7 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა Oboladze Gia გაავრცელა ფოტო, აღწერით: ,,დავიშალეთ, მოდიან”. ფოტოზე ადამიანები სხვადასხვა ნიღბით არიან გამოსახული. პოსტით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ის ახლაა გადაღებული და ე.წ. “აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტს უკავშირდება.
გავრცელებული ფოტო მიმდინარე საპროტესტო აქციებს არ ასახავს; ის 2013 წელსაა გადაღებული. ამჟამად ის კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ადამიანები შეცდომაში შეჰყავს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბანერი და მასზე დატანილი მმართველი ძალის, ,,ქართული ოცნების” პარტიული სიმბოლიკა ჩანს, რაც ფოტოს გადაღებისა და გამოქვეყნების თარიღების თანხვედრას ეჭვქვეშ აყენებს.
იდენტური ფოტო 2013 წელს ონლაინმედია Agenda-მ გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ფოტო 2013 წლის 31 ოქტომბერს, ,,ჰელოუინის” ღამეს თბილისშია გადაღებული. ფოტოზე ასახული პირები Agenda-ს სხვა ფოტოებშიც ჩანან.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია. ასეთ ცნობებს ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს, მათ შორის, მან ვიზუალური მანიპულაციის არაერთი შემთხვევა გამოავლინა:
- თბილისის საპროტესტო აქციებზე ჰომოფობიური შინაარსის ფოტომანიპულაცია ვრცელდება
- თბილისი თუ ბარსელონა – სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციებს უკავშირებენ
- ვინ გააყალბა საპროტესტო პოსტერი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი Oboladze Gia პარტია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ის ,,მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა. ასევე, Oboladze Gia-მ არაერთხელ გაავრცელა შეცდომაში შემყვანი ცნობები.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.