22 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “Gvanca Grimaldi” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც წერს, რომ ჰავაიზე ხანძარი “ჰაარპით” გაჩნდა, რასაც ღრუბლიდან წამოსული სხივი ადასტურებს. ვიდეოში ჩანს ძლიერი აფეთქება, რომელსაც მოყვება მაუის კუნძულზე მომხდარი ხანძრის შედეგად გამოწვეული შედეგების ფოტოების კოლაჟი.
6 სექტემბერს ფეისბუქზე კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც იგივე კადრები გვხვდება.
მტკიცებები იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახულია “ჰაარპის” მიერ კუნძულ ჰავაიზე გამიზნულად გამოწვეული ხანძარი ან ლაზერული იარაღის გამოყენების კადრები, დეზინფორმაციულია. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენები კადრები ჩილეშია გადაღებული და ის ძლიერი ქარის დროს ტრანსფორმატორის აფეთქებას ასახავს.
ცნობილმა ბრიტანულმა მედია BBC-იმ აღნიშნული ვიდეოს გადამოწმებისას დაადგინა, რომ ვიდეოში ნაჩვენები აფეთქება არა მაუიზე, არამედ ჩილეს ქალაქ მაკულში მოხდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა ადგილობრივმა ტელეარხმა CHVNoticias-მ, რომლის მიხედვითაც კადრებში ნაჩვენებია ტრანსფორმატორის აფეთქება, რაც ძლიერი ქარით იყო გამოწვეული. როგორც მათი სიუჟეტის, ისე “მითების დეტექტორის” კვლევის ფარგლებში ვიდეოს შესწავლისას, შენელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯერ ქუჩაში ხდება აფეთქება და ცისკენ მიმართული სხივი მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება.
CHVNoticias-ს სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ცისკენ მიმართული სხივი კამერის მიერ შექმნილი ანარეკლია.


Gvanca Grimaldi-ის მიერ გავრცელებული ვიდეო იმავე მოვლენას ასახავს, თუმცა კადრი სარკისებურად არის შებრუნებული.

ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ჰაარპი” ამერიკის არმიის მიერ შექმნილი იარაღია და მას იყენებენ, როგორც ადამიანის გონების კონტროლისთვის, ისე მიწისძვრების, ცუნამების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების ხელოვნურად გამოწვევისათვის. რეალურად, HAARP-ი, ანუ ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალების ინიციატივით 1990-იან წლებში შეიქმნა და იონოსფეროს (ატმოსფეროს ნაწილი დედამიწის ზედაპირიდან 50 კმ-ის სიმაღლეზე) კვლევისთვის არის განკუთვნილი. მეცნიერების განმარტებით, HAARP-ის საშუალებით ამინდზე, მით უფრო, გონებაზე კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
ჰავაის კუნძულზე გაჩენილი ხანძარი არაერთხელ დაუკავშირეს, როგორც “ჰაარპს”, ისე სხვა ენერგეტიკული ტიპის იარაღს. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალებში:
- ატმოსფეროს კვლევები თუ გონების კონტროლი?
- გადაურჩა თუ არა ჰავაის სტიქიას ბეზოსის, მასკის და გეიტსის სახლები?
- ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით მხოლოდ შენობები დაიწვა
- ვიდეომანიპულაცია, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების ხელოვნურად გამოწვევა იწინასწარმეტყველეს
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში “Gvanca Gmiraldi” ანტიდასავლური და შეთქმულების თეორიის შემცველ პოსტებს ხშირად აზიარებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორსაც” გადაუმოწმებია.
ფეისბუქ ანგარიში “ნამდვილი მეგობარი” ანტიდასავლური და კონსპირაციული სახის ინფორმაციებს აზიარებს. დეზინფორაციული ტიპის პოსტი მას აქამდეც გაუვრცელებია.
არქივი: 1
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.