ჰქონია თუ არა ტერიტორიული და ეკონომიკური წინსვლა რუსეთს საქართველოში “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

ქართული ოცნება
1.3k
VIEWS

17 სექტემბერს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  რუსეთის საქართველოში როგორც ეკონომიკურ ასევე ტერიტორიულ წინსვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლება იყო, რომლის პირობებში, რუსეთს საქართველოში არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური წინსვლა არ ჰქონია.

ირაკლი კობახიძე: “პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში. ეს არის ფაქტები.“

ქართული ოცნებ

ირაკლი კობახიძის განცხადებები მანიპულაციურ და მცდარ ინფორმაციას შეიცავს: 

1) მართალია, 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ფორმალური ანექსია, თუმცა ბორდერიზაცია აჩვენებს, რომ რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიული ცვლილებები მაინც მიმდინარეობს. რუსული ძალები, “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ადმინისტრაციული საზღვრების გადატანას ახორციელებენ, რაც „მცოცავი ოკუპაციის“ სახელით არის ცნობილი. ეს პროცესი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ზღუდავს მის გავლენას იმ რეგიონებზე, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად მდებარეობს;

2) საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ენერგეტიკის სექტორებში, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენას საქართველოზე, ბოლო წლებში კი ეს გავლენა გაიზარდა.

  • როგორ ხორციელდება ბორდერიზაცია საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაცია და ბორდერიზაცია განსხვავებული ცნებებია, ორივე არის ინსტრუმენტი, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის განსახორციელებლად. ოკუპაცია გულისხმობს რუსეთის კონტროლს აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთზე”, ხოლო ბორდერიზაცია არის ამ კონტროლის გამყარებისა და გაფართოების მიმდინარე პროცესი ადგილზე დე ფაქტო საზღვრების შეცვლით. ორივე პრაქტიკა არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ფართოდ არის დაგმობილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

ოკუპაცია მოიაზრებს უცხოური სამხედრო ძალის მიერ გარკვეული ტერიტორიის კონტროლს ლეგიტიმური სუვერენული ხელისუფლების თანხმობის გარეშე. რუსეთი აღიარებს და მხარს უჭერს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებს, გარდა ამისა, ამ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განლაგებულია სამხედრო ძალები.

ბორდერიზაცია გულისხმობს საზღვრის მსგავსი სტრუქტურების – როგორიცაა ღობეები, ბარიერები და სასაზღვრო ნიშნები – საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ეტაპობრივად აღმართვას და გადაადგილებას. ამ პროცესს რუსული ძალები და “სამხრეთ ოსეთის” სეპარატისტული ხელისუფლება ხელმძღვანელობს.

ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“ ხშირად გამოიყენება ბორდერიზაციის აღსაწერად, რადგან ის გულისხმობს ოკუპირებული რეგიონების გაფართოებას ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გარეშე. შესაბამისად, ბორდერიზაცია ნიშნავს რუსეთისა და სეპარატისტების კონტროლის ნელ-ნელა დამყარებას  და გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ბორდერიზაცია საქართველოსთვის ამ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას ართულებს და ასევე, ბორდერიზაციის პროცესი ზღუდავს საქართველოს გავლენას საქართველოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზებთან არებულ რეგიონებზე.

აღსანიშნავია, ისიც რომ ბორდერიზაციას ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზული ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვა. სასაზღვრო ხაზების გადაადგილებისას ადგილობრივებმა დაკარგეს წვდომა თავიანთ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სახლებსა და ინფრასტრუქტურაზე.  ადგილობრივებ მცხოვრებლებს აკავებენ ამ ახალი „საზღვრების“ გადაკვეთისას ისეთ რესურსებზე წვდომისთვის, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ტყე, საძოვრები, ეკლესია, სასაფლაო და ა.შ. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად იუწყება რუსული და “სამხრეთ ოსეთის” ძალების მიერ როგორც ბორდერიზაციის ასევე უკანონო დაკავების რეგულარულ ინციდენტებზე. ეს პრაქტიკა დადასტურებული და დაგმობილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, რომელიც მუდმივად აკვირდება და აღწერს  რუსეთის მხრიდან ბორდერიზაციის პროცესებს. 

