17 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდებმა (1, 2, 3, 4) და ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც ამტკიცებენ, რომ ლონდონში პირველი ჰუმანოიდი რობოტები გამოჩნდნენ. ზოგიერთი პოსტის აღწერის მიხედვით, ისინი ქალაქის ქუჩებში და მეტროსადგურებში დააფიქსირეს და აქვე აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები ერთ-ერთ ყავის მაღაზიაში მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი შეუფერხებლად მუშაობენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების დროს. პოსტებს თან ახლავს რობოტების ამსახველი ვიდეოც.
გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომანიპულაციას შეიცავს და შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ვიდეო ახლადგამოსული ფილმის რეკლამას წარმოადგენს და მასში გრიმით და სპეციალური კოსტიუმით შემოსილ ადამიანებს ვხედავთ.
ვიდეოში ნაჩვენები ოთხივე “რობოტი”, სინამდვილეში ნამდვილი ადამიანია. ისინი მსახიობები არიან, რომლებიც სპეციალური კოსტიუმებით, გრიმებითა და ქცევის მანერით ცდილობენ დაემსგავსონ რობოტებს. ეს კამპანია ემსახურებოდა 2023 წლის სექტემბერში გამოსული ფილმის, The Creator-ის რეკლამირებას, რომელიც კომპანია “დისნეის” მფლობელობაში მყოფმა კინოსტუდია 20th Century Studios-მა გადაიღო. კადრებზე დაკვირვებითაც ირჩევა, რომ “რობოტებს” უნიფორმებზე ფილმის სახელის წარწერა აქვთ გაკეთებული.

ვიდეოს გადასამოწმებლად, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AFP “დისნეის” დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენელმაც მათ დაუდასტურა, რომ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნებები ნამდვილი ადამიანები არიან.
ვიდეოში ნაჩვენები პირების ფოტოები კინოსტუდია “დისნეიმ” მათ საიტზეც გამოაქვეყნა, სადაც ისინი ზუსტად ისევე არიან ჩაცმულები, როგორც ვიდეოში.

ფილმ The Creator-თან დაკავშირებით ლონდონში ჩატარებული სარეკლამო კამპანია არ ყოფილა ერთადერთი რეკლამა. ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე მსგავსი პეფორმანსი მოეწყო, სადაც რობოტებივით გამოწყობილი მსახიობები სხვადასხვა აქტივობებს ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ამერიკული ფეხბურთის მატჩი და საავტომობილო შეჯიბრი ტეხასში. ცნობილი საერთაშორისო მედია “როიტერსი” ამერიკული ფეხბურთის მატჩზე დამსწრები “რობოტების” შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა “დისნეის”, რომელთაც განაცხადეს, რომ ვიდეოში “რობოტებად” გამოწყობილი მსახიობები ჩანან და ნამდვილი ჰუმანიოდი რობოტები მათ კამპანიაში არ გამოუყენებიათ.
არქივი: რადიო თბილისი; Spnews; რაუ ლი;
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.