16 მარტს ფეისბუკის რუსულენოვან და ქართულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4, 5) აქტიურად გავრცელდა ბრიტანული ყოველდღიური გაზეთის Hull Daily Mail -ის გარეკანი. ფოტოზე შემდეგი წარწერაა: „ კურსკის ოლქში 70 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ამაოდ დაიღუპა.” ფოტოზე დატანილი თარიღის მიხედვით, აღნიშნული ნომერი 2025 წლის 13 მარტს გამოიცა. ანგარიშები წერენ, რომ დასავლური მედია აღშფოთებულია უკრაინელი ჯარისკაცების დაღუპვით და ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვით.
Hull Daily Mail – ის სახელით გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. გამოცემას არც 13 მარტს და არც სხვა დღეეში მსგავსი გარეკანი არ გამოუყენებია.
Hull Daily Mail -ის საიტზე და სოციალური ქსელის ანგარიშებზე მსგავსი გარეკანი არ იძებნება. გამოცემა ყოველდღიურია და ნომერი 13 მარტსაც გამოვიდა, თუმცა გარეკანი გავრცელებულისგან განსხვავებულია. მსგავსი გარეკანი არც საარქივო მასალებში იძებნება. მსგავსი ვიზუალი არც გამოცემის საიტზე და სოციალური ქსელის ანგარიშებზე იძებნება: Facebook, Instagram, X).
13 მარტის ნომრის გარეკანზე უკრაინის საკითხზე საერთოდ არ არის საუბარი და მთავარი სათაური შემდეგია: “ბიჭი დამნაშავედ ცნეს გოგონას ხმლით მკვლელობის მცდელობაში”.


გამოცემა Times-ის თანახმად, 15 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. “მოსურნეთა კოალიცია” კონტიგენტს ჩამოაყალიბებს და უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნების გარანტად უკრიანაში 10 ათასზე მეტი მშვიდობის დამცველი გაიგზავნება. აღსანიშნავია, რომ სტარმერმა უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე ადრეც ისაუბრა. მან 17 თებერვალსაც განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინაში თავისი სამხედროები გაგზავნოს სამშვიდობო შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად.
წყაროს შესახებ:
ერთ-ერთ პირი, ვინც ყალბ გარეკანს აქვეყნებს, უკრაინის ყოფილი სახელმწიფო მოხელე Andrii Telizhenko-ა, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ანდრიი ტელიჟენკოს რუსეთთან კავშირების გამო ამერიკის სახაზინო სანქციები შეეხო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.