„ბორდერიზაციის“ პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა, თავად პროცესი 2011 წელს დაიწყო, რამაც  2013 წლიდან ინტენსიური ხასიათი მიიღო. იმის გასაგებად, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ მიწაზე დაკარგა საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში, გამოცემა „ბათუმელებმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2020 წელს მიმართა და სთხოვა, მოეწოდებინა იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარეობს ბორდერიზაცია. სუს-ის მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს იმ სოფლების სრულ ჩამონათვალს, სადაც საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს აბამენ. უწყებაში ასევე არ უპასუხეს კითხვას, რამდენ კვადრატულ კილომეტრზე დაკარგა ქვეყანამ კონტროლი. ზუსტი პასუხი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ინსტიტუციისგან  ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის შესახებ, რომელიც ბორდერიზაციის შედეგად გაიზარდა, ვერც “აი, ფაქტმა” მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშებიდან, რომელიც  2015-2022 წლებს მოიცავს, მხოლოდ 2019 წლის ანგარიშშია მოცემული ინფორმაცია საუკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დაახლოებით 430 მეტრის სიგრძეზე უკანონოდ ლითონის მწვანე ღობის შესახებ, რომლის შედეგადაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი და სარწყავი არხის ნაწილი მოექცა.  2015, 2016, 2017 და 2020 წლის ანგარიშებში გვხვდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბრალდებით დაკავებული პირების რაოდენობა (ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჯამში 599). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  2018 წლის და 2022 წლის ანგარიშებში ზოგადად ნათქვამია, რომ მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა. 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ბორდერიზაციის 16, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით  კი 60 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ ანგარიშებიდან ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების მასშტაბის შესახებ ზუსტი სურათის დადგენა შეუძლებელია. 

ედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმების მონაწილეობით, დაიღუპა 5 ადამიანი: დავით ბაშარაული – 2014 წელი, გიგა ოთხოზორია – 2016 წელი, არჩილ ტატუნაშვილი – 2018 წელი,  ირაკლი კვარაცხელია – 2019 წელი, თამაზ გინტური – 2023 წელი.

  • გაიზარდა თუ შემცირდა რუსეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოში?

რუსეთისა და საქართველოს შორის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ კომპლექსურია, რაც მოიცავს ბორდერიზაციის პროცესს, რუსული ეკონომიკური გავლენის ზრდას და ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში დამოკიდებულების გაძლიერებას. მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით გაძლიერდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. 2023 წლის მდგომარეობით, რუსეთი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების, განსაკუთრებით ღვინისა და მინერალური წყლის ძირითადი ბაზარს წარმოადგენდა. ექსპორტი რუსეთში  ძირითადად მოიცავს ღვინოს, სპირტიან სასმელებს მინერალურ წყალს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ხოლო რუსეთიდან ხორციელდება ნავთობის და ბუნებრივი აირის, საკვებისა და სხვა წარმოებული საქონელის იმპორტი. საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობაში ეკონომიკური პროგრესი შეინიშნება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მტკიცებას, რომ რუსეთს საქართველოში ეკონომიკური წინსვლა არ ჰქონია.

  • სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2024 წლის დასაწყისში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2021 წელთან შედარებით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება “კვლავ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2,3%-ით გაიზარდა და 657 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რუსეთის ბაზარი კი საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10,8%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს  ეს მაჩვენებელი 2% იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან 2023 წლამდე საქართველოს ექსპორტი რუსეთში 440%-ით გაიზარდა, რაც ეკონომიკურ კავშირების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. 

ქართული ოცნებ
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წელს ქართული ღვინის ექსპორტის 65% რუსეთში გავიდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდა. 

ქართული ოცნებ
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

2023 წელს რუსეთიდან იმპორტმა შეადგინა 1,7 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 71%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. 2023 წელს საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 11.3%, 2012 წელს კი 5,9% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ  რუსული საქონლის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 2012 წლიდან 2023 წლამდე თითქმის ორჯერ გაიზარდა.

