24-25 ივნისს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჰარვარდის უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებების შედეგად სულ მცირე 377 000 ადამიანი გაქრა. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ადამიანთა ნახევარი ბავშვია. რუსულენოვანი ანგარიში კი წერს, რომ ეს მონაცემები ეყრდნობა ისრაელელი მკვლევრის იააკოვ გარბის მიერ ჰარვარდის მონაცემთა ბაზაზე გამოქვეყნებულ სტატიას.
ინფორმაცია, თითქოს ჰარვარდის უნივერსიტეტთან დაკავშირებული კვლევით დგინდება, რომ 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორიდან 377 000 პალესტინელი გაქრა, მცდარია. აღნიშნული კვლევა მსგავს მტკიცებას არ შეიცავს და სინამდვილეში ის ეხება ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საკითხს. გარდა ამისა, ანგარიში ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ არ არის მომზადებული. კვლევის ავტორი ისრაელელი მეცნიერი/მკვლევარი იააკოვ გარბია, რომელმაც ის ჰარვარდის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში გამოაქვეყნა.
გასული დღეების მანძილზე გავრცელებული მტკიცება არაერთმა მედიამ თუ პოლიტიკოსმა გაავრცელა. ინფორმაცია France 24-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. France 24-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ კვლევა, რომელსაც ეს ინფორმაცია ეყრდნობა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ არ არის ჩატარებული, არამედ ისრაელელი მეცნიერი/მკვლევარი იააკოვ გარბის ეკუთვნის, რომელმაც მისი ნაშრომი ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ მართულ მონაცემთა ბაზის საიტზე გამოაქვეყნა. აღნიშნული საიტი მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს მათი ნაშრომები გამოაქვეყნონ და მკითხველთათვის ხელმისაწვდომი გახადონ.
- რა წერია კვლევაში?
ისრაელელი მეცნიერი გარბის კვლევა ეხება ღაზას სექტორში ისრაელის, აშშ-სა და ღაზას ჰუმანიტარული ფონდის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ, მკვლევარი განიხილავს მათ მდებარეობას და სტრუქტურას. იგი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ცენტრებისგან შორს ცხოვრობს და ასკვნის, რომ ისინი ისრაელის სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად არის დაპროექტებული. მისივე ანალიზით, კვლევა არ პასუხობს რეალურ ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ანგარიშში არ გვხვდება იმის ანალიზი, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა ომის დაწყების შემდეგ. თუმცა, ამავე კვლევაში, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გვხვდება სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია ღაზას სექტორში არსებულ 3 დიდ კლასტერში დარჩენილი. ნაშრომის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ამ დროისთვის ქალაქ ღაზაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ალ-მავასის რეგიონში 500 000, ხოლო ღაზას სექტორის ცენტრში 350 000. ეს რიცხვები მოცემულია დამატებითი ანალიზის გარეშე და მკვლევარი ნაშრომში არ იყენებს იმის გამოსათვლელად, თუ მოსახლეობის რაოდენობის რა ცვლილება ფიქსირდება ღაზაში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ.
მტკიცება, თითქოს ზემოაღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ ღაზაში 377 000 ადამიანი არის გამქრალი, თავდაპირველად ონლაინ ბლოგზე გამოქვეყნდა, Maximilian-ის სახელით ცნობილი მომხმარებლის მიერ. მან შეაჯამა კვლევაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები და დაწერა, რომ ამჟამად სექტორში 1,85 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც კონფლიქტის დაწყებამდე მათი რაოდენობა 2,227 მილიონს შეადგენდა. მისივე ანალიზით, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 377 000 ადამიანი გაქრა.
France 24 დეტალების დასაზუსტებლად კვლევის ავტორს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემებისთვის მედიაში გავრცელებულ ცნობებს იყენებს, რომელიც თავის მხრივ ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციას ეყრდნობა. მან ასევე განმარტა, რომ ის არ ამტკიცებს, რომ ამ სამ კლასტერში ღაზას მოსახლეობის 100% ცხოვრობს, ამიტომ მათი რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყოს. დამატებით, იააკოვ გარბიმ მონაცემების გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ მან კვლევაში შეცდომა დაუშვა. კერძოდ, მედიაში გავრცელებულ სტატიაში, რომელსაც მისი სტატისტიკა ეყრდნობა, წერია, რომ ალ-მავასის რეგიონში 700 000 ადამიანი ცხოვრობს, მან კი შეცდომით 500 000 დაწერა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მავასის ტერიტორიაზე 700 000, ცენტრალურ ღაზაში 350 000, ხოლო ქალაქ ღაზაში 1 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
ღაზაში არსებული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 24 ივნისისთვის, 2023 წლის ოქტომბრიდან სექტორში 56 077 ადამიანია გარდაცვლილი, 132 848 დაჭრილი, 11 000 კი დაკარგული.
წყაროს შესახებ:
ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ულტრამემარჯვენე ჯგუფის „ქართული მარში“ წევრიც იყო. ნემსაძე ხშირად ავრცელებს ჰომოფობიურ, სიძულვილის ენის შემცველ და ანტიდასავლური გზავნილებს. ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.