიდეოს ასევე დაურთული აქვს აუდიო, რომელშიც ვისმენთ საინფორმაციო გამოშვების წამყვანის მონათხრობს, რომ დააკავეს სერიული პედოფილი, რომლის მსხვერპლიც ათობით ბავშვია. წამყვანის ტექსტის მიხედვით, პოლიციამ აღმოაჩინა ფაილები – ინტიმური კადრები და ვიდეოები.
ფეისბუქ-პოსტის გაზიარებებში ჩანს, რომ მომხმარებლები იაგო ხვიჩიას შესახებ ინფორმაციას რეალურად მიიჩნევენ და მას ავრცელებენ.

ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს იაგო ხვიჩია პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. რეალურად, “იმედის” საინფორმაციო ბარათი გაყალბებულია, ხოლო დართული აუდიო, რომელშიც ჟურნალისტები პედოფილის დაკავებაზე საუბრობენ, იაგო ხვიჩიას შესახებ არ არის.
ინფორმაცია იაგო ხვიჩიას დაკავებაზე ღია წყაროებით არ გავრცელებულა. მათ შორის, არ გამოქვეყნებულა არც ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ-გვერდზე. რეალურად, საინფორმაციო ბარათი, რომელსაც “იმედის” ლოგო აქვს დართული და პოსტის სქრინშოტი, თითქოს ტელეკომპანიამ აღნიშნული ინფორმაცია გააშუქა, გაყალბებულია.
აუდიოჩანაწერი, რომელიც ვიდეოშია გამოყენებული, იაგო ხვიჩიას არ ეხება. რეალურად, აუდიო 2025 წლის 23 თებერვლის “კურიერი PS-ის” რეპორტაჟის ნაწილია. მასში საუბარია პედოფილიის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც 40 წლის კაცი დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე ინფორმაცია 6 თებერვალს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. ფეისბუქ-გვერდზე განცხადება ასევე იძებნება 2 მაისს – ტექსტში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულის ინიციალები არის “ი.მ”

ვიდეოფაბრიკაცია გამოაქვეყნა ფეისბუქ-მომხმარებელმა სახელით “მრისხანე ბაბუაწვერა”, რომლის მიერ სხვადასხვა ანგარიშით გავრცელებული მსგავსი სტილით გაყალბებული სქრინშოტები და პოსტები, მათ შორის, იაგო ხვიჩიას შესახებ, “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ აქვს გადამოწმებული (1;2;3;4). ანგარიში საკუთარ თავს თედო აბაშიძეს უწოდებს და ამ და სხვა სახელებით არაერთი პროფილი აქვს (1,2;3).
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