ქართული ოცნებ
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

ძირითადი იმპორტირებული საქონელია ნავთობი, ბუნებრივი აირი, საკვები პროდუქტები და ფოლადი. 2020 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი რუსული ბუნებრივი აირი მოიხმარა საქართველომ. 2023 წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტმა 596 მლნ კუბ მეტრი შეადგინა და საქართველოს შიდა მოხმარებაში რუსული ბუნებრივი აირის წილი 20%-მდე გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 16% იყო, სახეზე გვაქვს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. 

განსხვავებული სიტუაციაა რუსული ელექტოროენერგიის მოხმარების კუთხით და აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში რუსულ ელექტროენერგიას საქართველოში მცირე წილი უჭირავს, 2023 წელს რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე ისევ მაღალია. 2023 წელს რუსეთიდან 92 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი და ფქვილი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის და ფქვილის 97% წარმოადგენდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება ძირითადად, საავტომობილო საწვავის, შავი ლითონების და სურსათის იმპორტის ზრდის გამო.

ფაქტობრივად, 2023 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 47%-ით მეტი იყო, ვიდრე 2021 წელს. ღვინის მზარდი ექსპორტი რუსეთში და რუსული ენერგეტიკული იმპორტის მზარდი წილი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად კრიტიკული რჩება რუსეთის ბაზრები საქართველოსთვის.

  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 

2022 წელს რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია 108 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 71 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდა უძრავ ქონებას, 27 მილიონი აშშ დოლარი მშენებლობაზე, 15 მილიონი აშშ დოლარი კი IT სექტორში დაიხარჯა. 2023 წლის პირველ სამ კვარტალში რუსეთმა საქართველოში 67 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც 17%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რუსული პირდაპირი ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან და ფინანსებთან. რუსული ინვესტიციების ზრდა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა უძრავი ქონება და ფინანსები, ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ გაფართოვდა რუსეთის ეკონომიკური აქტივობა საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. 

  • რუსული კომპანიები საქართველოში

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ჩამოაყალიბეს სხვადასხვა ბიზნესი საქართველოში. 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში დარეგისტრირდა 34 000 რუსული კომპანია, რომელთაგან 77% 2022 წლის მარტის შემდეგ დაარსდა. აქედან, აბსოლუტური უმრავლესობა (96%) იყო ინდივიდუალური მეწარმეები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა; 2024 წლის სექტემბერში “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) გამოაქვეყნა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების შესახებ კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული ბიზნესების რაოდენობა 2024 წლის ზაფხულის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა. IDFI-ის თანახმად, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში უკვე 37 400-მდე კომპანია იყო, ეს კი საქართველოში არსებული აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8%-ზე მეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული კომპანიების გარკვეული ნაწილი სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს, უფრო ზუსტად, გზების და ავტობანების მშენებლობის მიმართულებით. მაგალითად, შპს “ზუგდიდის საგზაო სამმართველოს”, რომლის 51%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ივანოვი ფლობს, 56 მოგებულ ტენდერში ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20, 725, 249 მლნ აქვს მიღებული. რუსული კავშირის მქონე კომპანიები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესშიც. მაგალითად, 2024 წელს გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ აუქციონში კომპანია “ტიბინი ჯგუფმა” გაიმარჯვა და 6,5 მლნ ლარად აიღო თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიის 50%-ს რუსეთის მოქალაქე იაჰია აუდახი ფლობს, 50%-ს კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ზურაბ ახალაია.

  • ტურიზმი და მიგრაცია

ტურიზმი იყო საქართველო-რუსეთის ეკონომიკური კავშირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სექტორი. 2023 წელს საქართველოში 1,4 მილიონი რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 20,1%-ს შეადგენს. ეს არის 30%-იანი ზრდა 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ რუსეთიდან იყო შემოსული. 2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა (215 468) თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების (254 577 ადამიანი) რაოდენობას ჩამორჩა და მეორე ადგილას გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა დიდი ნაწილი გრძელვადიანი იმიგრანტია.  2022 წელს რუსეთის  62 300 მოქალაქე დაფიქსირდა საქართველოში იმიგრანტად, რაც ცხადყოფს რუსეთის როგორც ფიზიკურ ისე ეკონომიკურ არსებობას საქართველოში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist